ზაზა ფაჩულიას აკადემიაში "დელტამ" სეზონის წინ პირველ ტესტში მიიღო მონაწილეობა. მოწინააღმდეგე - აკადემიის ახალგაზრდული გუნდი, რომელიც შარშან, 18-წლამდელების საუკეთესო მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ზაზას ამ გუნდიდან ბიჭებს მომატების, წინსვლის კარგი პერსპექტივა აქვთ. შეხვედრა 96:57 დასრულდა. "დელტას" სასარგებლოდ.
ვესაუბრებით "დელტას" მთავარ მწვრთნელს.
ლექსო ლაფანაშვილი: "დელტას" ტრავმების გამო 4 მოთამაშე აკლდა. მათ შორის, ერთი ამერიკელი ლეგიონერი. ჩვენი მიზანი საკუთარი სისუსტეების უფრო კარგად დაფიქსირება იყო. დავინახეთ, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. უკმაყოფილო არ ვარ. კი, შეცდომები იყო, მაგრამ ეს ნორმალურია. გუნდი აუცილებლად მოუმატებს. ჩემპიონატამდე დაგვიბრუნდებიან ტრავმირებულები, რაც მეტ ოფციას, მეტ სიღრმეს მოგვცემს. ეს დაგვეხმარება სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებაში. გაიზრდება კონკურენცია. დაგეგმილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა. ეს მატჩი კი ჩვენთვის აუცილებელი იყო. ალბათ, კარგი პრაქტიკა მიიღეს "ზაზას" ახალგაზრდებმაც. მინდა, ბიჭებს წარმატება ვუსურვო. მადლობას ვუხდი აკადემიას ამ შეხვედრისთვის."







