სხვა

17:15 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიუშიუ ბაშოს შედეგები

როგორც უკვე ვიუწყებოდით, სუმოში 2018 წლის დასკვნითი სუპერტურნირის გამარჯვებული 22 წლის ტაკაკეიშო გახდა, რომელმაც გასულ შეჯიბრზე 13 მოგება იზეიმა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ახლა, კიუშიუ ბაშოს შედეგებზე უფრო დაწვრილებით ვთქვათ.

იაპონელი ტაკანობუ სატო 5 წლიდან, მამის მსგავსად, კარატეს მიმდევარი იყო, 8-დან კი სუმოზე გადაერთო. ის ბავშვობაში დაბალი და მსუბუქი გახლდათ და თანატოლებთან ჭიდილში მავაშიში ჩაჭიდებას ვერაფრით ახერხებდა, ამდენად, მშობლის რჩევით აქცენტს ბიძგებზე აკეთებდა.

12 წლიდან მოყოლებული, ტაკანობუ წელიწადში 365 დღე ვარჯიშობდა, ვახშამზე კილოგრამ ხორცსა და ორ ლიტრ რძეს მიირთმევდა და დღე-ღამეში მინიმუმ 10 საათის განმავლობაში ეძინა.

სატო 15 წლის იყო, როდესაც იაპონიის ჩემპიონატზე სკოლის მოსწავლეთა შორის ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 2014 წელს კი, მან იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და პროფესიული კარიერაც დაიწყო.

ნიჭიერი და შრომისმოყვარე სუმოისტი თავის სკოლში ოიაკატა ტაკანოჰანამ შეიფარა. რიგით 65-ე იოკოძუნამ სატოს საბრძოლოს სახელად ტაკაკეიშო დაანათლა, რითაც პატივისცემა გამოხატა სენგოკუს ეპოქის გმირის – უესუგი კაგეკაცუს მიმართ.

გასულ თვეში ტაკანოჰანას “ოთახი” დაიკეტა, ტაკაკეიშო კი ტიგანოურას სკოლაში გადაბარგდა.

კარიერაში პირველ “იმპერატორის თასთან” ერთად, ახალგაზრდა სეკიტორმა 2 პრესტიჟული ჯილდო მიიღო: შუკუნშო და კანტოშო.

გასული ბაშოს შედეგებით, ტაკაკეიშო სეკივაკეს წოდებას მიიღებს და იანვრის სუპერტურნირზე ოძეკის ტიტულისთვის იბრძოლებს.

როგორც ცნობილია, ფუკუოკაში ვერ ვიხილეთ 69-ე და 71-ე იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ, 72-ე იოკოძუნა კისენოსატო კი შეჯიბრიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც სტარტზე 4 მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ იოკოძუნებთან დაკავშირებული საქმეების კომიტეტმა (იოკოსინი) ტრადიციულ სხდომაზე კისენოსატოს ერთხმად გამოუტანა გეკირეი, რაც ერთი შეხედვით, გამამხნევებელი მოწოდებაა, თუმცა, სუმოისტისთვის კარგს არაფერს ნიშნავს.

უფრო სწორედ რომ ვთქვათ, აღნიშნული არადამაკმაყოფილებელი შეფასების ყველაზე მსუბუქი ფორმაა, რაც იოკოძუნას არაფერს აიძულებს, თუმცა, მას აგრძნობინებს, რომ დათხოვნის რეალური საფრთხის წინაშე იმყოფება.
იოკოსინის თავმჯდომარე მასატო კიმურას თქმით, “კისენოსატო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ აჩვენებს სათანადო ძალას, რაც ქომაგებში იმედგაცრუებას იწვევს”.

სათქმელია, რომ გეკირეის კვალად, ჯერ გაფრთხილება მოდის, მერე კი, რეკომენდაცია კარიერის დასრულების შესახებ, ამასთან, “რეკომენდაცია” სავალდებულო ხასიათს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ კისენოსატოს ნოემბრის ბაშოდან მოხსნის ოფიციალური მიზეზი მარჯვენა მუხლის ტრავმა გახდა, ამდენად, იოკოსინი ვერ აიძულებს იაპონელ სეკიტორს, რათა მან იანვრის სუპერტურნირზე იასპარეზოს.

მიუხედავად ამისა, 72-ე იოკოძუნა უნდა ათვითცნობიერებდეს, რომ მას შეცდომის დაშვების უფლება და ხანგრძლივი რეაბილიტაციისთვის დრო აღარ აქვს.

კარიერაში პირველი ტიტულის მოგების შანსი ბაშოს ბოლო დღეს (სენსურაკუ) დაკარგა ოძეკი ტაკაიასუმ, სხვა ოძეკებმა – გოეიდომა და ტოჩინოშინმა კი მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირეს.

უარყოფითი მაჩვენებელზე (მაკე-კოში) გავიდნენ სეკივაკეები მიტაკეუმი და იჩინოჯო და კომუსუბი კაისეი, მაკუუჩის ყველაზე მძიმე წევრი იჩინოჯო და ბრაზილიელი კაისეი კი ჰირამაკუში ხვდებიან ანუ რიგითი მაეგაშირები იქნებიან.
საპირისპიროდ, სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) ადიან 32 წლის მიოგირიუ და 34 წლის ტამავაში.
22 წლის ონოშომ სპეციალური პრიზი კანტოშო დაიმსახურა, პრემია გინოში კი ვერავინ მიიღო.

მე-2 ელიტარულ დივიზიონ ჯურიოში ჩადიან არავაში, ჩიომარუ, ტაკანოშო და დაიშომარუ, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობის უფლება კი იაგომ, კოტიუკიმ, კოტოეკომა და ტერუცუიოშიმ მიიღეს.

ჯურიოში ჩემპიონობა 23 წლის ტომოკაძემ მოიპოვა, 34 წლის ჩინელმა სოკოკურიაიმ კი რანგით მე-3 ლიგა მაკუშიტაში იმარჯვა.

სოკოკურაიმ, ისევე, როგორც ქართველმა გოლიათმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ მომავალ ბაშოზე ჯურიოში გამოსვლის უფლება მიიღო. შეგახსენებთ, რომ მან სეკიტორის წოდება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც კიუშიუ ბაშოზე შვიდიდან 5 ორთაბრძოლა მოიგო.

იაპონიაში საკმაოდ პოპულარულმა – 26 წლის რიკიში ურამ მე-4 დივიზიონ სანდანმეში იმარჯვა, მე-5 ლიგა (ჯონიდანი) 22 წლის მიცუუტიმ მოიგო, ხოლო მე-6 დივიზიონში (ჯონოკუჩი) პირველობა არავის დაუთმო 24 წლის ჰატოოკამ, რომელმაც ურას მსგავსად, მუხლის ტრავმის მოშუშება მოახერხა.

2019 წლის პირველი სუპერტურნირი, 13-27 იანვარს, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” ჩატარდება, ჰაცუ ბაშომდე კი, 25 დეკემბერს, იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს (ბანძუკე) გამოაქვეყნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118935