ჭიდაობა

17:25 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.

წურწუმიამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს 6:1 სძლია, მერვედფინალში რუს ვასილი ტაპოევს დრამატულ ორთაბრძოლაში 11:9 მოუგო, მეოთხედფინალში კი ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანს სულ რაღაც 40 წამში 8:0 აჯობა.
ქართველი ფალავანი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დაუპირისპირდება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი თურქი ეკრემ ოზთურქი და ყირგიზი ჟოლამან შარშენბეკოვი იბრძოლებენ.
რეპეშაჟში გადასვლის შანსს ინარჩუნებენ გიორგი ხუჭუა (72 კგ.) და ლაშა გობაძე (82 კგ.). ხუჭუა პირველივე წრეში გერმანელ ფრანკ შტებლერთან 3:12 დამარცხდა და თუკი ამ უკანასკნელმა ფინალში გასვლა მოახერხა, ჩვენებური ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს. რაც შეეხება გობაძეს, მან მერვედფინალში ირანელ საეიდ მორად აბდვალისთან 2:6 წააგო და ახლა, აზიელის ნახევარფინალურ ორთაბრძოლას ელის.
სამწუხაროდ, მსოფლიო პირველობას უკვე გამოეთიშა ლაშა მარიამიძე (63 კგ.), რომელიც კვალიფიკაციაში თურქ რაჰმან ბილიჩისთან 0:9 დამარცხდა. ვინაიდან ამ უკანასკნელმა მერვედფინალში რუს მეტოქესთან ასევე 0:9 წააგო, ქართველი მოჭიდავე შეჯიბრის მიღმა დარჩა.

საღამოს ბლოკი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება და ქომაგს მისი ხილვა "სილკ უნივერსალის" ეთერით შეძლება.

0.122916