კალათბურთი

4:00 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატს მიუახლოვდა

სერბეთის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მანამდე დაუმარცხებელ საბერძნეთს დამაჯერებლად – 84:61 (სრული სტატისტიკა) სძლია, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიბრუნა და საქართველოს ეროვნულ გუნდს საქმე ძალიან გაურთულა.

შეგახსენებთ, რომ L ჯგუფში პირველ-მეორე პოზიციებს სწორედ საბერძნეთი და გერმანია ინაწილებენ და მათ ჩინეთში თამაში უკვე განაღდებული აქვთ, ბოლო საგზურისთვის კი სერბეთი, საქართველო და ისრაელი იბრძვიან.
ამ დროისთვის, სერბები აქტივში 6 მოგებაა, ქართველებს 5 გამარჯვება აქვთ, ებრაელებს კი – 4. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, სერბეთს მიზნის მისაღწევად დარჩენილი 2 მატჩიდან ერთის მოგებაც ჰყოფნის, რაც უდიდესი უპირატესობაა.
ალეკსანდარ ჯორჯევიჩის შეგირდებმა, ფაქტობრივად, გადამწყვეტი გამარჯვება დღეს ბელგრადში იზეიმეს, სადაც უმოტივაციო და გადახალისებული შემადგენლობით ჩასულ საბერძნეთს 84:61 სძლიეს.
სლავები თავიდანვე სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ და მართალია, მე-3 მეოთხედში ჩამორჩენა სამ ქულამდეც კი დავიდა, სტუმრებს თამაშის გადარჩენის რეალური შანსი არ ჰქონიათ. შედეგად, ტანასის სკურტოპულოსის ბიჭებმა 9 მოგების მერე, შესარჩევ ციკლში პირველი მარცხი განიცადეს.
ევროლიგის კალათბურთელებით გაძლიერებული სერბების რიგებში საუკეთესო სტეფან იოვიჩი იყო 22 ქულით, ვასილე მიჩიჩმა და მიროსლავ რადულიცამ 13-13 ქულა ჩააგდეს, სტევან იეოლოვაცმა კი – 12. ასევე 12-12 ქულა ჰქონდათ აქტივში ბერძნებს – ლეფტერის ბოხორიდისსა და ხრისტოს სალუსტრისს.
რეალური ბრძოლა არ ყოფილა ტურის მე-3 მატჩში, რომელიც ლუდვიგსბურგში ჩატარდა. გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც საბერძნეთის დარად, თავი ქუდში აქვს, ესტონეთს აუღელვებლად – 87:70 (სრული სტატისტიკა) სძლია. ჰენრიკ რიოდლის ბიჭებთაგან 10-ქულიან ზღვარს იოჰანეს ტიემანი (16), ანდრეას სეიფერტი (14), ნილს გიფი (13) და კარიმ იალოუ (11) ასცდნენ, ბალტიისპირელთაგან კი სიიმ-სანდერ ვენე (18) და რაინ ვეიდემანი (13) აქტიურობდნენ.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საკვალიფაკიო ციკლი გაისად თებერვალში განახლდება და საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუკი ორივე დარჩენილ მატჩს მოიგებს, სერბები კი ორივეში დამარცხდებიან. შეგახსენებთ კალენდარსაც: 21 თებერვალი – საბერძნეთი-საქართველო, ისრაელი-გერმანია, ესტონეთი-სერბეთი; 24 თებერვალი – გერმანია-საბერძნეთი, სერბეთი-ისრაელი, საქართველო-ესტონეთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174957