ფეხბურთი

19:10 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: "საქართველო სწრაფი გუნდია და კონტრშეტევებზე სახიფათოა"

ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიქსუ პაატელაინენი საქართველოსთან მატჩის წინ საუბრობს. ფინელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ფავორიტია და ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში შემთხვევით არ მოუგია.

მიუხედავად ამისა, პაატელაინენი ლატვიელ ქომაგს გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

„ყველა თამაშში მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ. საქართველომ ტურნირი ძალიან კარგად დაიწყო და სამივე შეხვედრა მოიგო. გააკეთა ის, რასაც ბევრი ელოდა. რთული თამაში იქნება და დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. თუმცა, საგოლე მომენტებიც უნდა შევქმნათ.

დარჩენილ სამ თამაშში მაქსიმამუმისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ყველა მატჩი ვერ მოვიგოთ, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ყოველი თამაშის წინ ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ იმდენად დაიხარჯონ, რომ ლატვიაში იამაყონ. ჩემთვის მთავარია, მოედანზე ბოლომდე დახარჯვა.

საბალა და ისაევსი გუნდთან ერთად არიან და ითამაშებენ. გინტ ფრეიმანისი კი სახლში დაბრუნდა, რადგან ტრავმირებულია. დევის იკაუნიკსი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ამავდროულად გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში კარგად თამაშობენ. გადაწყვეტილება რთული მისაღები იქნება, ვინ ითამაშებს და ვინ - არა.

საქართველოსთან ჩვენი შეტევა ძალიან შეზღუდული იყო, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შევქმენით. ახლაც, მეტოქე ფავორიტია, თუმცა ვეცდებით, რომ თავდასხმაში ჩვენი იდეები განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი იყოს და კონტრშეტევები არ მივიღოთ, რადგან საქართველო სწრაფი გუნდია და ამ კომპონენტში საფრთხის შექმნა შეუძლია.

ანანიძეს ტრავმა ჰქონდა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს თამაში. თუმცა, საქართველოს მის გარდა ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და შესაბამისად, მათი თამაშის ხარისხი არ შეიცვლება. ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ სატამაშო სტილი იგივე რჩება. ჩვენ კი გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ დადებითი შედეგებამდე მივიდეთ.

გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები პოზიტიურად არიან განწყობილნი. ვმუშაობთ ყველაფერზე, ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ თამაში დაცვაში, თავდასხმაში. ვეძებთ უკეთესს, წინა თამაშთან შედარებით. საქართველო კი ყაზახეთზე სწრაფი გუნდია“, - განაცხადა პაატელაინენმა.

შეგახსენებთ, ლატვიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ იგეგმება.

0.156679