ჭადრაკი

3:58 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა
დღეს პირველი შეხვედრები იმართება

„ბლექ სი არენაზე“, საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდგა. ნინო ანანიაშვილის საბალეტო დადგმას, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სუხიშვილების“ ნომრებს, გიორგი ათონელისა და ნინო ქათამაძის შესანიშნავ შესრულებებს, გიორგი უშიკიშვილის გუნდის „ჩაკრულოს“,ამ სიმღერის კოსმოსში გაგზავნის ვიდეოგაფორმებით, ტაში და ოვაციები არ მოჰკლებია. გარდა ამისა, „ბლექ სი არენაზე“ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ოფიციალურმა პირებმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობას ნდობისთვის, რამაც საშუალება მისცა ჩვენს ქვეყანას ემასპინძლა ასეთი მაღალი დონის ტურნირისათვის.

„ისეთი სპორტული ფორუმის მასპინძლობა, რომელშიც ჩართულია ათასობით მონაწილე და მოხალისე, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. მოგეხსენებათ, საქართელო გახლავთ ჭადრაკის დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ისეთი დიდი სახელები აჩუქა, როგორებიც გახლავთ ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ბევრი სხვა. ამ ადამიანებმა საჭადრაკო სამყაროში მთელი ეპოქა შექმნეს... მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა ტურნირის თითოეული მონაწილის მიმართ, დაგიდასტუროთ სრული მხარდაჭერა საქართველო მთავრობის სახელით. სწორედ ჩვენი მთავრობის, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ ბათუმი ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს უმთავრეს საჭადრაკო ღონიძიებას... წარმატებას გისურვებთ შეჯიბრების მონაწილეებს,“ -განაცხადა მინისტრმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გადაწყდა 43-ე ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება, ქალაქში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, - კერძოდ აშენდა ახალი მრავალფუნქციური სპორტულიკომპლექსი, რომელის ტურნირს უმასპინძლებს. აგრეთვე აღნიშნა ისიც, რომ ბათუმის წლის სპორტულ ქალაქად დასახელდა.

შემდეგ მიკროფონი დაეთმო ფიდეს პრეზიდენტის პირველ მოადგილეს - გეორგიუს მაკროპულოსს.

იგი დარწმუნებულია, რომ ბათუმის ოლიმპიადა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ამ რანგის ტურნირების ისტორიაში.

„არაერთხელ ავღნიშნე, რომ ფიდეს ისტორიაში ახალი ერა დგება და დღეს ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვეს... საქართველო ჭადრაკის ისეთი ლეგენდების ქვეყანაა, როგორებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. ისინი 29 წლის განმავლობაში ფლობდნენ ქალთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. დამოუკიდებელი საქართველო ოთხი ოლიმპიადის გამარჯვებულია, ბათუმში კი მსოფლიო და ევროპული დონის ტურნირები ჩატარებულა, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, - ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს.“

ფიდეს პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ ასევე მადლიერება გამოხატა მთავრებობის მიმართაც. მანვე გახსნილად გამოაცხადა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა.

ბოლოს დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წარსდგა. მან სიამაყით აღნიშნა, რომ შავიზღვისპირა ულამაზესი ქალაქი ბათუმი დღეს ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძელია, როგორიც საჭადრაკო ოლიმპიადაა.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ მოჭადრაკეებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის დიდი ზეიმია. საქართველოს ცნობილია სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებენ ამ ღირსშესანიშნავ ტურნირს.“

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ჭადრაკის პოპულარობა საქართველოში

„სამართლიანად ვამაყობ ნონა გაფრინდაშვილით, მაია ჩიბურდანიძით, რომლებიც ხუთ-ხუთჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ნანა ალექსანდრიათი, რომელიც 6-ჯერ იყო მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი. საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა. მინდა რომ, უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ გაიხაროს მსოფლიოს ჩემპიონებით. ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიასაც არაერთი ტრიუმფი ახსოვს - დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული ოთხი ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონობა...

მსურს ამ ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა და ვაჟთა გუნდებს წარმატება ვუსურვო. ბათუმის სტუმრებს კი ოლიმპიადის დღეების სასიამოვნოდ გატარება. ამ სულისკვეთებით, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას გახსნილად ვაცხადებ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასე და ამგვარად, ოლიმპიადა გახსნილად გამოცხადდა და დღეს უკვე პირველი შეხვედრები გაიმართება.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.218226