ფეხბურთი

10:09 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოსაგები თამაში!

საქართველოს ნაკრებს D დივიზიონის A ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს, მაგრამ ყაზახეთის ნაკრები აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ თუ ასე არ მოხდა, პლეი-ოფში ბელარუსი უკეთესი შედეგით გავა, ვიდრე ჩვენ. გარდა ამისა, ძალზე დიდი შანსია იმისა, რომ მაკედონიაზე (განსაკუთრებით) და კოსოვოზე ცუდი შედეგი გვქონდეს. მოკლედ, ვერმოგების შემთხვევაში საქართველო პლეი-ოფისთვის უპირატესობებს (მასპინძლობა ნახევარფინალში) ვერ მიიღებს და ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლისთვის მეოთხე კალათაშიც ვერ მოხვდება.

აი, თუ გაიმარჯვებს, ყველაფერი პირიქით იქნება და ყველა ზემოთ ხსენებული მიზანი მიღწეული იქნება. ასე რომ, „ჯვაროსნებმა“ უნდა მოინდომონ და სატურნირო თვლასაზრისით უმოტივაციო ყაზახეთი დაამარცხონ.

ყაზახეთი, რომელიც თბილისში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდა, მაგრამ თუ დანაკლისზეა საუბარი, მაშინ საქართველოს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს.

ანდორასთან მატჩის შემდეგ გუნდს გიორგი ნავალოვსკი, ოთარ კიტეიშვილი და ბაჩანა არაბული გამოაკლდნენ. ამ უკანასკნელს ვლადიმერ დვალიშვილი ჩაანაცვლებს. ვაისმა მოიწვია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში თამაშობს, რადგან ამ მოკლე დროში ლეგიონერი ჩამოსვლას ვერ მოასწრებდა. „საბურთალოს“ რიგებში მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მისი გამოძახება ერთი შეხედვით გასაკვირია, რადგან საჩხერის „ჩიხურას“ ფორვარდი გორგი გაბედავა ჩინებულ ფორმაშია... თუმცა, ეს მხოლოდ ვაისმა იცის და ალბათ, უკეთესადაც. ფაქტია, სანაკრებო დონეზე გამოუცდელს, გამოცდილი ამჯობინა. ვნახოთ, იმედია, მისის სვლა გაამართლებს.

შემადგენლობაში რომ პრობლემებია, უკვე ვახსენეთ. და მაინც, რომელი 11 ფეხბურთელი გავა მინდორზე. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვაისს კარტები არ გაუხსნია, მაგრამ თქვა, რომ ცვლილებები წინა თამაშთან შედარებით იქნება.

ვაისის არჩევანი

მეკარე - გიორგი ლორიამ ანდორაში უხეში შეცდომა დაუშვა და სლოვაკმა საჯაროდ თქვა, რომ გოლი მისი ბრალია. რაზე მიანიშნებს ეს? - რატომ შეცვალა ალიბი ვაისმა, რომელიც ლორიას აქამდე ენდობოდა?! გუშინ არც დაადასტურა, რომ კარში გიორგი იქნება. ამის ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როინ კვასხვაძის დრო მოვიდა. დღეს, სწორედ მას ველოდებით ძირითად შემადგენლობაში.

დაცვა - ოთარ კაკაბაძე ისევ დაიკავებს მარჯვენა ფლანგს, ხოლო დაცვის ცენტრში დაბრუნებიან გურამ კაშია და სოლომონ კვირკველია. აი, საკითხავი ისაა, ვინ შეცვლის ტრავმირებულ ნავალოვსკის. დიდი შანსია, რომ ეს ჯიმი ტაბიძე იყოს.

ნახევარდაცვა - ნიკა კვეკვესკირს სასტარტოში ადგილი ამ ეტაპზე გარანტირებული აქვს. მას ალბათ ჯაბა კანკავა შეუწყვილდება, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა და ანდორასთან არ უთამაშია. ვაისის თქმით, ჯერჯერობით არ იცის, შეძლებს თუ არა კაპიტნის დახმარებას. თუმცა, დიდი ალბათობით სწორედ ჯაბა იქნება კვეკვესკირის მეწყვილე.

შემტევი სამეული - გიორგი ჩაკვეტაძეს ანდორასთან მატჩის შემდეგ მცირე პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ მომჯობინდა და შესაბამისად, მოედანზე იქნება. მასთან ერთად ვაკო ყაზაიშვილსა და ლუკა ზარანდიას ველოდებით. პოლონური „არკას“ შემტევმა შანსი დაიმსახურა და როდის თუ არა ახლა, როდესაც ნაკრების ლაზარეთი სავსეა...

ფორვარდი - დიდი არჩევანი არაა. ამიტომ, ვაისი ისევ ნიკა კაჭარავას უნდა დაეყრდნოს. მართალია, მან დვალიშვილი გამოიძახა, მაგრამ „საბურთალოს“ ფეხბურთელი ახლახან შეუერთდა ნაკრებს და ნაკლები შანსია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): კვასხვაძე; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ტაბიძე; კვეკვესკირი, კანკავა; ზარანდია, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე; კაჭარავა

ლაზარეთი

სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილს, ლევან მჭედლიძეს, გიორგი ქვილითაიას, გიორგი პაპუნაშვილს, გიორგი მაკარიძეს, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ კიტეიშვილი და ბაჩანა არაბულიც შეუერთდნენ. არაა ნაკრებში გამოძახებული ჯანო ანანიძეც, რომელიც ტრავმების გამო იდეალური ფორმისგან შორსაა. მოკლედ, ამ მხრივ, საქართველოს ნაკრებს პრობლემები მოძალებული აქვს.

წარსული მეტოქესთან

5 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება – ასეთია ყაზახეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების წარსული. ათვლის წერტილი 2005 წლის 17 აგვისტო იყო, როდესაც 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში გიორგი დემეტრაძის დუბლით “ჯვაროსნებმა” სამი ქულის მოპოვება შეძლეს. იმავე, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე, თბილისში, გოლი არცერთ კარში გასულა. ეს 2005 წლის, 8 ოქტომბერს.

აი, 2013 წლის 14 აგვისტოს კი, სპარინგში, “ასტანა არენაზე” სერგეი ხიჟნინჩეკოს გოლი ერთადერთი გამოდგა და დავმარცხდით.

ბოლოსწინა შეხვედრა 2016 წლის 29 მარტით თარიღდება. ისევ სპარინგი, ვლადიმირ ვაისის სადებიუტო მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. აზატ ნურგალიევის 36-ე წუთზე გატანილი გოლი ორ წუთში თორნიკე ოქრიაშვილმა გაქვითა. მეორე ტაიმში გოლი არ გასულა.

პირველი გამარჯვებიდან 13 წლის შემდეგ კი, ქართველებმა მეორედ დაამარცხეს ყაზახები. ეს ორი თვის წინ, ასტანაში - 2:0.

მეტოქე

ყაზახეთის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ნამდვილად არ იქნებოდა ასე, ლატვიასთან და ანდორასთან ქულები რომ არ დაეკარგა. ისე კი, სტანიმირ სტოილოვის გუნდი საქართველოსთან წაგების შემდეგ დაუმარცხებელია.

ბულგარელი მიიჩნევს, რომ საქართველომ დამსახურებულად მოიგო ჯგუფი, რადგან ყველაზე ძლიერია. მისი თქმით, სავსე „დინამო არენაზე“ თამაში დიდებული იქნება და ფეხბურთელებს ეს არ აშინებთ, პირიქით, მათთვის სტიმულია. მანვე, დასძინა, რომ ყაზახეთისთვის იდეალური იქნება ჯგუფის ლიდერის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამას კარის გაჯახუნებასაც არქმევს.

საერთოდ სტოილოვი დიდი ხანია არ ხელმძღვანელობს ჩვეს დღევანდელ მეტოქეს. ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას მიმდინარე წლის მარტში საშველად უხმო და სწორედ აქედან დაიწყო გუნდმა მოგება. დიდებული დებიუტი გამოვიდა: გამარჯვება სპარინგში უნგრეთის ნაკრებთან (3:2). მერე იყო დაძაბულ ბრძოლაში ბულგარეთთან მარცხი ბოლო წუთზე (1:2), ხუთი თვის წინ კი, აზერბაიჯანი ადვილად დაამარცხა (3:0).

ამას მოჰყვა ერთა ლიგა, სადაც ყაზახეთმა ანდორასთან 4 ქულა მოიპოვა, ლატვიას ორჯერ დაუზავდა, ხოლო საქართველოსთან ასტანაში წააგო (0:2). არადა, სანამ ბულგარელი სპეციალისტი ჩაუდგებოდა სათავეში, ყაზახები კოშმარულ პერიოდს განიცდიდნენ: 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის მარტამდე გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული – 12 თამაში, 3 ფრე და 9 წაგება.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდი

ბოლოს, ხუთი თვის წინ, ლუქსებურგთან სპარინგში წავაგეთ. ეს ცუდია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ვაისის გუნდმა ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.

მანამდე კი იყო სამი მოგებული სპარინგი გოლგაუშვებლად. ლიტვასთან (4:0), ესტონეთთან (2:0) და მალტასთან (1:0). განსაკუთრებით პირველ-ორ თამაშში მაღალი ხარისხის ფეხბურთი იყო და იმედი გაჩნდა. საქართველომ სწორედ ამ მატჩებში ისწავლა პირველ ნომრად თამაში და დღესაც იგივეს ველოდებით. ბურთი უნდა გვქონდეს და მეტოქეს თამაში უნდა ვუკარნახოთ.

ერთა ლიგაზე კი კარგად ვიცით: ვაისის გუნდმა ჯერ ასტანაში ყაზახეთი დაამარცხა (2:0), ხოლო შემდეგ თბილისში, ლატვიასთან მეტად მძიმე თამაშში, მაგრამ მაინც მოიპოვა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა. მესამე ტურში „ჯვაროსნებმა“ ანდორა დაამარცხეს 3:0, ხოლო ამას მოჰყვა რიგაში ამავე ანგარიშით ლატვიასთან გამარჯვება, რამაც ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად მოგვიტანა. შემდეგ ხასიათი ოდნავ გაგვიფუჭა ანდორასთან ფრემ (1:1), თუმცა, ეს წელი ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ერთა ლიგის ჯგუფიდან გავედით: 5 თამაში, 4 მოგება, 1ფრე, 10 გატანილი და 1 გაშვებული გოლი!

ისე კი, 2018 წელსაც მოსაწონი შედეგები გვაქვს: 9 თამაში, 7 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 17 გატანილი და 2 გაშვებული გოლი. ამას თუ 2017 წლის მიწურულს, ბოლო ორ წაუგებელ მატჩებსაც დავუმატებთ (კვიპროსთან 1:0 და ბელარუსთან 2:2), უფრო სერიოზულ და კარგ შედეგთან გვექნება საქმე...

თუმცა, ეს ყველაფერი სტატისტიკაა და რაც მთავარია, ეს წარსულია. ახლა მთავარია რა იქნება დღეს, აწმყოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ყაზახეთი დასამარცხებელი ჰყავს. ამას დიდი მნიშვნელობა და ბევრი მიზეზი აქვს!

Loading...
0.118063