ფეხბურთი

3:20 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: "როდესაც პსჟ-სთან მაკავშირებენ, ტელევიზორს ვთიშავ"

იტალიური „რომასა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველ ლორენცო პელეგრინის ბოლო პერიოდში ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ. როგორც ამბობენ, 22 წლის ფეხბურთელი პარიზელებს ადრიენ რაბიოს შემცვლელად მიაჩნიათ.

თუმცა, თავად პელეგრინი ამაზე არ ფიქრობს. მისი თქმით, როდესაც ტელევიზორში აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ, ტელევიზორს თიშავს და სავარჯიშოდ მიდის. მეტიც, Sky Sport-თან ინტერვიუში ლორენცო ამბობს, რომ „რომას“ კაპიტნობა უნდა.

- როდესაც ტელევიზორს უყურებთ და ამბობენ, რომ პსჟ ზაფხულში ადრიენ რაბიოს შემცვლელად განიხილავს პელეგრინის, რას ფიქრობთ ამ მომენტში?

- არაფერს არ ვფიქრობ, ტელევიზორს ვთიშავ და სავარჯიშოდ „ტრიგორიაზე“ („რომას“ ბაზა - ავტ) მივდივარ.

- ფიქრობთ, რომ ერთ დღეს „რომას“ კაპიტანი გახდებით?

- ჩემთვის ამ ქალაქის სახელის და ამ ფერების დაცვა საპატიოა. ისევე, როგორც ეს იყო ტოტისთვის ან არის ალესანდრო ფლორენცისთვის და დანიელე დე როსისთვის. ამაყი ვიქნები თუ კაპიტანი გავხდები და ამისთვის ვმუშაობ კიდეც.

- რას აირჩევდით: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისევ გასვლას, იტალიის თასის მოგებას თუ სერია A-ს ოთხეულში შესვლას?

- ოთხეული და იტალიის თასი ჩვენი მთავარი მიზანია. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის გამეორებაც კარგი იქნება. ვინაიდან, ჩვენი გულშემატკივრების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც „რომა“ ნახევარფინალში თამაშობდა.

- მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებში ყველაზე ყურადღებით ვის თამაშს აკვირდებით?

- ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოდრიჩმა, როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშე. როცა ბურთს მიიღებდა, უკვე იცოდა, რასაც გააკეთებდა. ეს არის ერთ-ეთი ყველაზე დიდი თვისება, რომელიც ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს.

სტატისტიკა
0.228353