ფეხბურთი

3:25 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ბოლოს გამარჯვებული გიორგი ჩაკვეტაძე გახდა, რომელმაც დიდი უპირატესობით მოიგო და ხმების 66.2% მიიღო. გიორგი ამჯერადაც არის ნომინანტთა შორის, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი), გიორგი პაპუნაშვილი (მაისი), ვაკო ყაზაიშვილი (აგვისტო), გიორგი ჩაკვეტაძე (სექტემბერი).

ახლა კი, 2018-2019 წლების სეზონის მესამე ნომინაციაზე და ოქტომბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო, თანაც წარმატებული მატჩები იყო, მხოლოდ სამი კანდიდატი გვყავს. იყო ცალკეული გამონათებებიც. მაგალითად, თორნიკე ოქრიაშვილის დაუვიწყარი გოლი ევროპა ლიგაზე "სევილიას" კარში სწორედ გასულ თვეში იყო, მაგრამ შემდეგ ოქრიმ ტრავმა მიიღო და მთელი თვე გაუცდა. იყო გიორგი ბერიძის დუბლი და საბა კვირკველიას გამარჯვების გოლიც, მაგრამ სტაბილურობით მხოლოდ სამი ფეხბურთელი გამოირჩა. ჩვენი არჩევანი ასეთია და სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"...

ჯაბა კანკავა („ტობოლი“, ყაზახეთი) - ჯაბამ ოქტომბერში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა, მაგრამ ორი გოლი გაიტანა. ორივე საქართველოს ნაკრებში. ბუნებრივია, თვის საუკეთესოებში მოხვედრა სასვებით დაიმსახურა, რადგან სანაკრებო მატჩებში ცალსახად გამორჩეული იყო. ანდორასთან გოლს, ლატვიაში ულამაზესი გასროლაც დაამატა. სამწუხაროდ, ჯაბა ამავე მატჩში დაშავდა და ტრავმირებულია.

გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია) - ალბათ, არ გადავამლაშებთ, თუ ვიტყვით, რომ ჩაკვეტაძის საუკეთესო თვე სწორედ ოქტომბერი გამოდგა. გიორგიმ ჯამში 6 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. საქართველოს ნაკრებში ფანტასტიკური შეხვედრა ჰქონდა რიგაში, სადაც ლატვიას ულამაზესი გოლი გაუტანა და იქამდე საგოლე პასიც მიითვალა. ნაკრებიდან წასული კი „გენტში“ წავიდა და იქ უბრალოდ დაფრინავს. გიორგიმ ბელგური გუნდის მაისურით ბოლო სამ მატჩში 4 გოლი შეაგდო. „ოსტენდესა“ და „მუსკრონს“ თითო გოლი აკმარა, ხოლო „შარლერუასთან“ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა (2:1). ზედიზედ ორჯერ მოხვდა ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშიც.

გიორგი ხარაიშვილი („გიოტებორგი“, შვედეთი) - გიორგი ბოლოს პერიოდში სტაბილურობით გამოირჩევა. „გიოტებორგში“ გასული თვის ეგიდით ხუთჯერ ითამაშა და ორი გოლი მიითვალა. „ტრელებორგს“ ულამაზესი ჯარიმა გაუტანა, ხოლო „სუნდსვალთან“ პენალტის ზუსტად დარტყმა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114659