სხვა

14:11 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ოძეკობა შეინარჩუნა, გაგამარუმ სეკიტორის წოდება დაიბრუნა
სუმოს ასოციაციამ წლის დასკვნითი ბანძუკე გამოაქვეყნა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ტრადიციული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე კვლავაც დასავლეთის მე-2 ოძეკის პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა გასულ ბაშოზე მინიმალური დადებითი ბალანსი (8-7) დააფიქსირა, ამდენად, ის, რომ ტიტულს შეინარჩუნებდა, მოსალოდნელიც გახლდათ.


სასიხარულოა, რომ მცირე პაუზის (იგულისხმება 1 სუპერტურნირი) შემდეგ, სეკიტორის წოდებას იბრუნებს გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ცნობილია, რომ ქართველი გოლიათს მძიმე პერიოდი ჰქონდა და ელიტარული მაკუუჩი დივიზიონიდან რანგით მე-3 მაკუუჩი დივიზიონში აღმოჩნდა.
წინა ბაშოზე გაგამარუმ შვიდ ორთაბრძოლაში 5 გამარჯვება იზეიმა და რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოს დაუბრუნდა, თუმცა კი, რეიტინგის ბოლოში, აღმოსავლეთის მე-14 ნომრის პოზიციაზე იქნება და ცხადია, რომ მინიმალური უარყოფითი ბალანსიც (მაკე-კოში) კი, მას ისევ მაკუუჩიში დააქვეითებს.
წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის პირველ სუპერტურნირზე დოჰიოზე სამივე იოკოძუნას ვიხილავთ. ცხადია, ჰაკუჰო, კაკურიუ და კისენოსატო ფავორიტთა შორის იქნებიან, თუმცა კი, ამ უკანასკნელს, სუმოს მამებმა, ფაქტობრივად ბოლო გაფრთხილება მისცეს და კიდევ 1 “ჩავარდნის” შემთხვევაში, შესაძლოა, კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწიოს.


მომავალ ბაშოზე, ტოჩინოშინის გარდა, ოძეკის რანგში გოეიდო და ტაკაიასუ გაირჯებიან, სეკივაკეთა შორის კი ახალ სახეებს ვხედავთ. რანგით მე-3 საფეხურამდე აღზევდა გასული სუპერტურნირის ჩემპიონი და “იმპერატორის თასის” მოქმედი მფლობელი ტაკაკეიშო. აღნიშნული ტიტული დაუბრუნა ვეტერანმა მონღოლმა ტამავაშიმ.
სეკივაკეს ტიტული კომუსუბობაზე გაცვალა ნაგოიას ბაშოს ჩემპიონმა მიტაკეუმიმ. იანვარში ამავე რანგში ვიხილავთ გამოცდილ იაპონელ მიოგირიუს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში გაირჯებიან იაგო, კოტოიუკი და კოტოეკო, ტაკანოშო, ჩიომარუ და არავაში კი, პირიქით ჯურიოში დაქვეითდნენ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 13-27 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.

0.114028