ძიუდო

18:05 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა დანავსული დღე ჰააგაში

ჰააგის გრან პრი ქართული დელეგაციისთვის კარგად დაიწყო (პირველივე დღეს ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა), გაგრძელება კი ძალიან დანავსული ჰქონდა: გუშინ ზებედა რეხვიაშვილი დაშავდა, დღეს კი, ბრძოლის იძულებით შეწყვეტა ავთანდილ ჭრიკიშვილსა (90 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ.) მოუხდათ.

არადა, ორივე ჩვენებურს კარგი სტარტი ჰქონდა. ჭრიკიშვილმა საწყის რაუნდებში ჰოლანდიელ ტომ ბონეშანსკერსა და ამერიკელ კოლტონ ბრაუნს ვადაზე ადრე აჯობა, მეოთხედფინალში კი, ბელგიელ იოახიმ ბოტიესთან მუხლის ტრავმა მიიღო, დანებდა და ცხადია, ვეღარც რეპეშაჟში გასულა უკრაინელ ქუეჯაუ ხაბალისთან შესარკინებლად.
მერვედფინალური ეტაპი გამოდგა საბედისწერო ლიპარტელიანისთვის, რომელმაც ჰოლანდიელ სიმეონ კატარინას ვაზარით კი აჯობა (მანამდე რუმინელი ვალენტინ რადუ დააიპონა), თუმცა, დაშავდა და მეოთხედფინალსა და რეპეშაჟში, შესაბამისად, ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშსა და უნგრელ მიკლოშ სირენიკს გამარჯვება უბრძოლველად გადაულოცა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჰააგის გრან პრი თითო ოქროსა და ბრინჯაოს (ლაშა შავდათუაშვილი) მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126424