ჭიდაობა

23:01 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს სტარტი და ოთხი მედლის მოლოდინი

ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გათამაშდა მედლები და ორ წონაში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ. 55 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია ავიდა, ხოლო 130 კილოგრამში – ზვიად პატარიძე. ფინალის საგზური ორივემ გუშინ მოიპოვა. დღეს კი საჩემპიონო შეხვედრებში იმარჯვეს.

ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა. ზვიად პატარიძემ კი თურქ ოსმან ილდირიმს ხუთქულიანი ჩამორჩენა შეუტრიალა – 6:5.

ხვალ საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაულის დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში შეივსება. უკვე გაიმართა წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები და საჩემპიონო ბრძოლაში ჭიდაობის უფლება კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს რამაზ ზოიძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) მიუახლოვდნენ.

ზოიძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ირანელი არსლანი (12:4), უზბეკეთის ნაკრების წევრი ვარდანიანი (11:6), რუსეთის სახელით მოჭიდავე ოგანიანი (4:3) და ყაზახი კისიმეტოვი (7:5). ფინალში კი თურქ არსლანს დაუპირისპირდება.

ბოლქვაძეს საჩემპიონო ბრძოლაში რუმინელი მეტოქე - ოჟოგი ეყოლება. დღეს გელამ ჩინელ ქიანს (5:1), ბელარუს კლიმოვიჩსა (1:1) და იაპონელ ცურუდას (5:1) აჯობა.

გიორგი მელია (97 კგ) და დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) ხვალ საუკეთესო შემთხვევაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავლენ.

მელიამ ყაზახი სირლიბაის (3:2), ლიეტუველი ფრიდრიკასისა (7:6) და გერმანელი ცირნის (9:0) ძლევის შემდეგ, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუს გოლოვინთან წაგებით (0:9) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მელიას მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. ერთ-ერთი სავარაუდო მოწინააღმდეგე იტალიის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ კახელაშვილია.

ჩხარტიშვილს მესამე საპრიზო ადგილს ორი მოგება აშორებს. ძირითად ბადეში ჩხარტიშვილმა სამი ბრძოლა ჩაატარა. იტალიელ სანდრონსა (9:2) და ლიეტუველ პეტრავიჩუსს (12:1) იოლად გაუსწორდა. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ მამადოვთან მინიმალური სხვაობით (4:5) დამარცხდა და ცოტა ხანში რეპეშაჟის გზაც გაეხსნა, მას შემდეგ, რაც მამადოვმა ფინალის საგზური გაინაღდა,

დღესვე, რუმინულ ხალიჩაზე ოთარ აბულაძეც (67 კგ) გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანელ კასტილიოსთან დაჭიდებით და სასურველი ფრით (2:2) გახსნა. მერვედფინალში კი უნგრელ ლოსონცისთან წააგო (4:7) და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112405