ფეხბურთი

17:27 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ანდორა ორგანიზებული გუნდია"
"გიორგი არაბიძის ნაკრებში არყოფნა შემთხვევითობა არაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ანდორა ორგანიზებული გუნდია და ამ ეტაპზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტიცაა:

„მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. კარგია, რომ 6 ქულა გვაქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ანდორა ამჟამად საქართველოს მთავარი კონკურენტია, რომელიც ორგანიზებული გუნდია და ზედიზედ 5 თამაში არ წაუგია“.

გიორგი არაბიძე - „ხშირად ვსაუბრობთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც არ არიან ნაკრებში. გვსურს, რომ დავეხმაროთ ამ ფეხბურთელს და რეალურად ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ვარჯიშებზე, თამაშებში უფრო მეტი უნდა იშრომოს ბურთის გარეშე და შემთხვევითობა არაა, რომ ამჟამად ჩვენთან ერთად არ იმყოფება“.

ფორვარდი – „ანდორის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე არის მთავარი მწვრთნელი. ამ გუნდს კარგი შედეგები აქვს და ვფიქრობ, აქ სასეირნოდ არ ჩამოსულან. რაც შეეხება ფორვარდს, ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულნი არიან და ჩვენ მხოლოდ ნიკა კაჭარავა გვყავს. ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია ვაკო ყაზაიშვილსაც, მაგრამ ახლა მთავარი ის კი არ არის, რამდენი ფორვარდია გუნდში, არამედ ის, რამდენ ფეხბურთელს შეუძლია შეტევა“.

მეკარე - „სამწუხაროა, რომ „კრილია სოვეტოვი“ დატოვა ლორიამ, მაგრამ ხარისხის, გამოცდილების მხრივ ის პირველი მეკარეა დღეს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. რა თქმა უნდა, როინ კვასხვაძეც ელოდება შანსს და მესამე მეკარე, ახალგაზრდა ლაზარე კუპატაძე, რომელიც ძალიან ბევრს სწავლობს ვარჯიშებზე. თუმცა, ვიმეორებ, ამ ეტაპზე ლორია ჩვენი ნაკრების პირველი მეკარეა“.

მიზანი - „რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. მწვრთნელმა ზუსტად იცის თავისი გუნდის შესაძლებლობები. გვინდა, რომ სწრაფი გოლი გავიტანოთ და ეს გახდეს გამარჯვების საწინდარი. ლატვიასთან 50 ათასი გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე და მჯერა, ხვალაც დიდ როლს ითამაშებენ ჩვენს წარმატებაში“.

ჯანო ანანიძე - „შემიძლია ვთქვა, რომ 90%-ით სასტარტო შემადგენლობისთვის მზად არაა. თუმცა, უკვე ითამაშა „სპარატკის“ რიგებშიც. ფიზიკურად მზადაა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლია. ვნახოთ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თამაშში ჩაერთოს კიდეც. ეს, იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი წარიმართება შეხვედრა. არაა გამორიცხული მისმა ჭკვიანურმა პასმა თამაშის ბედიც გადაწყვიტოს... მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ ჯანოს 30 წუთით თამაში შეუძლია“.

ნიკა კაჭარავა - „სამწუხაროა, რომ კლუბში არ ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თუმცა, მოცემული რეალობიდან გამომდინარე ვთვლი ის საუკეთესოა. არ ვიცი, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. რესურსი არის, რომ ნახევარდაცვიდან გავაძლიეროთ შეტევა. ვფიქრობ, ნიკას შეუძლია ჩვენი დახმარება და სწორედ ამიტომაც არის ნაკრებში“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას 13 ოქტომბერს, თბილისში, ანდორის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. სამი დღის შემდეგ კი „ჯვაროსნები“ რიგაში, ლატვიას დაუპირისპირდება.

Loading...
0.114397