ჭადრაკი

23:55 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ოლიმპიადის ლიდერთა სამეული: აშშ, საქართველო, სომხეთი
ქართული მატჩი საჭადრაკო ოლიმპიადაზე

საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველმა ნაკრებმა კანადის გუნდის წინაამღმდეგ ითამაშა. ბაადურ ჯობავამ პირველ დაფაზე გამარჯვება მოიპოვა ერიკ ჰანსენთან, რომლის რეიტინგი 2629 გახლავთ. მიხეილ მჭედლიშვილი რაზვან პრეოტუსთან დამარცხდა. ლევან ფანცულაიამ კანადელთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ევგენი ბარეევთან ქულა გაიყო, ასევე ივან ჩეპარინოვმაც ჩვენს გუნდს ნახევარი ქულა შესძინა. საბოლოოდ, ფრე -2:2.

საქართველოს მეორე გუნდმა ვიეტნამის ნაკრებთან ფრედ 2:2 ითამაშა. ლუკა პაიჭაძემ თავისი პარტია ყაიმით დაასრულა, ისევე როგორც - ირაკლი ბერაძემ. დავით მაღალაშვილმა მარცხი იწვნია, სამაგიეროდ, თორნიკე სანიკიძემ მოიგო

რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა მესამე გუნდს - იგი ჰოლანდიის ნაკრებთან 1,5:2,5 დამარცხდა. ნოე თუთისანმა (2471) წააგო ანიშ გირთან (2780) , ლუკა ობოლაძემ (2340) კი ერვინ ლამთან (2639) დათმო შეხვედრა. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2343) და ლოეკ ვან ველი (2642) დაზავდნენ. მეოთხე დაფაზე კი გიორგი სიბაშვილმა (2425) - იორდენ ვან ფორესტს (2624) მოუგო.

მორიგი გამარჯვება იზეიმა ერთ-ერთმა ლიდერმა აზერბაიჯანი ნაკრებმა. ჩვენმა მეზობლებმა ამჯერად ჩეხ მოჭადრაკეებს 3:1 მოუგეს. პოლონელებმა და ჩინელებმა ერთნაირი ანგარიშით - 2,5:1,5 სძლიეს შესაბამისად, - უკრაინელებსა და ირანელებს.ფრედ 2:2 დასრულდა შეხვედრა ისრაელისა და გერმანიის მოჭადრაკე ვაჟებს შორის, ასეთივე შედეგი დაფიქსირდა ინდოეთი-რუსეთისა და ინგლისი-საფრანგეთის შეხვედრებში, ხოლო აშშ-ს ნაკრებმა, რომელიც ასევე ტურნირის ფავორიტია, 3,5:0,5 დაამარცხა ბოსნიის გუნდი.

6 ტურის შემდეგ აბსოლუტური შედეგი (6-6 გამარჯვება და შესაბამისად 12-12 ქულა) აქვთ აზერბაიჯანისა და პოლონეთის ნაკრებებს. მესამე ადგილზე აშშ-ს ნაკრებია, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 11 ქულა მოაგროვა (გამარჯვების შემთხვევაში 2 ქულა იწერება, ფრეს შემთხვევაში - 1 ქულა).

საქართელოს სამივე ნაკრები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად განლაგდა: პირველ და მეორე გუნდებს 3-3 გამარჯვება, 2-2 ფრე, თითო მარცხი და შესაბამისად 8-8 ქულა აქვთ აქტივში, ისინი 36-ე - 37-ე ადგილებს იყოფენ. ჩვენმა მესამე ნაკრებმა კი 4 თამაში მოიგო, 2 წააგო, ასევე 8 ქულა აქვს დაგროვებული და კოეფიციენტით 38-ე ადგილზეა.

მეშვიდე ტურში ცენტრალური მატჩი გაიმართება ლიდერებს - აზერბაიჯანისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის. საქართველოს პირველი ნაკრების მეტოქე მაკედონიის გუნდია, მეორე ნაკრები - კოლუმბიას ეთამაშება, ხოლო ჩვენი მესამე გუნდი - მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქალთა ოლიმპიადაზე 6 ტურის შემდეგ სამხელისუფლიანობაა: აშშ-ს, საქართველოს პირველ ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებებს 5-5 მოგება, თითო ფრე და შესაბამისად 11-11 ქულა აქვთ. კოეფიციენტის მიხედვით, ამერიკელი მოჭადრაკე ქალები პირველ ადგილზე არიან, ქართველები - მეორეზე.

ამ ტურში ქართული მატჩი შედგა - ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის პირველი და მეორე ქალთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გუნდების ლიდერები - ნანა ძაგნიძე (2509) და სალომე მელია (2391) ყაიმზე შეთანხმდნენ. ლელა ჯავახიშვილმა (2475) - ინგა ჭარხალაშვილს (2317) მოუგო. მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა (2469) და სოფო გვეტაძემ (2325) ქულა გაიყვეს. მერი არაბიძე (2404) კი სოფიკო ხუხაშვილს (2301) დაუზავდა. საბოლოოდ, საქართველოს პირველმა ნაკრებმა 2,5:1,5 იმარჯვა.

საქართველოს მესამე ნაკრები უნგრეთის გუნდს დაუპირისპირდა და 0,5:3,5 წააგო.

ნინო ხომერიკი (2313) დან ჰოანგთან (2423) დამარცხდა, ლილე ქორიძე (1931) - ტისია გარასთან (2321), მარიამ ჯანიაშვილი (2081) - ანიტა გარასთან (2370). თამარ ესაძე (1911) კი ჟულიანა ტერბეს (2260) დაუზავდა.

სატურნირო ცხრილში სამხელისუფლიანობა აშშ-სა და ინდოეთის ნაკრებებს შორის მატჩის ფრედ (2:2) დასრულებამ გამოიწვია, მანამდე ოკეანისგაღმელებს აბსოლუტური შედეგი ჰქონდათ და ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. ასეთივე შედეგი დაფიქსირდა უკრაინისა და ჩინეთის ნაკრებთა შეხვედრაში, ხოლო სომეხმა მოჭადრაკე ქალებმა 3:1 დაამარცხეს რუსები.

ისევ სატურნირო მდგომარეობას დავუბრუნდეთ. პირველი სამეულის შესახებ უკვე მოგახსენეთ. 10-10 ქულა აქვს 9 გუნდს: ჩინეთის, ინდოეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, იტალიის, უზბეკეთის, ირანის, ჰოლანდიისა და რუმინეთის ნაკრებებს. ისინი მე-4-მე-12 ადგილებს იყოფენ, მეცამეტეზეა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მეორე ნაკრები, რომლის აქტივში 4 გამარჯვება, 1 ფრე, 1 დამარცხება და შესაბამისად 9 ქულაა. რაც შეეხება საქართველოს მესამე ნაკრებს, ეს უკანასკნელი 7 ქულით სხვა გუნდებთან ერთად 39-ე-63-ე ადგილებს იყოფს.

მეშვიდე ტურში საქართველოს ქალთა პირველ ნაკრებს მეტად რთული შეხვედრა ელის ინდოეთის გუნდთან. საინტერესო იქნება სომხეთისა და აშშ-ს ნაკრებთა დაპირისპირება. ჩვენი მეორე ნაკრების მეტოქე - ფილიპინების ნაკრებია, ხოლო მესამე ნაკრები ავსტრიის გუნდს ეთამაშება.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.15432