ფეხბურთი

17:35 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლანჩხუთის "გურია" ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევდა

ეროვნული ლიგა 2-ისა და ეროვნული ლიგა 3-ის პლეი-აუტი დასრულდა. 2019 წლის სეზონში ეროვნულ ლიგაში „ცხინვალი“ და ლანჩხუთის „გურია“ ითამაშებენ.

„ცხინვალმა“ რეგულარულ სეზონში სასწაულებრივ მოახერხა პლეი-აუტის საგზურის მოპოვება და აქ ჩოხატაურის „ბახმაროს“ დაუპირისპირდა. სამი დღის წინ ამ გუნდთა პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (2:1) დასრულდა, დღეს კი შეხვედრას ჩოხატაურმა უმასპინძლა. „ცხინვალი“ ამჯერადაც უფრო ძლიერი გამოვიდა, ვარძელაშვილისა და თათხაშვილის გოლებით დაამარცხა მეტოქე, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა. შედეგად, „ცხინვალმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „ბახმარო“ ისევ ეროვნულ ლიგა 3-ში გაირჯება.

გაცილებით დაძაბული გამოვიდა მეორე წყვილი, რომელშიც ლანჩხუთის „გურიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. სამიოდ დღის წინ ლანჩხუთში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო ამჯერზე მატჩი ქუთაისში შედგა. „სამგურალი“ უკეთ გამოიყურებოდა და რიგ ეპიზოდებში აჯობა კიდეც მეტოქეს. პირველი ტაიმი ბექა ბიბილაშვილის გამოდგა. „სამგურალის“ ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა ოთხწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა! ბიბილაშვილმა 28-ე და 32-ე წუთებზე ორჯერ ითამაშა მეორე სართულზე ფანტასტიკურად და ორი კუთხური გოლებით დაასრულა. შედეგად, წყალტუბოელები დაწინაურდნენ ორი მატჩის ჯამში, მაგრამ წინ მეორე ტაიმი გახლდათ. აი, 57-ე წუთზე იმერელთა დაცვის ხაზი უნიათოდ გაისარჯა, რითაც მშვენივრად ისარგებლა გიორგი გაგნიძემ და ერთი ბურთი გაქვითა. სწორედ ეს გოლი გამოდგა ორმატჩიან დუელში გადამწყვეტი და „გურიამ“ 1:2 მარცხის მიუხედავად, მაინც მოახერხა ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნდა. „სამგურალი“ კი, რომელიც ჯერ კიდევ რეგულარულ სეზონში ახლოს იყო ადგილის შენარჩუნებასთან, პლეი-აუტი წააგო და გაისად ეროვნულ ლიგა 3-ში მოსინჯავს ძალებს.

საქართველოში 2018 წლის საფეხბურთო სეზონი ხვალ დასრულდება. გაირკვევა ეროვნული ლიგის ბოლო ორი მონაწილეც. „ვიტ ჯორჯია“ – „სამტრედიას“ უმასპინძლებს (პირველი მატჩი - 2:2), ხოლო „სიონი“ – „გაგრას“ (1:0).

„სამგურალი“ – „გურია“ 2:1 (2:0) - პირველი მატჩი: 0:1

გოლები: 1:0 ბიბილაშვილი (28), 2:0 ბიბილაშვილი (28), 2:1 გაგნიძე (57)

„ბახმარო“ – „ცხინვალი“ 0:2 (0:0) - პირველი მატჩი: 1:2

გოლები: 0:1 ვარძელაშვილი (55), 0:2 თათხაშვილი (90)

სტატისტიკა
0.232109