ჭიდაობა

0:07 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი დღე ბუდაპეშტში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართული დელეგაციისთვის. ორმა ჩვენებურმა ნახევარფინალური ორთაბრძოლები დათმო, ორმაც კი – ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს – დავით ხუციშვილსა (79 კგ.) და დავით მარსაგიშვილს (92 კგ.) ჰქონდათ.
ხუციშვილი მე-3 ადგილისთვის რუს ახმედ გაჯიმაგომედოვს შეერკინა და 0:10 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ დავითმა საწყის რაუნდებში ანგოლელ ფრანსისკო დე დეუს კადიმასა (12:0) და თურქ აიჰან სუჯუს (5:0) სძლია, მეოთხედფინალი კი მომავალ ჩემპიონ – ამერიკელ კაილ დუგლას დეიკთან დათმო – 0:11. სანუგეშო რაუნდში დავითმა გერმანელ მარტინ ობსტს 10:0 მოუგო, გაჯიმაგომედოვთან კი ვეღარაფერი გააწყო.
ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება ასევე უშანსოდ დათმო დათო მარსაგიშვილმა. ქართველი მოჭიდავე ირანელ ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანთან 1:12 დამარცხდა. როგორც უკვე ვიუწყებოდით, მარსაგიშვილმა მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ – ჯ’დენ მაიკლ ტბორი კოქსთან (აშშ) 2:6 წააგო, რეპეშაჟში კი მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს 8:0 სძლია.
დღესვე ნახევარფინალური შეხვედრები წააგეს მსოფლიოს ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.). იაკობიშვილმა მერვედფინალში სლოვაკი ტაიმურაზ სალკაზანოვი 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს 5:1 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინა და 1:3 დამარცხდა.
ხვალ, 23 ოქტომბერს ზურაბი მე-3 ადგილისთვის რეპეშაჟის გამარჯვებულს გაეჯიბრება, რომელიც ამ სამიდან ერთ-ერთი იქნება: მუსტაფა კაია (თურქეთი), ჰაისლან ანტონიო ვერანეს გარსია (კანადა) ან ბატ ერდენე (მონღოლეთი).
ნახევარფინალამდე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა ოდიკაძემ. მან მერვედფინალში ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს დრამატულ შერკინებაში აჯობა – 4:3. ნახევარფინალში ოდიკაძემ უძლიერეს რუს ფალავან აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო.
ელიზბარი ბრინჯაოს მედლისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი 3 მოჭიდავიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება: მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონია), მამედ იბრაგიმოვი (ყაზახეთი), მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი).

0.112704