ფეხბურთი

10:26 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება - ერთა ლიგაზე საუკეთესო 90 წუთი

საქართველოს ნაკრები უკვე ერთა ლიგის ნახევარფინალშია. ოთხი მატჩიდან ოთხი მოგება, დამაჯერებელი უპირატესობა, სხვაობა კლასში და სრულიად დამსახურებული საგზური დივიზიონის საუკეთესო ოთხეულში.

„ჯვაროსნებმა“ ისტორიული თამაში რიგაში, „დაუგავა სტადიონზე“ ლატვიის ნაკრებთან ჩაატარეს. თავიდანვე ვთქვათ, რომ მიმდინარე გათამაშებაში ეს ნამდვილად იყო ქართველთა საუკეთესო შეხვედრა.

WORLDSPORT.GE გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი ლორია 6.5 - ისევ მშრალი მატჩი, უკვე ზედიზედ მეოთხე! გიორგის ბევრი საქმე ამჯერზეც არ ჰქონია, მაგრამ, როცა მისი ჩართვა გახდა თამაშში საჭირო, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

ოთარ კაკაბაძე 6.5 - ანდორასთან ბევრად კარგი თამაში ჩაატარა. ლატვიასთან კი შეტევაში ისე ნაყოფიერი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, კარგი 90 წუთი ჰქონდა.

დავით ხოჭოლავა 6.5 - სოლომონ კვირკველია კარგად შეცვალა. საერთოდ, მისი სახით ნამდვილად საიმედო ფეხბურთელი ჰყავს საქართველოს ნაკრებს. კაშიას კარგად უგებდა და ლატვიელი ფორვარდებისთვის დიდი თავისუფლება არ მიუცია.

გურამ კაშია 6.5 - შეხვედრა ვიცე-კაპიტნის რანგში დაიწყო და კაპიტნად დაასრულა. დაცვის ხაზს სწორედ ის ხელმძღვანელობდა, როგორც ყოველთვის. საქართველოს ნაკრებს რომ გოლი არ აქვს გაშვებული, ამაში გურამის წვლილი დიდია.

ლაშა დვალი 6.5 - ლაშა ცენტრალური მცველია. თუმცა, ვაისის ცდილობს, რომ მარცხენა ფლანგისთვის მოამზადოს. მართალია, შეტევაში ვერ ერთვებოდა, როგორც ეს ფლანგის მცველს ეკადრება, მაგრამ დაცვაში ნამდვილად უშეცდომო გახლდათ. მესამე საგოლე შეტევაც რეალურად მისი სწორი და ზუსტი პასით დაიწყო.

ნიკა კვეკვესკირი 6.5 - ამჯერად ოდნავ ჩრდილში იყო, მაგრამ შავი სამუშაო ბლომად შეასრულა. მისი პასები კი ნაკრების თამაშში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ჯაბა კანკავა 7.5 - მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა. არ გაუმართლა, ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. თუმცა, იქამდე მოასწრო იმდენი, რომ ტაში დავუკრათ. ულამაზესი, ევროგოლი შეაგდო! იბრძოდა, როგორც გლადიატორი.

გიორგი მერებაშვილი 6 - ყაზახეთთან მატჩის შემდეგ გიორგიმ კიდევ ერთი შანსი მიიღო. ისევ მარჯვენა ფლანგზე, რომელიც მისთვის იდეალური ფლანგი არაა. თუმცა, თავიდან აქტიურიც იყო. პენალტიც მის ჩაწოდებას მოჰყვა. ბოლოსკენ გოლის გატანის შანსი გაანიავა, ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ვაკო გვილია 7.5 - ვაკო დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში და ვაკო იყო ისეთი ეფექტური, როგორიც გვახსოვს. გოლის ეპიზოდში ძალიან მაგრად ითამაშა. გაიხსნა იდეალურად, ბურთი ერთი მოძრაობით ფატასტიკურად გაისწორა დასარტყმელად და გატანაც არ გაუჭირდა. კარგი იყო სხვა ეპიზოდებშიც და მისი იმედიც ნებისმიერ დროს უნდა გვქონდეს.

გიორგი ჩაკვეტაძე 9 - რა ვთქვათ? ყველაფერი მოედანზე გამოჩნდა. ის ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ უკვე ძალიან მაგარიცაა. ორი გოლი მისი შექმნილია. გააწამა ლატვიელი მცველები, ვერაფერს უხერხებდნენ. გვილიას საოცარი საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო მეორე ტაიმში მაგრად გაიხსნა და დრიბლინგით დაასრულა შეტევა. მაგარი გოლი იყო. აჩქარებაც საჭირო დროს გააკეთა და პაუზაც, რამაც მცველიც დააბნია და მეკარეც. ბევრი ლეგენდარული გოლი გამახსენა ამ გოლმა... ზიდანი გოლი ესპანეთთან 2006 წლის მუნდიალზე, რონალდინიოს გოლი „ელ კლასიკოში“ 2005 წელს... კარგი იყო, მთავარია პროგრესი განაგრძოს, ეს უმნიშვნელოვანესია.

ვაკო ყაზაიშვილი 6 - ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ირჯებოდა. ბუნებრივია ეს არაა ვაკოს საყვარელი პოზიცია. გოლის გატანა მალევე შეეძლო, მაგრამ პენალტი ცუდად დაარტყა. ვერც სიძლიერეზე გააკეთა აქცენტი და ვერც სიზუსტეზე. თუმცა, ხდება ხოლმე... მერეც, ზოგჯერ გამოთიშული იყო თამაშიდან, თუმცა, რამდენჯერმე ხიფათი მაინც შექმნა. მესამე გოლის კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა და პირველი გოლიც პრინციპში მისი აქტიურობის შემდეგ დაიბადა.

გიორგი აბურჯანია 6.5 - კარგად ჩაერთო. საერთოდ, აბურჯანიაც საიმედო ფეხბურთელია, უბრალოდ კონკურენციის გამო იშვიათად უწევს თამაში. ამჯერად, კანკავას ტრავმის გამო მოუწია მოედანზე გასვლა და კარგად შეეწყო გუნდს. საგოლე პასიც მიითვალა. უბრალოდ, დააკვირდით, რა მაგარი გადაცემა გაუკეთა ერთი შეხებით ჩაკვეტაძეს ფლანგზე. დროული, უზუსტესი, იდეალური.

ჯაბა ჯიღაური შ.გ - ჯიღაურმა ოდენ 10 წუთი ითამაშა და შესაბამისად, შეფასების გარეშე დარჩა.

ლუკა ზარანდია შ.გ - ლუკას დებიუტი ჰქონდა. მართალია ძალიან მცირე დრო ითამაშა, მაგრამ ეს მისთვის სტიმული უნდა იყოს.

ვლადიმირ ვაისი 7.5 - მიმდინარე ერთა ლიგაზე ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არ ვაჭარბებთ. საქართველომ მეტოქე ძალიან დაჩაგრა, რომ მოენდომებინა, შესაძლოა უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო. ვაისმა ცვლილებები განახორციელა, რამაც ბევრი შეაშფოთა, მაგრამ გაამართლა. სლოვაკმა უახლოესი რეზერვიც გამოსცადა და შანსიც მისცა ფეხბურთელებს. გუნდმა აშკარად იცის, რა გააკეთოს, როდესაც მოედანზე გადის, გუნდმა იცის ფეხბურთის თამაში და დისციპლინით თამაშობს. არის კომბინაციებიც. მეორე და მესამე გოლი ხომ კარგი კომბინაციის შედეგი იყო. განსაკუთრებით მესამე...

0.113096