კალათბურთი

15:43 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

მალაგის “უნიკახას” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გიორგის “მორაბანკ ანდორასთან” მატჩში აღებული 10 მოხსნა დაუფასდა.

ის საუკეთესოებში სწორედ ამ კომპონენტის მხრივ მოხვდა, სხვა რჩეულები კი ხავიერ ბეირანი (“იბეროსტარ ტენერიფე”, სარგებლიანობის კოეფიციენტი 32), ჯონი ბერჰანემესკელი (“სარაგოსა”, 22 ქულა), ტომა ერტელი (“ბარსელონა”, 9 პასი) და უსმან გარუბა (“რეალი”, 3 დაფარება) არიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე მალაგელებმა ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბს 95:84 სძლიეს, ჩვენებურმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:53 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ რვავე (!) ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სრულიად ტურში, შერმადინი მხოლოდ ხსენებულ ბეირანს ჩამორჩა, რომლიც მაჩვენებელიც 32 პუნქტი გახლდათ.

ვთქვათ ისიც, რომ “უნიკახა” 7 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ, “მურსიასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14035