ფეხბურთი

17:55 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი!
კოსოვო, ბელარუსი თუ აზერბაიჯანი?

ანდორასთან მატჩის შემდეგ წერილი გამოვაქვეყნეთ სათაურით - ყველაფერი ან არაფერი. ყაზახეთთან მატჩის შემდეგ კი, გვინდა დავწეროთ - ყველაფერი!

დიახ, საქართველოს ნაკრებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა, დიდი მნიშვნელობის გამარჯვება იყო ყაზახებთან. ამან რამდენიმე სასიამოვნო შედეგი მოგვიტანა.

უპირველესად ერთა ლიგაზე ვთქვათ: ნახევაფინალში საუკეთესო შედეგით გავედით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალურ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში ჩაატარებს. მეტოქე ჯერ უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, სამი ვარიანტია: კოსოვო, ბელარუსი ან აზერბაიჯანი. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში იქნება საქართველოს მეტოქე, თუ დღეს კოსოვოს სტუმრად დაამარცხებს.

თავის მხრივ, კოსოვოს ნაკრები თბილისს იმ შემთხვევაში ესტუმრება, დღევანდელი მატჩი აზერბაიჯანთან თუ ფრედ დასრულდა. ხოლო კოსოვოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში „ჯვაროსნებს“ ბელარუსის ნაკრებთან მოუწევთ თამაში. მოვლენები თუ ასე განვითარდა, კოსოვო და ბელარუსი 14-14 ქულით დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს, მაგრამ ბურთების ბალანსი კოსოვოელებს უკეთესი ექნებათ. ამ დროისთვის ბელარუსის ბალანსი 10:0-თანაა, ხოლო კოსოვოს - 11:2. ადვილი გამოსათვლელია, რომ გამარჯვების შემთხვევაში (თუნდაც ერთი გოლის სხვაობით) კოსოვო ბელარუსს აჯობებს. მოკლედ, დაველოდოთ კოსოვოსა და აზერბაიჯანის შეხვედრას და ზუსტად გვეცოდინება.

გარდა ამისა, ყაზახეთთან გამარჯვებამ მოგვიტანა მეოთხე კალათაში განთესვა ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის წილისყრისას, რომელიც 2 დეკემბერს, დუბლინში გაიმართება.

ექვსივე კალათა უმეტესად უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ არა სრულად. ამ შეთხვევაშიც დღევანდელ საღამოს უნდა დაველოდოთ და ზუსტად გვეცოდინება ვინ, რომელ კალათაში იქნება. დეტალურად სწორედ ამის შემდეგ დავწერთ და ვისაუბრებთ ამაზე.

და კიდევ, მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა 2020 წლის ერთა ლიგის C დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. რა თქმა უნდა, საინტერესოა რომელი გუნდები იქნებიან ორი წლის შემდეგ ქართველთა მეტოქეები. ესეც დღეს გაირკვევა საბოლოოდ და დეტალებზე დღის ბოლოს ვრცლად ვისაუბრებთ. მოკლედ, ველოდებით...

და ბოლოს, ერთა ლიგის პლეი-ოფი 2020 წლის მარტში გაიმართება. მკითხველი ხშირად მოგვმართავს პრეტენზიებით, რომ მცდარ ინფორმაციას ვავრცელებთ და 2019 წლის ივნისში შედგება ეს თამაშები, მაგრამ ასე არაა. 2019 წლის ივნისში მხოლოდ და მხოლოდ A დივიზიონის ოთხთა ფინალი გაიმართება და ერთა ლიგის პირველი ჩემპიონიც გამოვლინდება (ინგლისი, პორტუგალია, ჰოლანდია შვეიცარია). აი, ჩვენთვის მთავარი, D დივიზიონის პლეი-ოფები დანამდვილებით 2020 წლის მარტში შედგება, როდესაც ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპი უკვე დასრულებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121838