სხვა

13:23 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება შეინარჩუნა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა წლის დასკვნით სუპერტურნირზე უმთავრეს მიზანს მიაღწია. კიუშიუ ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინმა მე-8 გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც ოძეკის პრესტიჟული წოდება შეინარჩუნა.

დასავლეთის მე-2 ოძეკის ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორმა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) აღმოსავლეთის პირველ სეკივაკე მიტაკეუმისთან ჭიდილში გაიფორმა. ჩვენებურმა იაპონელ მეტოქეს შანსი არ მისცა, თავიდანვე მიაწვა და დამაჯერებელი იორიკირი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმის მე-8 მარცხი შეემთხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვერ გადაურჩება და წოდებაში დაქვეითებაც არ ასცდება.

ხვალ, ნოემბრის სუპერტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოძანი იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 14:5-ს უგებს.

ამასობაში, უკიდურესად დაიძაბა ბრძოლა “იმპერატორის თასისთვის”. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დღეს დასავლეთის პირველმა ოძეკი ტაკაიასუმ აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი ტაკაკეიშო ჰიკიოტოშით დაამარცხა და მასთან გათანაბრება მოახერხა.

ახლა, ლიდერთა აქტივში 12-12 გამარჯვებაა, გადამწყვეტი ამბები კი ხვალ გველის, როდესაც ტაკაიასუ ხსენებულ მიტაკეუმის გაეჯიბრება, ხოლო ტაკაკეიშო ძალებს აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგისთან მოსინჯავს.

0.112432