ფეხბურთი

10:58 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: ერთიანობა და ბრძოლა საფინალო სასტვენამდე

3 თამაში, 3 მოგება, 6 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი. 9 ქულა, პირველი ადგილი და 7-ქულიანი უპირატესობა კონკურენტებთან (ან ყოფილ კონკურენტებთან). ეს, საქართველოს ნაკრების მონაგარია ერთა ლიგის პირველ წრეში. დიახ, შეგვიძლია პირველი წრე ვუწოდოთ, რადგან სამი თამაში უკვე მიილია.

„ჯვაროსნებმა“ მორიგი გამარჯვება ანდორის ნაკრებთან მოიპოვეს და მდგომარეობა ძალიან გაიმყარეს. WORLDSPORT.GE ტრადიციულად გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი ლორია 6 - გიორგი ლორია ფაქტობრივად მაყურებლის როლში იყო, ოღონდ ყველაზე კარგი ადგილი ხვდა წილად... თუმცა, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ერთხელ მაინც ჩაერთო თამაშში და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. მე-11 წუთზე ვიეირას რთული ბურთი აუღო, კარგი რეაქცია გამოვლინა.

ოთარ კაკაბაძე 7 - ვინაიდან მეტოქე შეტევაში ვერ მიდიოდა, კაკაბაძეს წინ წასვლა თამამად შეეძლო. შედეგად, საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრ ჩაატარა. ბოლოს, საგოლე პასიც მიითვალა, როდესაც ჯაბა კანკავას გამოზომილი გადაცემა გაუკეთა.

სოლომონ კვირკველია 6 - დაცვაში ფაქტობრივად უსაქმოდ იყო მეტოქის ინერტულობიდან გამომდინარე. თუმცა, მიუხედავად ამისა, კონცენტრაცია არ დაუკარგავს. ჰქონდა საგოლე ეპიზოდებიც. ერთხელ კარგად ვერ დაარტყა, ხოლო მანამდე, პირველ ტაიმში მეკარემ არ დაანება გოლის გატანა.

გურამ კაშია 6 - დაახლოებით იგივე ითქმის კვირკველიას მეწყვილე კაშიაზე. გურამი დაცვაში ყურადღებით ირჯებოდა და შეტევაშიც აქტიურობდა. განსაკუთრებით მატჩის დასაწყისში, როცა რამდენჯერმე მოიგო მეტოქის საჯარიმოში მეორე სართულზე ორთაბრძოლა. თუმცა, მიზანი ვერ გაისწორა.

გიორგი ნავალოვსკი 7 - ძალიან აქტიური იყო. ძნელია გავიხსენოთ მატჩი, რომელშიც გიორგი ნავალოვსკის ამდენი საგოლე მომენტი ჰქონდა. პირველ ტაიმში თავით ოდნავ არაზუსტად დაარტყა, იქამდე ფეხით ზემოდან გადააცილა კარს, ხოლო მეორე ნახევარში ჩინებული კომბინაციის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიყვანა ხელსაყრელ სიტუაციაში, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობა დააკლდა. აქტიურობდა ფლანგური გადაცემების დროსაც. აი, დაცვაზე რა უნდა ვთქვათ, მეტოქისგან დიდი ზეწოლა ნამდვილად არ ჰქონია.

ჯაბა კანკავა 7.5 - კაპიტანმა იკაპიტნა. კანკავა იყო შეუპოვარი და ერთი სანტიმეტრიც არ დაუთმია მოწინააღდეგისთვის. არ მორიდებია შეტევაში აქტიურად თამაშსაც, რასაც ჯაბასგან დაჩვეულნი არ ვართ. შედეგიც მოიმკა, იმდენად მოაწადინებული იყო გოლზე, რომ მსაჯის მეოთხე დამატებული წუთის ბოლო წამებზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და დაუფასდა კიდეც. ისე გატანა იქამდეც შეეძლო თან არაერთხელ. მეორე ტაიმის სტარტზე ანდორელთა კარის დარაჯმა საოცარი ბურთი აუღო.

ნიკა კვეკვესკირი 6.5 - პირველ ტაიმში ოდნავ გაუჭრდა და ეს თავადაც აღიარა. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი გრძელი გადაცემით დაიწყო პირველი საგოლე შეტევა. მართალია, ნიკას პასი არ გასულა, მაგრამ მცველის ჩაჭრილ ბურთს მოჰყვა ყველაფერი. აი, მეორე გოლის დროს პასი გავიდა და შეიძლება ითქვას, მისი დამსახურებაა ანდორელთა კარში მეორე გოლი. ყაზაიშვილს ძალიან, ძალიან მაგარი პასი გაუკეთა. სხვა მხრივაც, მთელი თამაში სცდილობდა კრეატიული ფეხბურთის ჩვენებას და რიგ ეპიზოდებში გამოსდიოდა კიდეც.

გიორგი ჩაკვეტაძე 6.5 - ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო და ხშირად ამწვავებდა თამაშს. თუმცა, ხან მარჯვენა ფლანგზე უწევდა გარჯა, ხანაც - მარცხენაზე. პირველი ხიფათიც მის გადაცემას მოჰყვა და პირველი გოლიც მისი ჩაწოდებიდან დაიბადა. მეორე ნახევარშიც არ დაუკლია ცდა, მაგრამ ანდორელები დიდი გულისყურით ეთამაშებოდნენ. ერთხელ კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ვერ დაარტყა სათანადოდ.

ვაკო ყაზაიშვილი 8 - საუკეთესო. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დუბლი გაიფორმა. პირველი გოლი მთლიანად მისი ოსტატობის დამსახურება იყო. კარგად მიიღო ბურთი, გაისწორა და ზუსტად იქ დაარტყა, სადაც მეკარეს უბრალოდ შანსი არ ექნებოდა. მეორე გოლის დროსაც აჩვენა კლასი. კარგად გაიხსნა, კარგად გათავისუფლდა და პარაშუტით დაჩაგრა მეკარე. ვაკო საქართველოს ნაკრებისთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა.

ოთარ კიტეიშვილი 6 - მისთვის ერთა ლიგაზე დებიუტი იყო. თავიდან ცოტა არ იყოს გაუჭირდა თამაშში შესვლა და კარგა ხანს უბურთოდ უწევდა ყოფნა. ტაიმის შუაწელიდან უფრო გაიხსნა და გოლში მისი წვლილიცაა. მცველთან ბოლომდე იბრძოლა და რომ არა ეს ყველაფერი, ვინძლო ყაზაიშვილის ბურთი არც მისვლოდა. მეორე ტაიმიც პროდუქტიულად დაიწყო: ჯაბა კანკავას ძალიან მაგარი და გამოზომილი გადაცემა გაუკეთა. ფაქტობრივად საგოლე პასი იყო, მაგრამ მეკარე შესაშურად კარგად გაისარჯა. თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ადგილი ჯანო ანანიძეს დაუთმო.

ნიკა კაჭარავა 6 - გოლი ვერ გაიტანა. თუმცა, ვფიქრობთ, გაცილებით კარგად ითამაშა, ვიდრე ლატვიასთან ერთი თვის წინ. ბევრს იბრძოდა, არაფერი დაუთმია. პირველი საგოლე მომენტიც მას ჰქონდა, მეკარემ აუღო. აშკარაა, რომ საუკეთესო პერიოდს არ განიცდის, მაგრამ ნიკას რომ უკეთ თამაში ძალუძს, ეს აქამდეც აქვს დამტკიცებული და ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო ფორმაში შესვლას მოახერხებს.

ჯანო ანანიძე 6 - ჯანომ 68-ე წუთიდან ითამაშა. ეს დრო შესაფასაბელად საკმარისი ნამდვილად არაა, მაგრამ მოდით, ავანსად იყოს. ანანიძე საქართველოს ნაკრების ხერხემალია და მისი ფორმაში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. რამდენიმე ეპიზოდში ჩინებული პასები დაარიგა. თუმცა, მთლიანობაში საუკეთესო კოდიციებისგან რა თქმა უნდა, შორსაა.

ვაკო გვილია შ.გ - გვილიას ვაისმა ისევ მწირი დრო დაუთმო. ამიტომ, შეფასების გარეშე დარჩა.

ვახტანგ ჭანტურიშვილი შ.გ - იგივე ითქმის ჭანტურიშვილზეც. თუმცა, ორი საქმის გაკეთება მაინც მოასწრო. მეტოქეს წითელი ბარათი მიაღებინა და მესამე საგოლე შეტევაც მან დაიწყო.

ვლადიმირ ვაისი 7 - სლოვაკმა მატჩამდე აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იქნებოდა. სცადა კიდეც საქართველოს ნაკრებმა მალევე წინ გასვლა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა, გუნდი არ მოდუნებულა და საწადელს პირველ ტაიმში მაინც მიაღწია, რაც საბოლოო ჯამში გარდამტეხიც აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა მეტოქის დაცვის გასარღვევად შემუშავებული: კომბინაციური ფეხბურთი მოკლე პასებით, რამაც რამდენჯერმე ხიფათი მართლაც მოიტანა. ამასთან, მოედნის სიღმირდან გრძელი პასები, რასაც ძირითად კვეკვესკირი აკეთებდა, მაგრამ ერთხელ კვირკველიას გადაცემაც სახიფათო გამოდგა. და სტანდარტული სიტუაციები. კუთხურებიდანაც იგრძნობოდა ხიფათი.

საერთოდ, ვაისისა და ნაკრების შესაფასებლად ანდორა ნამდვილად ვერ გამოდგება, მაგრამ მოცემული რეალობა ასეთია. და კიდევ, ალბათ, ხშირად არ გვახსენდება ისეთი მატჩები, რომელსაც საქართველოს ბოლო წუთზე 2:0 იგებდა და შეტევას სცდილობდა, იბრძოდა. ასე იყო გუშინ და მესამე გოლიც ამან მოიტანა. ორ აზრი არაა, რომ ვაისის ხელი ამაშიც ურევია. ფაქტია, სლოვაკი და ნაკრები ნელ-ნელა გაშინაურდნენ. რაც მთავარია, გუნდში ერთიანობა და გუნდური სულისკვეთება იგრძნობა. ეს, ალბათ ყველაზე კარგი სიახლეა ვაისის ფორმაციის ნაკრებში.

0.121512