ფეხბურთი

10:47 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძე: "მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებში ისევ ვითამაშებ!"
"ნაკრების ორივე თამაშს ვუყურე და ძალიან მომეწონა"

ავთო ებრალიძე - ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ "შავესში" გასულ ზაფხულს გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდება. 26 წლის შემტევი საქართველოს ნაკრების კანდიდატია, თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ უკვე 4 წელია მისთვის "ჯვაროსნებში" არ დაუძახიათ. ბოლოს ეს, 2014 წელს, გიბრალტარის ნაკრებთან საგარეო მატჩში მოხდა.

თავად ავთო გვეუბნება, რომ ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია და სჯერა, რომ ერთ დღეს ნაკრებში ისევ გამოიძახებენ. მისთვის ეს დიდი სტიმულია და სცდილობს, კარიერაში მაქსიმალურად განვითარდეს.

WORLDSPORT.GE ებრალიძეს დაუკავშირდა. ვისაუბრეთ, როგორც "შავესზე", ისე, საქართველოს ნაკრებზე, ერთა ლიგაზე, გიორგი არაბიძეზე... სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თანამემამულე გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ პორტუგალია არაბიძისთვის იდეალური ადგილია: "ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. აქ ზუსტად იმ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც გიორგისთვის იდეალურია".

დანარჩენს კი, ქვემოთ წაიკითხავთ:

ადაპტაცია „შავესში“

„ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს, უკვე 3 თვეა აქ ვარ. რა თქმა უნდა, გუნდის შეცვლა არაა ადვილი, ახალი კლუბი, ახალი ქალაქი, მაგრამ თანაგუნდელების დახმარებით ძალიან კარგად მიმდინარეობს. საერთოდ, პორტუგალიას უკვე მიჩვეული ვარ და ამიტომ, ადაპტაციის პერიოდი უფრო მარტივად მიმდინარეობს“.

სეზონის სტარტი და კონკურენცია

„ამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში ვხვდები, მხოლოდ „პორტუსთან“ თასზე არ ვიყავი სასტარტოში. რა თქმა უნდა, რთულია ეს, რადგან გუნდში ყველა პოზიციაზე 2 თნაბარი დონის ფეხბურთელია თუ სამი არა და განსაკუთრებით შეტევაში. თუმცა, ამ მომენტში მე მიწევს თამაში და მინდა სასტარტოში ადგილი შევინარჩუნო, გუნდს კი კარგი თამაშით დავეხმარო. მთლიანობაში „შავესს“ კარგად შევეწყვე, რამდენიმე ახალი ფეხბურთელია გუნდში და დრო გვჭირდება შეთამაშებისთვის, მაგრამ ნელ-ნელა იმედია, თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ“.

გუნდისა და პირადი მიზნები მიმდინარე სეზონში

„შავესის“ მიზანია, რომ პირველ რვა გუნდში მოხვდეს. ბოლო ორი სეზონი ამ გუნდისთვის ძალიან კარგი იყო, მაგალითად, შარშან მეექვსე პოზიციაზე გავიდა. ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ მიზანი შევასრულოთ. ჩემს მიზანს რაც შეეხება, გუნდის დახმარებაა, მაგრამ ასევე მინდა, რომ გუნდი დამეხმაროს, კარგი სეზონი მქონდეს და თავი გამოვიჩინო“.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის დონე

„მესმის, რომ საქართველოში შეიძლება დიდ ყურადღება არ ექცევა პორტუგალიის ჩემპიონატს, მაგრამ მართლა კარგი დონის ჩემპიონატია. აქ ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელები ბევრნი არიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, გრანდებსა და დანარჩენებს შორის, ცოტა არ იყოს, დიდი განსხვავებაა, რადგან ფინანსურად გაცილებით მძლავრი გუნდები არიან. მაგრამ, სხვა გუნდებიც კარგად ასპარეზობენ. რა თქმა უნდა, არის ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი, მაგრამ შემდეგ მოდის პორტუგალიის ჩემპიონატი, რომელიც მერწმუნეთ, ბელგიის, ჰოლანდიის ჩემპიონატებს ნამდვილად სჯობს“.

სხვა წინადადებები

„ზაფხულში 5-6 წინადადება მქონდა და აქედან უმაღლესი ლიგიდან იყო 3-4 გუნდის დაინტერესება და შემდეგ გამოჩნდა, „შავესი“. ასევე, იყო ინტერესი „კორდობასა“ და „მალიორკას“ მხრიდან, რომელთაც ძალიან უნდოდა ჩემი წაყვანა, მაგრამ ამ გუნდებმა შარშან ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარეს და ამიტომ, უარი ვთქვი. სიმართლე გითხრათ, ჩემი მიზანი იყო პორტუგალიიდან წასვლა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართლა კარგი წინადადება იქნებოდა ნორმალური გუნდისგან. ასევე იყო კვიპროსიც, თუმცა ყველას „შავესი“ ვამჯობინე“.

გამორჩეული ფეხბურთელი პორტუგალიის ჩემპიონატში

„გრანდებს ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ გამოვარჩევდი „პორტუს“ ნახევარმცელ იუნეს ბრაჰიმის, რომელიც მართლაც სხვა დონეზე დგას. თუმცა, სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან და კარგად მოგვეხსენება, „პორტუდან“ და „ბენფიკადან“ რა გუნდებში გადადიან ფეხბურთელები...“

საქართველოს ნაკრები

„გიბრალტართან ბოლო თამაში მახსოვს... ამ ეტაპზე კი არავინ შემხმიანებია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თვალს მადევნებენ და როცა მწვრთნელი გადაწყვეტს, გამომიძახებენ. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში რომ არ მიძახებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდე და არ გავაგრძელო პროგრესი. პირიქით, უფრო მაქსიმალურად ვინდომებ. ნამდვილად იმედი მაქვს და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრებში მოვხვდები, ჩემს წვლილს შევიტან წარმატებაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის საამაყოა, როდესაც შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ“

ერთა ლიგა

„ორივე თამაშს ვუყურე. პირველს თავიდან ბოლომდე, ხოლო მეორეს, მეორე ტაიმიდან მივუსწარი, თუმცა, მერე მიმოხილვაც ვნახე. ძალიან მომეწონა ნაკრების თამაში, ძალიან დადებითი შედეგი იყო. თუმცა, თამაშის ხარისხიც კარგი გახლდათ, როგორც ბურთის ფლობით, ისე გააზრებული კომბინაციებით და უბურთოდ ორგანიზებული თამაშით. ჩემი აზრით, ორივე თამაში ისეთ დონეზე ჩავატარეთ, რომ გამარჯვება დამსახურებული იყო. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტი ნაკრებები არსებობენ, მაგრამ დღესდღეობით ფეხბურთში ყველას შეუძლია თამაში და პატარა შანსი მაინც აქვთ. ნამდვილად მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გავა და ამის დიდი შანსი გვაქვს“

გიორგი არაბიძე და გიორგი მაკარიძე

„არაბიძე ახალი გადმოსულია პორტუგალიაში და კარგი პრესა აქვს. მას აქვს ყველა მონაცემი, რომ თავი გამოიჩინოს და წარმატებული კარიერა ჰქონდეს. პორტუგალიელებმა ის საქართველოში ჩატარებულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე შენიშნეს, რადგან ამ ტურნირზე პორტუგალიაც თამაშობდა. რა თქმა უნდა, ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ კარგი შანსი აქვს თავი გამოიჩინოს ამ სეზონში ან შემდეგ სეზონში. აქ ზუსტად იმ სტილის ფეხბურთს თამაშობენ, როგორიც გიორგის უყვარს და „ნასიონალიც“ შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ნამდვილად კარგ ადგილზე მოხვდა, საიდანაც შეუძლია დიდ გუნდში მოხვდეს და ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, პორტუგალიაში რომ წამოვიდა. მაკარიძეს რაც შეეხება, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეკარეა, გრანდების შემდეგ. მაღალი დონის მეკარეა და ყველას მოსწონს აქ. მჯერა, რომ აქაურ დიდ გუნდში ვიხილავთ“.

ფავორიტი გუნდი და ფეხბურთელი

„ბავშვობიდან „ბაიერნის“ გულშემატკივარი, მაგრამ დღეს გუნდებს იმის მიხედვით ვუყურებ, როგორ ფეხბურთს თამაშობენ და ამიტომ, ძალიან მომწონს „მანჩესტერ სიტი“. რაც შეეხება ფავორიტ ფეხბურთელს, პორტუგალიაში ბრაჰიმი, ხოლო ყველაზე მეტად კევინ დე ბრუინი მომწონს. ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“.

დაუვიწყარი თამაში

„ბევრი კარგი თამაში იყო, რომელიც არ დამავიწყდება. მაგალითად, ოთხი დღის წინ, „პორტუსთან“ გასვლაზე თამაში დასამახსოვრებელი იყო, რადგან სასურველ ფრეს მივაღწიეთ, რაც ადვილი არაა და „შავესს“ „დრაგაუზე“ ქულა არასდროს ჰქონდა აღებული და ისტორიაში შევედით. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩები არ მავიწყდება და ის გრძნობა, რომელიც მაშინ დამეუფლა. ყველაზე მეტად სწორედ ნაკრებში ჩატარებული თამაშები არ დამავიწყდება“.

ოცნება, მიზანი

„ოცნებებისა და მიზნების ნაწილი უკვე ავისრულე, მაგრამ რა თქმა უნდა, ამბიციური ადამიანი ვარ და მაქვს, მიზანი, ოცნება ისეთი, რომელსაც ჩემთვის დავიტოვებ და თუ ახდა, აუცილებლად გავამხელ. მჯერა, რომ ამიხდება“.

Loading...
0.149373