ფეხბურთი

12:35 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ლევანდოვსკი სერია A-ში

კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო იგუაინი, მაურო იკარდი, ჩირო იმმობილე ან თუნდაც ანდრეა ბელოტი? - არა, იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის სხვა ფორვარდი ბრწყინავს და მასზე აქამდე ბევრმა არაფერი იცოდა. ის, 23 წლისაა და ტოპ ლიგაში პირველ ნაბიჯებს დგამს. მიუხედავად ამისა, კალჩოსთან ადაპტაცია ისე სწრაფად გაიარა, გეგონებათ, წლებია უკვე იქ თამაშობსო.

მაგრამ არა, "ჯენოაში" გასულ ზაფხულს აღმოჩნდა და იქამდე მხოლოდ სამშობლოში, "ზაგლებიესა" და "კრაკოვიას" ღირსებას იცავდა, ამ გუნდის მაისურით პოლონეთის ექსტრაკლასაში გასულ სეზონში თავი 35 თამაშში 21 გოლით კი გამოიჩინა, მაგრამ ერთია პოლონური ექსტრაკლასა და მეორე, მართლაც ექსტრაკლასი - იტალიის სერია A.

კრშიშტოფ პიატეკი - როგორც უწოდებენ, ახალი ლევანდოვსკი. თანამემამულეს აღნაგობით წააგავს კიდეც, ფიზიკურად ძლიერია და რაც ვნახეთ, არც ტექნიკა დაეწუნება და არც ფორვარდისთვის მთავარი, საგოლე ალღო. პიატეკმა სერია A-ში 5 თამაში ჩაატარა და ჯერჯერობით მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. გაუტანა "ემპოლის", "სასუოლოს" (დუბლი), "ბოლონიას", "ლაციოს" და "კიევოს". ჰოდა, ბომბარდირთა დავას ლიდერობს 6 გოლით - კრიშტიანუს, იგუაინსა და იკარდის ზემოდან გადმოჰყურებს. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ იტალიის თასზე "ლეჩესთან" საერთოდ ვერ გააჩერეს და პოკერი გაიფორმა! ამასთან, ტოპ ჩემპიონატებიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ოფიციალურ თამაშებში უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო.

როგორც იტალიურმა მედიამ დაწერა, 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც წელს პოლონეთის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, უკვე მოხვდა თვით კატალონიის "ბარსელონას" თვალთახედვის არეში. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ამ საკითხზე თავად პოლონელმა გააკეთა კომენტარი და მოკრძალებულად აღნიშნა, არ მჯერა, რომ "ბარსელონას" ვაინტერესებო. შესაძლოა, ახლა არ სჯერა, მაგრამ ასე თუ გააგრძელებს, არამატო "ბარსა", არამედ ევროპული გრანდების რიგი ნამდვილად დაუდგება.

არადა, სულ რაღაც 6 თვის წინ იმ ლიგაში ირჯებოდა, რომელშიც ქართველთა ნაკლებობა, მეტწილად ბოლო პერიოდში, ნამდვილად არ იგრძნობა. ჩვენ კი, დავაკვირდეთ კრიშტოფ პიატეკს, იგივე ახალ ლევანდოვსკის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132596