ძიუდო

18:05 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქართველების ფინალით და საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ბაქოში ჯერ კიდევ მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე დღეს მედლები მამაკაცთა შორის +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მსოფლიო რეიტინგის 23 წლის ლიდერი გურამ თუშიშვილი ავიდა.

ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი ქართველი მძიმეწონოსანი გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და საფინალო გონგამდე 4 წამით ადრე შეუსრულა იპონი.

გურამ თუშიშვილმა ფინალამდე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. საქმეში მეორე წრიდან ჩაება და თავისზე ერთი თავით მაღალი რუმინელი დანიელ ნატეა მესამე წუთზე დასცა ბეჭებზე. უკრაინელ იაკივ ხამოსაც იპონით გაუსწორდა, ასევე არასრულ სამ წუთში. სუფთა გდებით აჯობა ჰოლანდიელ რეი მეიერსაც, ოღონდ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, გვარიანად გაუჭირდა – გადამწყვეტი ილეთი მერვე წუთზეღა შეასრულა. ნახევარფინალში ქართველმა მძიმეწონოსანმა მონღოლი დუურენბაიარ ულზიიბაიარი დაატრიალა ულამაზესი კისრულით.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. თუშიშვილამდე კვარცხლბეკზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ავიდნენ. ლიპარტელიანმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, პაპინაშვილმა – მესამე.

ხვალ ბაქოს ტატამზე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, ოღონდ საქართველოს გარეშე. შეჯიბრებაში მამაკაცთა და ქალთა გაერთიანებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ქართველები კი აზერბაიჯანში მხოლოდ მამაკაცების ნაკრებით ჩავიდნენ.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბაქო

26 სექტემბერი

კაცები

+100 კგ

1. გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2. უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი)

3. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)

3. დუურენბაიარ ულზიიბაიარი (მონღოლეთი)

ქალები

+78 კგ

1. სარა ასაინა (იაპონია)

2. იდალის ორტიზი (კუბა)

3. ლარისა ჩერიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

3. კაირა საიტი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148586