სხვა

23:33 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყვითელაშვილის გამარჯვება სტამბულში

ნოემბერში მოსკოვში გამართული გრან-პრის მეხუთე ეტაპსა და პრაღის საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლის შემდეგ, მორის ყვითელაშვილისა და ალინა ურუშაძისათვის თურქეთში გამართული “ბოსფორის თასი” მორიგი გამოწვევა იყო.

სტამბულში 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გამართულ ტურნირზე, სულ 24 ქვეყნის 105 მოციგურავე ვიხილეთ. მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე თავიანთი პროგრამები წარმოადგინეს სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და ირაკლი მაისურაძემ, ხოლო იუნიორთა სეგმენტში კი – ალინა ურუშაძემ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორი პროგრამის ჯამში 220.73 ქულით მორისი ტურნირის გამარჯვებული გახდა, ხოლო ირაკლი მაისურაძემ მოკლე პროგრამაში მოპოვებული მესამე ადგილის შემდეგ, ჯამური 179.50 ქულით მეოთხე პოზიცია დაიკავა.
საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა ალინა ურუშაძემაც, რომელსაც 13 ქვეყნის 29 მონაწილეს შორის 144. 66 ქულით მეორე ადგილი ერგო და მხოლოდ უკრაინელ გოგონას ჩამორჩა.
ქართველ სპორტსმენებს თურქეთში ახლდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, სალომე ჩიგოგიძე კი მსაჯთა შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსით.

0.117865