ფეხბურთი

22:56 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა!

საქართველოს ნაკრებმა თავდაპირველი მისია შეასრულა და უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი საუკეთესო შედეგით დაასრულა. ამისთვის ბოლო ტურში ყაზახეთის დამარცხება იყო საჭირო და ვლადიმირ ვაისის გუნდმა დავალებას თავი ჩინებულად გაართვა.

2:1 - გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის მეორე ტაიმში გატანილი გოლებით საქართველოს ნაკრებმა შეძლო სტანიმირ სტოილოვის გუნდის ძლევა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენალური თამაში და შეფასებაში არ ვაჭარბებთ! ორივე გოლი მან შექმნა, ორივე შედევრალური თამაშის წყალობით.

ჯერ მარცხენა ფლანგზე გაარღვია მეტოქის დაცვა და მერებაშვილს ისეთი პასი მისცა, ვალდებული იყო გაეტანა და გაიატანა კიდეც. ეს 59-ე წუთზე. მერე იყო ვაკო ყაზაიშვილის მომენტი, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა სუსტად დაარტყა. მახვილი კუთხიდან ისევ ჩაკვეტაძემ იყოჩაღა, დაამატა, მაგრამ ძელს მოხვდა. ყაზახეთი გიორგის რისხვას 84-ე წუთზე ვერ გადაურჩა. ყაზაიშვილისგან საჯარიმოში მიიღო პასი, ტექნიკურად ითამაშა და მეკარეს შანსი არ ჰქონია. ვაისმა მსაჯის კომპენსირებულ დროში ჩაკვეტაძე გაიყვანა და უნდა გენახათ, მთელი სტადიონი წამოუდგა ფეხზე 19 წლის ქართველ ტალანტს და აპლოდისმენტებით გააცილეს.

90-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს. მოედანზე ახლახან შესულმა ორალხან ომირტაევმა კუთხური შედეგიანად დაასრულა. თუცა, ამას ზეიმი არ ჩაუშლია, რადგან მალევე თამაშიც დამთავრდა. დიდი ხანია „დინამო არენაზე“ ასეთი საფეხბურთო ზეიმი არ ყოფილა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 5 გაამრჯვებით, 1 ფრით და შესაბამისად, 16 ქულით დაასრულა. ჯერ დივიზიონის სხვა ჯგუფებში არ დასრულებულა ასპარეზობა, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. რაც ნიშნავს:

ნახევარფინალში თბილისში ითამაშებს (მეტოქე ჯერ უცნობია) და ამასთან, ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის წილისყრისას მეოთხე კალათაში იქნება, რაც უდაოდ ჩინებული ამბავია.

საქართველო - ყაზახეთი 2:1 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 54 000

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი; კანკვაკა, კვეკვესკირი; ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი; ყაზაიშვილი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ყაზახეთი (4-4-1-1): ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი; ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი; შჩეტკინი (პერტსუხი 74)

გოლები: 1:0 მერებაშვილი (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 2:1 ომირტაევი (88)

გაფრთხილება: მუჟიკოვი (45), სუიმბაევი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 13:6 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ტიაგო მარტინსი (პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.416136