კალათბურთი

21:43 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ-ოდედ კატაში: “თბილისში ურთულეს მატჩს ველი”

ისრაელის საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც ხვალ, 2 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაში ელის, თბილისშია და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს, დავიდ-ოდედ კატაშის მიერ გაწვრთნილმა ებრაელებმა თელ ავივში სერბეთს სძლიეს, ქართველებმა კი ტალინში ესტონეთს მოუგეს.
ორივე ნაკრების აქტივში 4-4 მოგებაა და ისინი 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან მე-3 ადგილზე მყოფ სერბეთს, მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე კი სწორედ ჯგუფის საუკეთესო სამეული გადის.
ისრაელის ნაკრებს თბილისში ვერ ჩამოჰყვა იერუსალიმის “ჰაპოელის” 26 წლის მცველი ბარ ტიმორი, რომელმაც ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა. მის ნაცვლად, სტუმართა განაცხადში 23 წლის იფტაჩ ზივი (“ირონი ნაჰარია”) იქნება. მას ეროვნულ გუნდში დებიუტი სექტემბერში, სწორედ საქართველოსთან საშინაო მატჩში ჰქონდა, რომელიც ილიას ზუროსის შეგირდებმა 85:80 მოიგეს.
დავიდ-ოდედ კატაში (ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს ჩინებული ნაკრები ჰყავს, რომელმაც ესტონეთში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. მთლიანი თამაში ჯერ არ გვინახავს, თუმცა, ვიცით, რომ საქართველო შენგელიას და ჯენინგის გარეშე იყო და მაინც მოიგო.
მეტოქეს კარგის მსროლელები ჰყავს და ფარქვეშაც მათ დიდი ძალა გააჩნიათ. საქართველოს ნაკრები ჭკვიანურად თამაშობს, ამდენად, ურთულეს მატჩს ველი. კარგია, რომ ჩემი გუნდიც სასურველ კონდიციებშია და ბიჭების იმედი ნამდვილად მაქვს”.
გაი პნინი (ისრაელის ნაკრების კაპიტანი): “ისევე უნდა განვაგრძოთ, როგორც ისრაელთან ვითამაშეთ. დასამახსოვრებელი გამარჯვება ვიზეიმეთ და თბილისშიც 100%-ანი კონცენტრაციაა საჭირო. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს საშინაო მატჩებზე დიდი მხარდაჭერა აქვს და ამ ფაქტორსაც მომზადებულები უნდა შევხვდეთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112013