ჩოგბურთი

13:37 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი-ტრავალია: ისევ დილის 04:00 საათიდან

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-2 წრის მატჩსაც თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყებს. თამაში 16 იანვარსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ მე-19 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა 2019 წლის პირველი სლემტურნირის საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კრისტოფერ ეუბანკსი (აშშ) 6:4, 4:6, 7:6 (8:6), 6:3 დაამარცხა, ხვალ დილით კი იტალიელ სტეფანო ტრავალიასთან ჭიდილი ელის.
27 წლის აპენინელმა თამაში ასევე საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, სადაც 27-ე განთესვა ჰქონდა. ტრავალიამ გზიდან სლოვაკი ანდრეი მარტინი (6:3, 6:4), იაპონელი გო სოედა (3:6, 6:3, 7:5) და ბელგიელი კიმერ კოპეიანსი (6:4, 6:2) ჩამოიცილა, ძირითად ბადეში კი არგენტინელ 6:7 (3:7), 6:2, 6:3, 6:2 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ატპ-ს რეიტინგში მე-10 ადგილი უკავია, ტრავალია კი მხოლოდ 139-ეა. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელს კარიერაში პირველად გაეჯიბრება და ცხადია, აშკარა ფავორიტად მოიაზრება. ნიკასა და სტეფანოს შერკინება მელბურნის საჩოგბურთო კომპლექსის მე-20 კორტზე პირველივე წყებაშია დანიშნული.
თუკი ბასილაშვილმა გამარჯვება იზეიმა, “აუსტრალიან ოფენის” მე-3 წრეში მე-14 ნომრად განთესილ სტეფანოს ციციპასსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ვიკტორ ტროიცკის წყვილში უმჯობესს გაეჯიბრება. ბერძენი და სერბი ჩოგბურთელები თამაშს ასევე 04:00 საათიდან მე-3 კორტზე დაიწყებენ.
ვთქვათ ისიც, რომ 16 იანვარს ჩაებმება საქმეში ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც წყვილთა ტურნირში დაიანა იასტრემსკასთან გახლავთ შეამხანაგებული. ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები პირველ წრეში, მე-5 კორტზე, უკრაინელ ნადია კიჩენოკსა და ჩინელ იაფან ვანგს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114517