ფეხბურთი

19:20 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" გადადის

საქართველოს ნაკრებისა და პოლონური „პოგონის“ მცველი ლაშა დვალი უნგრეთის ტიტულოვან გუნდ „ფერენცვაროშში“ გადადის. აღნიშნულის შესახებ პოლონური და უნგრული გამოცემები იტყობინებიან.

Pogonportne.pl-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა თურქეთი, სადაც „პოგონი“ შეკრებაზე იმყოფება, უკვე დატოვა და უნგრულ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც აღნიშნული წყარო გვამცნობს, უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერი დვალის სანაცვლოდ 500 ათას ევროს გაიღებს. სტატიაში ნათქვამია, რომ „პოგონისთვის“ ეს სატრანსფერო ფანჯარა ბოლო შანსი იყო, რომ ქართველის სანაცვლოდ თანხა მიეღო, რადგან გუნდთან კონტრაქტი უმთავრდებოდა.

იგივე ინფორმაციის შესახებ წერს უნგრული პორტალი Csakfochi.hu, რომელსაც დასტურად პოლონელი ჟურნალისტის, მაცეი კალიშუკის ტვიტერის პოსტი მოჰყავს. კაშილუკი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ფერენცვაროშს" დვალის შეძენა სურს:

„ინფორმაცია უნგრეთიდან: „ფერენცვაროში“ დაინტერესებულია ლაშა დვალის შეძენით“, - დაწერა პოლონელმა ჟურნალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ დვალს ბოლო დროს ყაზანის „რუბინს“ უკავშირებდნენ და თითქოს რუსეთის პრემიერლიგაში მისი გადაბარგება რეალურიც გახლდათ.

ლაშა დვალი პოლონურ „პოგონში“ 2017 წლიდან თამაშობს და დღემდე 49 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. იქამდე „რედინგის“, „კასიმფაშას“, „დუისბურგისა“ და „სლასკის“ რიგებში უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება "ფერენცვაროშს", უნგრეთში დიდი გუნდია და ქვეყნის ჩემპიონობა 29-ჯერ აქვს მოპოვებული. მიმდინარე სეზონშიც ახლოსაა ტიტულთან - 18 ტურის შემდეგ 39 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ვიდეოტონს" 5 ქულით უსწრებს. საინტერესოა, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულში ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვი გახლავთ.

0.131517