ძიუდო

3:27 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილის ვერცხლი, ლიპარტელიანის ბრინჯაო

უნგრულ გიორში დაწყებული 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართულმა დელეგაციამ თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კვარცხლბეკის მე-2 საფეხურზე ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) ავიდა, ვინც ფინალში რუს იაგო აბულაძესთან იპონით დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში მოლდოველი მიჰაილ დონჩილა ორიოდ წუთში დააიპონა, აზერბაიჯანელ რაშად იელკიევი იპონზე ზედ ბოლო წამზე დასცა, ნახევარფინალში კი რუსი ივან დოლგიხი “გოლდენ სქორში” ვაზარიზე დააგდო.
გოგონათა ტურნირში ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა ეთერ ლიპარტელიანმა (57), რომელმაც რეპეშაჟში ხორვატი ივა ობერანი იპონით დაამარცხა, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი, გერმანელი ანე შმიდტი დააიპონა. მანამდე, ეთერმა უნგრელ ბრიგიტა ვარგას – იპონით, ხოლო ბელგიელ მირიამ ბლავიეს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი ბრიტანელ ლელე ნაირნესთან ასევე ვაზარით დამარცხდა.
კვარცხლბეკს მიღმა დარჩა თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ.), რაც ნამდვილად დასანანი იყო. ჩვენებურმა საწყის რაუნდში ისრაელის წარმომადგენელი ამირ დანტე 40 წამში დააიპონა, შემდეგ ბელარუს დმიტრი მინკუს ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში გერმანელი მიხელ ადამი ორ წუთში იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ესპანელ ალბერტო მარტინ გაიტეროსთან აკრძალული ილეთის განხორციელება დააბრალეს და ჰანსუკომაკეთი მოხსნეს. შედეგად, თორნიკეს არც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება დართეს, სადაც მისი მეტოქე ებრაელი იარინ მენაგედი უნდა ყოფილიყო.
დღეს, ტატამზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალეკო მამიაშვილი ძალებს ჰოლანდიელ დაან ტენ ჰეუველთან მოსინჯავს, 81-ში კი ორი მონაწილე გვყავს – თამაზ კირაკოზაშვილი მე-2 წრეში რუმინელ ანდრეი გუსასა და აზერბაიჯანელ სამირ აგაიევს შორის უმჯობესს დაელოდება, ხოლო ვლადიმერ ახალკაცის მეტოქე კვიპროსელი კირიაკოს ნიკოლაუ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11465