ფეხბურთი

0:02 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ბაიერნთან" უპირატესობა შეინარჩუნა

გერმანიის ბუნდესლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ ჯერ კიდევ პარასკევს განახლდა, თუმცა მე-18 ტურის მატჩების უმეტესი ნაწილი შაბათს გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა „რედ ბულ არენაზე“ შედგა, სადაც „ლაიფციგმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა.

„დორტმუნდმა“, რომელიც საჩემპიონოდაა მომართული, „ბაიერნის“ გამარჯვებას მნიშვნელოვანი, თუმცა რთული გამარჯვებით უპასუხა. ლუსიენ ფავრის გუნდს ადვილი თამაში რომ არ ელოდა, ეს იმთავითვე ნათელი იყო. ამიტომაც, „დორტმუნდს“ ამჯერად არ მოუწყვია გოლეადა, ფიესტა, მაგრამ შედეგი მაინც მიიღო. აქსელ ვიტსელმა მატჩის დასაწყისშივე დააწინაურა საკუთარი გუნდი და სტუმრებმა ბოლომდე მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ ისევ 6 ქულით უსწრებს და მეორე წრე კარგ განწყობაზე დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „გლადბახმა“ ლევერკუზენში მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ალესან პლეამ „ბაი არენაზე“ პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა ანგარიში და მისმა გუნდმა უპირატესობის დაცვა შეძლო. შედეგად, „გლადბახი“ ისევ მესამეა და ასე თუ გააგრძელებს, მესამე პოზიციაში ვერავინ შეეცილება.

„ლაიფციგის“ წაგებით კარგად ისარგებლა „აინტრახტმა“, რომელმაც საკუთარ კედლებში „ფრაიბურგი“ ძალზე ადვილად დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთ ქულამდე მიუახლოვდა. სწორედ ეს განსხვავებაა ახლა „აინტრახტსა“ და „ლაიფციგს“ შორის.

ცუდ დღეშია „შტუტგარტი“, რომელიც პლეი-აუტის ზონაშია და დროულად გამოფხიზლება მართებს, თორემ მეორე ბუნდესლიგას დაუბრუნდება. „შვაბებმა“ „მაინცისგან“ სამი გოლი მიიღეს „მერსედეს ბენც არენაზე“ და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ გამოფხიზლდნენ, მაინც უქულოდ დარჩნენ.

დიუსელდორფის „ფორტუნმა“ უშუალო კონკურენტი „აუგსბურგი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები შემატა საკუთარ აქტივს. იგივე უნდა ვთქვათ, „ვერდერზეც“, რომელიც გასავარდნ ზონაში და ერთობ უფერულად მობურთალ „ჰანოვერს“ გასვლაზე მილოტ რაშიცას კინკილა გოლით გაუსწორდა.

„ლევერკუზენი“ – „გლადბახი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 პლეა (37)

„აინტრახტი“ – „ფრაიბურგი“ 3:1 (3:0)

გოლები: 1:0 ჰალერი (36), 2:0 რებიჩი (40), 3:0 იოვიჩი (45), 3:1 პეტერსენი (69)

„აუგსბურგი“ – „დიუსელდორფი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დუხში (45), 1:1 შმიდი (64), 1:2 რამანი (89)

„ჰანოვერი“ – „ვერდერი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 რაშიცა (32)

„შტუტგარტი“ – „მაინცი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბოეთიუსი (22), 0:2 მატეტა (28), 0:3 ჰაკი (72), 1:3 გონსალესი (83), 2:3 კემპფი (85)

„ლაიფციგი“ – „დორტმუნდი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვიტსელი (19)

თეგებიბუნდესლიგა
Loading...
სტატისტიკა
0.250537