ფეხბურთი

17:42 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველად 2007 წლის შემდეგ...

ლეო მესიმ ხელი მოიტეხა და სამი კვირა იუქმებს. ეს ინფორმაცია ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნებოდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით - ერთ კვირაში „ელ კლასიკოა“.

ბუნებრივია, მესი „რეალთან“ ვერ ითამაშებს. არადა, ბოლო 35 „კლასიკოს“ არგენტინელის გარეშე არ ჩაუვლია. მთლიანობაში ლეოს „რეალის“ წინააღმდეგ (ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა) 38-ჯერ უთამაშია და 17 მატჩი „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. 12-ჯერ მოიგო „რეალმა“ და 9 თამაში ფრედ დასრულდა.

საერთოდაც, ეს იქნება პირველი „ელ კლასიკო“ მესის გარეშე 2007 წლის შემდეგ. მაშინ, „კამპ ნოუზე“ ჟულიო ბაპტიშტას გოლით „სამეფო კლუბმა“ 1:0 მოიგო. იქედან მოყოლებული მესი „ბარსას“ დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ თამაშს ყოველთვის ახერხებდა.

კიდევ ერთი დეტალი: მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც ჩაივლის. მიზეზი ცნობილია რა თქმა უნდა, პორტუგალიელი უკვე „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. ბევრი შიშობს, რომ თანამედროვების ორი გამორჩეული ფეხბურთელის გარეშე „ელ კლასიკო“ ხიბლს დაკარგავს. თუმცა ვინ იცის... რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ „რეალი“ – „ბარსას“ დუელს დიდი ხიბლი ყოველთვის თან ახლდა და ეს მანამდეც, სანამ სცენაზე ლეო და კრიშტიანუ გამოჩნდებოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ „კამპ ნოუ“ აღნიშნულ მატჩს 28 ოქტომბერს უმასპინძლებს.

0.114508