ფეხბურთი

10:25 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალი პირლო

მოგენატრათ ანდრეა პირლოს თამაში? მაშინ, უყურეთ „ბრეშას“ თამაშებს და კონცენტრირება მოახდინეთ ლომბარდიელთა მეოთხე ნომერზე. სანდრო ტონალი - საოცრად გავს სახელოვან თანამემამულეს, არამარტო გარეგნობით, არამედ თამაშის სტილით. სიმბოლურია, რომ კლუბიც იგივეა. 1995 წელს მომავალ ლეგენდა ანდრეა პირლოს დებიუტი სწორედ „მერცხლების“ რიგებში ჰქონდა, როდესაც 16 წლის იყო.

ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი 2000 წლის 8 მაისს დაიბადა ლომბარდიის პატარა ქალაქ ლოდიში. სანდრო ახლა 18 წლისაა და მიუხედავად ასაკისა, „ბრეშას“ ლიდერია. Tranfermarkt-ი მას 7 მილიონ ევროდ აფასებს, რაც სერია B-ში მოთამაშე ფეხბურთელისთვის სერიოზული ფასია.

სანდრო უკვე გახდა ისტორიის ნაწილი - პირველია, რომელიც 2000 წელსაა (ან შემდეგ) დაბადებული და იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. დიახ, არ მოგესმათ, სანდრო ტონალის რობერტო მანჩინიმ შეკრებაზე უხმო და სულ მალე „სკუარდა აძურას“ მაისურითაც ექნება დებიუტი. იტალიელები პორტუგალიასთან და აშშ-სთან მატჩებისთვის კოვერჩანოს ბაზაზე ორშაბათიდან დაიწყებენ მზადებას.

ტონალი, როგორც პირლო - კლასიკური „რეჯისტა“, რომელიც დაცვის წინ მოქმედებს, შლის მეტოქის შეტევებს, მაგრამ პირველ რიგში ევალება თავისი გუნდის შეტევის წამოწყება. აქვს მოედნის გადასარევი ხედვა, მოკლე თუ გრძელი პასები და თამაშის მიმართულების შეცვლის უნარი. ერთი ფლანგიდან, მეორეზე. მემარჯვენეა, მაგრამ მარცხენა ფეხითაც შეუძლია მუშაობა.

ტონალის ტიპური სათამაში სტილია: ცენტრალურ მცველებთან ახლოს ყოფნა, მათგან პასის მიღება და შეტევის დაწყება. სანდრო 3-4 შეხების განმავლობაში კომბინაციის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს არჩევს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მარტივად თამაშიც შეუძლია. თუ სიტუაცია საშუალებას იძლევა, შეტევაში მიდის და ბოლო კაცის პოზოციაზეც ჩნდება. პარტნიორებიც სიამოვნებით აძლევენ ამ დროს პასს, რადგან ტონალი ტექნიკური ფეხბურთელია. გარდა ამისა, ასრულებს სტანდარტულ მდგომარეობებსაც. ზუსტად ეს ყველაფერი აღწერს, რომ მისი სტილი ძალიან ჰგავს ანდრეა პირლოს კლასიკურ სტილს.

მისი ერთ-ერთი ნაკლოვანება ამ ეტაპზე ფიზიკური მონაცემებია, რის გამოც ხშირად იჩაგრება მეტოქეებისგან, როდესაც ორთაბრძოლაში უწევს შესვლა. რა თქმა უნდა, ამ მინუსის აღმოფხვრა შესაძლებელია და ის ახალგაზრდული ასაკის შედეგია. სამომავლოდ კი აუცილებლად დასჭირდება ნამდვილ ათლეტად ქცევა. მაგრამ, როგორც ზუსტად პირლოს ჰყავდა გვერდით ნამდვილი მეომარი ჯენარო გატუზოს სახით, იგივე სტილის პარტნიორი ტონალისაც სჭირდება.

თუმცა, ყველას არ სიამოვნებს, როდესაც ანდრეა პირლოსთან აიგივებენ. მაგალითად, 18 წლის ტალანტის აგენტ რობერტო ლა ფლორიოს: „სანდრო ტონალი არის სანდრო ტონალი. ის არაა პირლო, მიუხედავად იმისა, რომ მის პოზიციაზე თამაშობს და ჰგავს სათამაშო მახასიათებლებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ასაკში პირლო არ იყო „რეჯისტა“ და ამ პოზიციაზე კარლო ანჩელოტიმ 2001 წელს დააყენა. აქედან გამომდინარე, ცოტას თუ გავაზვიადებთ, ტონალი კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პირლო 18 წლის ასაკში".

ტონალის კარიერა არ დაწყებულა „ბრეშაში“. დაიწყო „პიაჩენცაში“, მაგრამ გუნდი გაკოტრდა და სანდრო ახალ გუნდში გადავიდა, სადაც „რეჯისტას“ პოზიციაზე გაამწესეს. პირველ გუნდში მისი დებიუტი გასული წლის 26 აგვისტოს შედგა "აველინოსთან", ხოლო იანვრიდან გუნდის უცვლელი წევრი გახდა. დღემდე სერია B-ში 29 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ამჟამინდელი „ბრეშა“ შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. გატანაც უყვარს და გაშვებაც. გასულ სეზონში ტონალი გადაცემებით გამოცდილ ანდრეა კარაჩოლოს ამარაგებდა, ხოლო წელს გუნდის ახალწვეულ ალფრედო დონარუმასთან უწევს შეთამაშება, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 7 გოლით.

ტონალი რეგულარულად იტალიის 19 წლამდე ნაკრების წევრია. „აძურინიმ“ გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ფინალში დამარცხდა პორტუგალიასთან. ტონალი კი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ. გარდა ამისა, ლუიჯი დი ბიაჯომ 21 წლამდე ნაკრებშიც მიიწვია გასულ თვეში.

ბუნებრივია, ტონალი ევროპული გრანდების ინტერესის სფეროშია. „იუვენტუსი“, „ინტერი“, „მილანი“, „რომა“ და „ჩელსი“ განსაკუთრებით აქტიურობენ. „ბრეშასთან“ კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თავად კი „მილანის“ გულშემატკივარია.

ტონალის პოტენციალი მართლაც უზარმაზარია, მაგრამ რეალიზაციისთვის აუცილებელია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. „ბრეშა“ ცნობილია ნიჭიერი ფეხბურთელებით, მაგრამ იქ დარჩენა გამართლებული არ იქნება. ვინაიდან, „ბრეშას“ აღარ ჰყავს რობერტო ბაჯოს კალიბრის ფეხბურთელების. ამავდროულად ამ ასაკში გრანდში გადასვლაც სარისკოა, რადგან შესაძლოა სათამაშო პრაქტიკა შეეზღუდოს. ალბათ, საუკეთესო გამოსავალი საშუალო დონის იტალიური გუნდები არიან. მაგალითად, „სასუოლო“ ან „ფიორენტინა“...

0.118388