ფეხბურთი

19:44 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი გმირი

იტალიის ნაკრებმა ბოლო დიდ წარმატებას 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მუნდიალზე მიაღწია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. „სკუადრა აძურას“ ტრიუმფს რამდენიმე მთავარი შემოქმედი ჰყავდა და მათ შორის ერთ-ერთი ფაბიო გროსო იყო.

ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონობამდე 5 წლით ადრე იტალიის სერია C2-ში თამაშობდა და ალბათ, საუკეთესო სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც გერმანიის მინდვრებზე 2006 წლის ზაფხულში გააკეთა.

გროსო 1977 წლის 28 ნოემბერს რომში დაიბადა და მისი პირველი საფეხბურთო გუნდი „რენატო კური“ იყო. გუნდი, რომლის სახელი ალბათ ბევრმა თქვენგანმა პირველად გაიგო, იტალიის რანგით დაბალ დივიზიონებში თამაშობდა და ფაბიოც ამ გუნდის შეტევის სულისჩამდგმელი იყო. ჰო, გროსო კარიერის დასაწყისში მარცხენა მცველის პოზიციის ნაცვლად, შეტევის ფლანგზე ირჯებოდა. „რენატო კურიში“ იტალიელმა 1995-1999 წლებში 125 მატჩში 55 გოლი გაიტანა და მერე სერია C2-ის ბინადარ „კიეტიში“ გადავიდა.

არაფრით გამორჩეული გუნდი, რომელსაც იმის ამბიციაც არ ჰქონდა, რომ არათუ ელიტაში, არამედ სერია B-ში ეთამაშა. „კიეტიში“ ფაბიომ 1999-2001 წლებში 68 თამაშში 17 გოლი შეაგდო. სხვათა შორის, აქაც შემტევი ნახევარმცველი იყო და ზურგს 10 ნომერიც უმშვენებდა.

მოულოდნელად, 2001 წლის ზაფხულში გროსო სერია C-დან პირდაპირ სერია A-ში მოხვდა. 24 წლის ფეხბურთელი სერსე კოზმის „პერუჯამ“ მიიწვია, რომელიც იმ დროს კალჩოში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა და არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრაც ჩაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ გროსოს ელიტალურ ლიგაში თამაშის გამოცდილება არ ჰქონია, კოზმის თერთმეტეულში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. პირველივე სეზონში სერია A-ში 24 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

მარცხენა ნახევარმცველიდან მცველად მისი ტრანსფორმაცია 2002-2003 წლების სეზონში მოხდა. სერსე კოზმიმ ჩათვალა, რომ გროსო უფრო პროდუქტიული დაცვის ხაზში იქნებოდა და ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა. კოზმი არ ცდებოდა - ფაბიოს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა - 30 მატჩი, 4 გოლი. შედეგად, ერთ დროს უცნობი ფეხბურთელი უკვე იტალიის ნაკრების კანდიდატთა შორის მოხვდა. თანაც, იმ დროს „სკუადრა აძურაში“ მოხვედრა სულაც არ იყო ისეთი ადვილი, როგორიც შეიძლება დღეს იყოს. 2003 წლის 30 აპრილს, იტალია შვეიცარიას ხვდებოდა, ხოლო გროსომ პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური. ის, ვინც მას იტალიის ნაკრების კარი გაუხსნა ჯოვანი ტრაპატონი იყო.

თუმცა, იმთავითვე ნათელი გახლდათ, რომ ბევრი შრომა მუწევდა იტალიის ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად და ჯანლუკა ძამბროტასთვის კონკურენციის გასაწევად.

2004 წლის იანვარში გროსომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. სერია A-ში მოასპარეზე „პერუჯა“ დატოვა და კარიერა სერია B-ს ბონადარ „პალერმოში“ გააგრძელა. თუმცა, სიცილიელებს პურეჯელთაგან განსხვავებით ამბიციური პროექტი ჰქონდათ. გროსო არ შემცდარა. იმავე სეზონში „პალერმო“ აღზევდა, ხოლო „პერუჯას“ ფინანსური პრობლემები მოეძალა და ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

სწორედ „პალერმოდან“ მიიქცია გროსომ ყურადღება. ამასობაში, იტალიის ნაკრებში ტრაპატონი მარჩელო ლიპის ჩაენაცვლებინა, რომელიც 2004 წლიდან შეუდგა ნაკრების ბირთვის აქტიურ ძიებას და უცნობ ფეხბურთელთა გამოძახებას არ ერიდებოდა. ასე გახდა გროსო იტალიის ნაკრების უცვლელი წევრი და 2005 წლის 3 სექტემბერს, გლაზგოში, შოტლანდიასთან სადებიუტო გოლიც შეაგდო „აძურას“ მაისურით.

„პალერმო“ 2004-2006 წლებში სერია A-ში წარმატებით თამაშობდა და რა გასაკვირია, რომ ლიპიმ, როდესაც 2006 წლის მუნდიალზე წამსვლელი 23-კაციანი სია გამოაქვეყნა, 4 ფეხბურთელი სიცილიურ გუნდს წარმოადგენდა - კრისტიან ძაკარდო, სიმონე ბარონე, ანდრეა ბარძალი და ფაბიო გროსო.

ეს უკანასკნელი ძირითადი შემადგენლობის წევრად მაინც არ მოიაზრებოდა. პირველივე შეხვედრაში განასთან ლიპის ძამბროტას მოსაკლისება ტრავმის გამო მოუწია და გროსომ აფრიკელთა წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. თუმცა, მეორე ტურში აშშ-სთან იტალიას „იუვენტუსის“ განაპირა მცველი დაუბრუნდა და გროსომ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. ბედად, მარჯვენა მცველმა კრისტიან ძაკარდომ ბევრი შეცდომა დაუშვა, ავტოგოლიც გაიტანა და მოკლედ, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ ლიპიმ ცვლილებებს მიმართა.

ძაკარდო შემადგენლობიდან ამოაგდო, ხოლო მარცხენა მცველი ძამბროტა მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. აი, მარცხენა ფლანგზე კი ისევ გროსო გამოჩნდა. როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი გადაადგილება გამოდგა იტალიელთათვის ტრიუმფალურ მუნდიალზე.

გროსო დიდებულად ათამაშდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში. მერვედფინალში, იტალია ავსტრალიასთან მეტად უფერულად გამოიყურებოდა, მთელი მეორე ტაიმიც კაცნაკლულმა ჩაატარა და მოკლედ გადაღლილიც იყო. შეხვედრის ბედი თითქოს დამატებით დროში უნდა გადაწყვეტილიყო, როდესაც გროსო გმირი გახდა. მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე, ყველა დამატებითი 30 წუთისთვის ემზადებოდა, გროსომ მარცხენა ფლანგზე გაიბრწყინა. „აძურას“ მესამე ნომერმა ფლანგზე ფრანჩესკო ტოტისგან გრძელი გადაცემა დაამუშავა და მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა. როდესაც იქ შეაღწია, მის წინ ლუკას ნილი აღმოჩნდა, რომელიც გროსოს არ შეხებია, თუმცა ეს უკვე მეორეხარისხოვანი გახლდათ - ესპანელმა არბიტრმა პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი! შეიძლება ითქვას, სწორედ ამ ეპიზოდმა იტალიის ნაკრების ბედი მთლიანად შეცვალა ჩემპიონატზე. ტოტიმ გროსოს გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და იტალია მეოთხედფინალში გავიდა.

თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან, რაც გროსოს წინ ელოდა. ნახევარფინალში ლიპის გუნდი დორტმუნდში გერმანიას დაუპირისპირდა. ალემანებს ამ ქალაქში არასდროს წაეგოთ, მაგრამ იტალია ოქროს მედლებისთვის იყო ჩასული და „ბუნდესნაკრებთან“ ბრწყინვალე ფეხბურთიც აჩვენა. გროსო კი ისევ გმირი გახდა და ისევ ბოლო წუთზე. 90 წუთში გოლი არ გასულა და დამატებითი დროც უგოლოდ სრულდებოდა. 119-ე წუთზე კი „სკუადრა აძურამ“ კუთხური ჩააწოდა, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ანდრეა პირლომ მიიღო, რომელმაც ბევრი იფიქრა თუ ცოტა, საჯარიმოში ეულად მყოფი გროსო შენიშნა. ალბათ, გერმანელმა მცველებმაც გროსოსგან საფრთხე ვერ იგრძნეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს. ეს დიდი შეცდომა გახლდათ - გროსომ თავისი მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ელეგანტური გოლი შეაგდო და იტალია მუნდიალის ფინალში გაიყვანა!

ფინალი იტალიამ საფრანგეთთან პენალტების სერიაში მოიგო. როდესაც ლიპიმ თერთმეტმეტრიანის შემსრულებელთა სია ჩამოწერა, გროსოს იქ ყოფნა ბევრს გაუკვირდა, თუმცა, სჯობს თავად ლიპის სიტყვები ამოვიკითხოთ, რომელმაც შემდეგ გაიხსენა:

„როდესაც ბოლო პენალტის დამრტყმელი უნდა დამეწერა ბევრი არ მიფიქრია. ვთქვი: გროსო ბოლო წუთების გმირია. მან უკვე ორჯერ მოგვაგებინა უკანასკნელ მომენტში და ამიტომ ახლაც მან უნდა დაასრულოს“.

ლიპის სიტყვები გამართლდა: გროსომ მართლაც ბოლო და გადამწყვეტი სიტყვა თქვა - პენალტი დიდებულად დაარტყა და როდესაც ბურთი ბადეს შეეხო, იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ისე, საინტერესოა, რომ გროსოს თერთმეტრიანების დარტყმის დიდი გამოცდილება არ ჰქონია. 2006 წლის მუნდიალის ფინალამდე ბოლო პენალტი 2001 წლის მაისში ჰქონდა დარტყმული! მაშინ, როდესაც „კიეტის“ ღირსებას იცავდა და სხვათა შორის, ისეთ სტილში გაიტანა, როგორც ბერლინში, 9 ივლისის საღამოს. არადა, როგორი საქმეა, 5 წელი პენალტი არ გქონდეს შესრულებული და უცებ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხუთე, გადამწყვეტი პენალტის შესრულება დაგავალონ?! გროსომ ამ გამოწვევას გაუძლო და სამშობლოში გმირი გახდა.

გმირი, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი ყურადღების ქვეშ არ ყოფილა. გროსომ მუნდიალზე გაბრწყინების მერე „პალერმო“ დატოვა მილანის „ინტერში“ გადავიდა. მერე იყო „ლიონი“ და ბოლოს ტურინის „იუვენტუსი“. იტალიის ნაკრებში 2008 წლის ევროფორუმზე ითამაშა, მეოთხედფინალში ესპანეთთან პენალტი გაიტანა, მაგრამ დამარცხდა. ბოლოს კი „სკუადრა აძურას“ მაისური 2009 წელს მოირგო. ჯამში იტალიელთა რიგებში 48 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა (შოტლანდიასთან, გერმანიასთან, საქართველოსთან და ბულგარეთთან).

კარიერა კი 2012 წელს „იუვენტუსში“ დაასრულა. ახლა იტალიელთა უცნობი გმირი სამწვრთნელო ასპარეზზე ცდის ძალებს. ჯერ „იუვეს“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა (2014-2017), მერე იყო „ბარი“ (2017-2018), ხოლო მიმდინარე სეზონში „ვერონას“ უდგას სათავეში და სერია A-ში აღსაზევებლად იბრძვის.

და მაინც, ფაქტი ერთია: რაც უნდა მოხდეს, ფაბიო გროსო ყოველთვის გაახსენდებათ, როგორც ერთი კონკრეტული ტურნირის მოულოდნელი გმირი!

0.109519