ფეხბურთი

2:40 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნოსტალგია და დიდი მატჩი "ოცნების თეატრში"

სამკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მესამე ტურით ბრუნდება. პირველი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება. „ოცნების თეატრში“ ოცნების მატჩია - „მანჩესტერი“ – „იუვენტუსი“.

სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ეხსომება ამ ორი ტიტანის დაუვიწყარი ბრძოლები მეტწილად, მეოცე საუკუნის მიწურულს.

H ჯგუფს „იუვე“ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო „წითელ ეშმაკთა“ აქტივში 4 ქულაა. მიმდინარე სეზონი გუნდებისთვის განსხვავებულად დაიწყო: ტურინელებმა ყველა თამაში მოიგეს, ოდენ გასულ უიქ-ენდზე ვერ მოახერხეს სამი ქულის მოპოვება. აი, „მანიუმ“ მძიმედ დაიწყო, მაგრამ ბოლო მატჩი („ნიუკასლთან“ და „ჩელსისთან“) ფანებს იმედს უსახავს.

შეხვედრას ძალიან ბევრი ინტრიგა ახლავს თან. პოლ პოგბა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაირჯება, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რასაც კრიშტიანუ რონალდუს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება ჰქვია. რომელიც, ამბობს, რომ აქ მშვენიერი წლები აქვს გატარებული, მაგრამ დღეს „იუვენტუსის“ ფეხბურთელია.

"აქ დაბრუნება ჩემთვის დიდ ემოციებთან ასოცირდება. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, გამარჯვებები და დიდი სითბო. განსაკუთრებით, სერ ალექს ფერგიუსონთან, რომელიც ძალიან დამეხმარა. „მანჩესტერი“ ძლიერი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. შესაბამისად, რთული თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მეტოქეებს ყოველთვის პატივს ვცემთ, თუმცა, ველოდები "იუვეს" გამარჯვებას და ასე თუ მოხდა, პრაქტიკულად პლეი-ოფში ვიქნებით“.

კრიშტიანუს „ოლდ ტრაფორდი“ ოვაციებით შეხვდება. ბოლოს აქ პორტუგალიელი 2013 წელს იყო, როდესაც გოლიც გაიტანა და არ აღნიშნა. თავის მხრივ, „იუვესთვის“ ეს სტადიონი მეტად ცუდ მოგონებებს აღძრავს: 2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მილანთან“ სწორედ აქ წააგო. მას შემდეგ ტურინელებს მანჩესტერის საშინაო არენაზე არ უთამაშიათ.

თავის მხრივ, იმავე სეზონში, ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ჯგუფურ ეტაპზე, ორჯერვე ინგლისელებმა მოიგეს შინ 2:1, სტუმრად 3:0. საერთოდ, „იუვეს“ უკვე მიჯრით 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს „მანჩესტერთან“. 2002-2003 წლების სეზონამდე, 1998-1999 წლების სეზონის ნახევარფინალში დრამატული მატჩები შედგა.

ინგლისში ანტონიო კონტეს გოლი ბოლოს რაიან გიგზმა გაქვითა, ხოლო საპასუხო ნახევარფინალს ტურინში მასპინძელი ფილიპო ინძაგის დუბლით დასაწყისშივე 2:0 იგებდა. საბოლოოდ, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა შეუძლებელი შეძლო და 3:2 მოიგო. შესაბამისად ფინალში გავიდა და ფინალიც როგორ მოიგო, გეხსომებათ.

იქამდე, 1997-1998 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გუნდებმა 3-3 ქულა გაცვალეს. ინგლისში მასპინძლებმა 3:2, ხოლო იტალიაში ასევე მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

აი, 1996-1997 წლების სეზონში (კვლავ ჯგუფურ ეტაპზე), ორივე თამაში „ბიანკონერის“ გამარჯვებით დასრულდა და ორჯერვე 1:0. საერთო ჯამში სტატისტიკურად ყველაფერი თანაბრადაა: 12 მატჩი, 5-5 მოგება/წაგება, 2 ფრე და 15 გატანილ-გაშვებული გოლი. ვნახოთ საით გადაიხრება ისარი.

„იუვენტუსი“ ნისლიან ალბიონზე სამი ნომინალური ნახევარმცველით ჩავიდა. სამი ხედირა და ემრე ჯანი დაშავებულნი არიან. ბოლო მომენტში ლაზარეთში გადაინაცვლა მარიო მანჯუკიჩმაც და გუნდს არ გაჰყოლია ინგლისში. თუმცა, პრობლემას ამაში ვერ ხედავს ალეგრი, რომელმაც თქვა, რომ მარიოს ისედაც სათადარიგო სკამზე უპირებდა გამწესებას.

"ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა, დიდ სტადიონზე მოუწევთ თამაში. ვწუხვარ მარიოს ტრავმის გამო. თუნდაც სერიოზული არ იყოს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ტრავმამდეც ვფიქრობდი, რომ შეტევაში სხვა ფუნქციების მქონე ფეხბურთელებით გვეთამაშა. დიდი ალბათობით 4 მცველით ვითამაშებთ, რადგან ნახევარდაცვაში მათ ნახევარმცველებთან თანაბარი რაოდენობის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს”.

ჟოზე მოურინიომ უკვე დააანონსა, რომ ალექსის სანჩესი არ ითამაშებს. ეს პირადად მისი გადაწყვეტილებაა. სხვა მხრივ, „განსაკუთრებულმა“ მეტოქე შეაქო და ჩემპიონთა ლიგის განსაკუთრებული ფავორიტის სტატუსიც მიანიჭა:

"კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა შეგვიძლია. გვინდა დავამტკიცოთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „იუვენტუსია“ და რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს: არამხოლოდ რონალდუ, არამედ, ბონუჩი, კანსელუ, ემრე ჯანი, რომელიც იმედია მოედანს მალე დაუბრუნდება. „იუვე“ ახლა ერთი წლით უფრო გამოცდილია იგივე მწვრთნელითა და იგივე სტრუქტურით. ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ბოლო წლებში განმავლობაში ორი ფინალი ითამაშა და 7 სკუდეტო მოიგო. ამ სეზონში უკვე კანდიდატზე მეტიცაა“.

მოკლედ წინ მაგარი სანახაობა გველოდება. განსაკუთრებით მათ, ვისაც საფეხბურთო ნოსტალგია ხშირად შემოაწვება ხოლმე... შეხვედრას კი სერბი მილორად მაზიჩი განსჯის.

ამავე ჯგუფში, მეორე მატჩია: „იანგ ბოიზი“ – „ვალენსია“, რომელიც აშკარად ჩრდილშია მოქცეული.

საერთოდ, მატჩზე, რომელზეც ვრცლად გესაუბრეთ, ყველა დანარჩენს დაპირისპირებას ჩრდილავს. სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „რეალის“ შეხვედრა, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონთან აპირებს ხასიათის გამოკეთებას. ხულენ ლოპეტეგს კი უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება და დღეს თუ ვერ მოიგო, ალბათ მედიის ვარაუდიც გამართლდება.

ცოტა ამოისუნთქა ნიკო კოვაჩმა, რადგან მისმა გუნდმა გასულ უიქ-ენდზე მოუგებელი სერია დაასრულა და „ვოლფსბურგი“ დაამარცხა. „ბაიერნი“ ხასიათის განმტკიცებას საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აპირებს, სადაც მეტოქე გამოკვეთილი აუტსაიდერია - აეკ-ი.

E ჯგუფი

აეკ - „ბაიერნი“

აეკ (4-4-1-1): ბარკასი; ბაკაკისი, ოიკონომუ, ლამპროპულოსი, ჰულტი; ბაკასეტასი, სიმოესი, იალანოპულოსი, მანტალოსი; კლონარიდისი; პონსე

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ზულე, ბოატენგი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა, მიულერი, გორეცკა; რობენი, ლევანდოვსკი, ხამესი

„აიაქსი“ – „ბენფიკა“

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, ვობერი, დე ლიგტი, ბლინდი; შონე, დე იონგი, ზიეჩი; ნერეში, დოლბერგი, ტადიჩი

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, ჟარდელი, კონტი, გრიმალდო; ფეისა, პიცი, გაბრიელი; სალვიო, სეფეროვიჩი, სერვი

F ჯგუფი

„ჰოფენჰაიმი“ – „ლიონი“

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; ადამსი, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი; კადერაბეკი, გრილიტში, შულცი, დემირბაი, კრამარიჩი; შალაი, ნელსონი

„ლიონი“ (4-4-2): ლოპეში; ტეტე, მარსელო, დენაიერი, მენდი; ტუსარი, ნდომბელე, ოუარი, ტრაორე; დემბელე, დეპაი

„შახტარი“ – „მანჩესტერ სიტი“

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, მაიკონი; ველინგტონი, ალან პატრიკი, ფერნანდო; ჟუნიორ მორაეში

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო; დე ბრუინი, ფენრანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი, აგუერო, სანე

G ჯგუფი

„რომა“ - ცსკა

„რომა“ (4-2-3-1): ოლსენი; ფლორენცი, მანოლასი, კოლაროვი; ნზონზი, დე როსი; ჯენგიზ იუნდერი, პელეგრინი, ელ შაარავი; ჯეკო

ცსკა (5-4-1): პომაზუნი; ფერნანდეში, ბეკაო, ჩერნოვი, მაგნუსონი, ნაბაბკინი; ახმეტოვი ვლაშიჩი, ძაგოევი, ობლიაკოვი; ჩალოვი

„რეალი“ – „პლზენი“

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; ნაჩო, ვარანი, რამოსი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ისკო, ბენზემა, ბეილი

„პლზენი“ (4-5-1): ჰრუშკა; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პეტრჟელა, პროჩაჟკა, ჰორავა, ჰროსოვსკი, ზემანი; კრმენჩიკი

H ჯგუფი

„იანგ ბოიზი“ – „ვალენსია“

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვოლფლი; მბაბუ, პაუპერი, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი, სოუ, სანოგო, სულეიმანი; ასალე, ოარო

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, მურილო, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ვასი; როდრიგო, ბატშუაი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „იუვენტუსი“

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ბაი, შოუ; ფრედი, მატიჩი, პოგბა; რაშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტნაკური, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, დიბალა, რონალდუ.

Loading...
სტატისტიკა
0.269993