კალათბურთი

15:53 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის “რეალში” გოგა ბითაძეს უფრთხიან
ესპანური გამოცემები ქართველ ცენტრს ევროპული კალათბურთის მომავლად მიიჩნევენ

დღეს, გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ევროლიგაში მორიგ მატჩს ჩაატარებს, ჩვენებურს კი კიდევ ერთი გამოცდა ელის. საქმე ის გახლავთ, რომ პოდგორიცელები შინაურ კელებში სახელოვან მადრიდის “რეალს” დაუხვდებიან, რომელიც ტრადიციულად ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიაზრება.

ესპანური გამოცემები მომავალ შეხვედრას აქტიურად ეხმაურებიან, სასიხარულო კი ის გახლავთ, რომ უმთავრესი აქცენტი 19 წლის ქართველ ტალანტზე კეთდება. საქვეყნოდ ცნობილი MARCA და AS “ბუდუჩნოსტის” მხრიდან მთავარ საფრთხეს სწორედ ბითაძეში ხედავენ. აი, რას წერს MARCA სტატიაში სახელწოდებით – “გოგა ბითაძე, უნიჭიერესი ევროპელი, რომელიც მადრიდის “რეალს” ემუქრება.

“2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლუკა დონჩიჩი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე არ ყოფილა. ბევრმა არ იცოდა, რომ მაშინ ამ მხრივ პირველ ადგილზე ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე იყო. პირველმა გაიბრწყინა და სლოვენიის ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა, მეორეს კი თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.

დღეს, დონჩიჩი NBA-შიც უმაღლეს დონეზე ირჯება და ბითაძეც აღარა ჩრდილში. “ბუდუჩნოსტში” გადასვლის შემდეგ, გოგა ევროლიგის უმთავრეს სიურპრიზად იქცა. მან ჯერ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა, უკვე სახელდება თავისი თაობის უნიჭიერეს წარმომადგენლად.

პარასკევს მონტენეგროში სათამაშოდ “რეალი” ჩავა და მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს, თუმცა, ბევრი შრომა მოუწევს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის გასანეიტრალებლად, რომელსაც ევროლიგის მატჩებში დიდებული საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი აქვს – 21.3.

ცხადია, 4 თამაშის თავზე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა, მაინც ვთქვათ: აღნიშნული მაჩვენებლით, გოგა მთელს ევროლიგაში მხოლოდ “ფენერბაჰჩეს” ლიდერ იან ვესელის ჩამორჩება, ამასთან მეხუთეა ქულებსა (14.8) და მოხსნებში (6.8) და პირველი – დაფარებებში (3.3).

ტავარეშს, აიონსა და მადრიდელთა სხვა მაღლებს მართლაც დიდი ყურადღების გამოჩება მართებთ იმ ბიჭის მიმართ, ვინც ევროლიგაში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში, მიუნხენში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 ბლოკ-შოტი მიითვალა, შემდეგ კი, მილანში, 23 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

ქართველ ტალანტს სათანადოდ აფასებს “რეალის” მთავარი მწვრთნელი პაბლო ლასოც, რომელმაც მოახლოებული მატჩის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ბითაძე კარგად თამაშობს. ის ნამდვილი მექულეა, რომელსაც ფარქვეშ დამაჯერებელი მოძრაობები აქვს. ბითაძესთან ერთად ნორის კოულიც უნდა გამოვარჩიო, რომელიც ძალიან გამოცდილი კალათბურთელია და გუნდის აყოლიება შეუძლია. მაღალი დონის მოთამაშეები არიან გორდიჩი, ჯეკსონი, კლარკი, პოპოვიჩი და კლარკეც”.

ბითაძე უკვე მოექცა NBA-ს კლუბების ინტერესის სფეროში და მას 2019 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის ბოლოსკენ არჩევას უწინასწარმეტყველებენ. ბალკანურმა სკოლამ პლანეტის უძლიერეს ლიგას უკვე მისცა ნიკოლა იოკიჩი და ლუკა დონჩიჩი, ახლა კი, მათ გზას ბითაძეც უნდა დაადგეს, რომელსაც ნიჭიერება ნამდვილად არ აკლია”.


ქართველ კალათბურთელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მეორე მადრიდული გამოცემა AS, რომელიც პუბლიკაციას ამ სათაურით აქვეყნებს: “გოგა ბითაძე: მადრიდელები ახალ ევროპელ განძს სტუმრობენ”.
“2.12 მ. სიმაღლის ქართველი ცენტრი “ბუდუჩნოსტის” მაისურით ჩატარებულ ოთხ მატჩში საშუალოდ თხუთმეტ ქულამდე აგროვებს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 21.3-ს უტოლდება. ამ მაჩვენებლებით ნბა-ს დრაფტზე საუკეთესო 15 კალათბურთელს შორის მოხვედრა შეუძლებელი სულაც არ სჩანს.

დღეს, “რეალი” სწორედ პოდგორიცელებს სტუმრობს, რომლებიც ევროლიგას 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ და მართალია, 18 ტურში მხოლოდ 4 მოგება აქვთ, ტურნირზე თავისი სიტყვა უკვე თქვეს: მონტენეგროდან დამარცხებულები დაბრუნდნენ “ბასკონია”, ცსკა და “ბარსელონა”.

“ბუდუჩნოსტის” ახალი მთავარი მწვრთნელი იასმინ რეპეშა გახლავთ, რომელიც “რეალში” მუშაობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, 2011 წელს, მადრიდელებმა მას პაბლო ლასო ამჯობინეს. ახლა, რეპეშას ხელში რამდენიმე გამორჩეული კალათბურთელია: NBA-ს ორგზის ჩემპიონი ნორის კოული, ფორვარდი ჯეიმს ბელი და ცენტრი გოგა ბითაძე, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალი ევროპული საგანძური.

კოული გასულ კვირას “დარუშაფაკასთან” მატჩში გამარჯვების მომტანი ბურთის ავტორი გახდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 21.5 ქულა და 4.3 პასია, თუმცა, მასზე უფრო შთამბეჭდავად ქართველი ბითაძე გამოიყურება: 14.8 ქულა, 6.8 მოხსნა, 3.3 დაფარება და სარგებლიანობის კოეფიციენტი 21.3 საშუალოდ 24:28 წუთში.

თორნიკე შენგელიას თანამემამულემ უკვე წარმოაჩინა, რომ ბევრი რამ შეუძლია. ის მხოლოდ 19 წლისაა ანუ იმავე თაობას ეკუთვნის, რომელსაც დონჩიჩი, თუმცა, მასზე 5 თვით გვიან 20 ივლისს გახლავთ დაბადებული. 2 წლის წინ, გოგასვე თქმით, “მსუქანი ბიჭი” იყო, ახლა კი, ლასოსგან ასეთ დახასიათებას იღებს: ”ის შეტევაში ძლიერია. ქულების აღება შეუძლია პირით შეტევისას და ზურგის ჩაყენებაც კარგად იცის”.

ბითაძე მშობლიური თბილისიდან სერბულ “მეგა ბემაქსში” 2016 წელს გადაბარგდა, მისი საქმეები კი ცნობილმა აგენტმა მიშკო რაზნატოვიჩმა ჩაიბარა. გოგას თავის რიგებში ხილვა ესპანურ “სევილიასაც” სურდა, თუმცა, ქართველმა კალათბურთელმა იმ გუნდში გადასვლა არჩია, რომელიც ტალანტების გამოზრდითაა ცნობილი და ბოლოს ევროპას ნიკოლა იოკიჩი მისცა.

“მეგა ბემაქსის” მთავარი მწვრთნელი, ესპანური ლიგა ენდესას ყოფილი მოთამაშე დეიან მილოევიჩი ახალგაზრდებთან მუშაობითაა ცნობილი და ეს, განსაკუთრებით კარგად ცენტრებთან გამოსდის. მწვრთნელისა და სერბული გუნდის მთელი შტაბის სწორი გარჯა ბითაძესთან დაკავშირებითაც ნათლად სჩანს.

გასულ წელს, ქართველმა კალათბურთელმა NBA-ს დრაფტზე კანდიდატურის დაყენებისგან თავი შეიკავა და როგორც აღმოჩნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. 2019 წლის დრაფტზე მას მე-2 რაუნდში არჩევას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი, ქართველის გვარი უკვე პირველ რაუნდში ფიგურირებს. მეტიც, რამდენიმე ფრანჩაიზში არ გამორიცხავენ, რომ გოგა უკვე მოწინავე თხუთმეტეულის რანგზეა გასული”.


დასასრულ, უკვე ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ “ბუდუჩნოსტისა” და “რეალის” დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” გეგმავს.

ამ დროისთვის, პოდგორიცელები 4 მოგებითა და 14 მარცხით ბოლოსწინა მე-15 ადგილზე არიან, მადრიდელებს კი 15 გამარჯვებითა და 3 წაგებით მე-2 პოზიცია უკავიათ.

“ბუდუჩნოსტის” პრესსამსახურის ცნობით, მომავალ მატჩზე ბილეთები 2 საათსა და 40 წუთში გაიყიდა და “მორაჩა სპორტს სენთერში” სრული ანშლაგია მოსალოდნელი.

Loading...
0.146357