ფეხბურთი

20:27 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები C დივიზიონში: საბერძნეთი, რუმინეთი, შვედეთი...

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში თამაში ხომ დაიბევა და ამასთან, 2020 წლის ერთა ლიგისთვის უკვე ერთი საფეხურით დაწინაურდა. ანუ, C დივიზიონში ითამაშებს.

დივიზიონში, სადაც ისე მარტივად არაფერი მოვა, როგორც ეს რანგით ყველაზე დაბალ საფეხურზე იყო.

ჯერჯერობით მომავალი ერთა ლიგისთვის დივიზიონები არ დაკომპლექტებულა და ნოემბერში გასამართი ორი ტური გასცემს ყველა კითხვას პასუხს. მიუხედავად ამისა, უკვე გამოკვეთილია კონტურები და შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, 2020 წელს, ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს გარდა რომელი გუნდები ითამაშებენ.

ამ დროისთვის C დივიზიონში შემდეგი გუნდები თამაშობენ:

ჯგუფი 1 - ისრაელი, შოტლანდია, ალბანეთი

ჯგუფი 2 - ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ესტონეთი

ჯგუფი 3 - ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი, სლოვენია

ჯგუფი 4 - სერბეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, ლიეტუვა

მეოთხე ტურის შემდეგ გარკვეულია: ლიეტუვა D დივიზიონში დაქვეითდა. ქვედა ლიგაში გავარდნის რეალური კანდიდატები არიან ესტონეთი და სლოვენია. აი, პირველ ჯგუფში (ისრაელი, შოტლანდია, ალბანეთი) არაფერია გარკვეული და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

B დივიზიონში დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა ფინეთი, რომელიც შესაძლოა დარჩენილ ორ ტურში ქულის ვერმოპოვების შემთხვევაშიც მოახერხოს დაწინაურება. ხოლო მესამე ჯგუფში ნორვეგია და ბულგარეთი იბრძვიან დაწინაურებისთვის. მეოთხე ჯგუფში კიდევ უფრო ჩახლართული სიტუაციაა - სერბეთი, მონტენეგრო და რუმინეთი, სამივე იბრძვის პირველი ადგილისთვის.

თავის მხრივ, B დივიზიონიდან C დივიზიონში დაქვეითების კანდიდატებზეც ვთქვათ: ჩეხეთი ან სლოვაკეთი იქნება საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქე მომდევნო ერთა ლიგაზე. დიდი შანსია იქ იყოს შვედეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდიაც. მეოთხე ტურის შემდეგ ყოველშემთხვევაში ასეა.

აი, D დივიზიონიდან საქართველომ უკვე გაიფორმა დაწინაურება, მაგრამ სამი გუნდია კიდევ გასარკვევი. მოცემული ვითარებით, ლუქსემბურგი/ბელარუსი, კოსოვო/აზერბაიჯანი და დიდი ალბათობით, მაკედონია შემოგვიერთდებიან.

რეალურად, რა და როგორ, ზუსტად 1 თვეში გვეცოდინება. სწორედ ნოემბერში დასრულდება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და მერე, უკვე დაზუსტებით დავწერთ 2020 წელს, ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეების შესახებ.

იქამდე, C დივიზიონამდე ძალიან დიდი დროა. იქამდე, ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი საუკეთესო მაჩვენებლითაა დასასრულებელი, რომ ჩვეულებრივ შესარჩევ ციკლში მეოთხე კალათაში ვიყოთ განეთესილი. იქამდე, ერთა ლიგის ნახევარფინალი და მერე ფინალია მოსაგები, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. როგორც ხედავთ, ამის გაკეთება D დივიზიონიდან გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვა რომელიმე დივიზიონიდან. შესაბამისად, შანსი, რომლისაც ასე ძალიან გვწამს, გამოსაყენებელია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118667