სხვა

13:15 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მარცხი, გაგამარუს გამარჯვება

2019 წლის პირველი სუპერტურნირის სტარტი წარუმატებელი გამოდგა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძესთვის.

დღეს, დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის გაეჯიბრა და ოშიდაშით დამარცხდა.
მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ ტრავმირებულნი, ფეხშეხვეულნი შეხვდნენ, მოულოდნელი კი ის იყო, რომ იაპონელმა სუმოისტმა ჩვენებური ჯანში დაჩაგრა. სასტარტო შეჯახების შემდეგ, ჰოკუტოფუჯიმ ტოჩინოშინი ბიძგებით დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და რამდენიმე წამში მის მიღმაც გადააგდო.
საინტერესოა, რომ შეჯიბრის პირველი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა სხვა ფავორიტებისთვისაც. წააგეს ოძეკებმა – გოეიდომა და ტაკაიასუმ (შესაბამისად, ნიშიკიგისთანა და იჩინოჯოსთან), იოკოძუნა კისენოსატომ კი კომუსუბი მიტაკეუმისთან წაიფორხილა. მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო იყვნენ, რომელთაც შესაბამისად პირველ მაეგაშირა ტოჩიოძანსა და კომუსუბი მიოგირიუს აჯობეს.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველი გოლიათი დოჰიოზე მე-14 განთესვით გავიდა და სეკიტორის წოდების შესანარჩუნებლად უცილობლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება, ამდენად, მისთვის ყოველი მოგება ძვირფასია.
დღეს, გაგამარუ მე-3 დივიზიონის (მაკუშიტა) ლიდერ კირიბაიამას გაეჯიბრა და მონღოლი მეტოქე ოშიტაოშით დაჯაბნა, ხვალ კი, ძალებს გამოცდილ ჩინელ სოკოკურაისთან (2017 წლის მარტში აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იყო) მოსინჯავს, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (9-9) გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123793