ჭადრაკი

21:07 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი (2313) თურქულ გებზეში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენებურს მე-9 განთესვა გააჩნდა, უდავოდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

ხომერიკს კვარცხლბეკზე ასვლის საშუალება ბოლო ტურში წარმატებულმა თამაშმა მისცა. მსოფლიო პირველობის მე-11 დღეს ხომერიკმა თეთრი ფიგურებით რუსი ანასტასია პარამზინა (2222) დაამარცხა და 8.0 ქულა მოაგროვა.
საბოლოოდ, ნინომ ოთხ მოჭადრაკეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, ჩემპიონობა რუსმა ალეკსანდრა მალტევსკაიამ (2234) იზეიმა 8.5 ქულით, ასეთივე მონაგარის მქონე უზბეკ გულრუხბეგიმ ტოხირჯონოვას (2369) კი ვერცხლის მედალი ერგო.
ვაჟთა ტურნირში დამაჯერებლად იმარჯვა ირანელმა პარჰამ მაგჰსოოდლოომ (2649), რომელმაც დასკვნით ტურში მარცხი კი განიცადა, თუმცა, 9.5 ქულა მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილოსნებს – ინდოელ აბჰიმანიუ პურანიკსა (2524) და რუს სერგეი ლობანოვს (2535) ქულით გაუსწრო.
ქართველი ვაჟებისთვის მსოფლიო პირველობა წარუმატებელი გამოდგა. გიორგი სიბაშვილმა (2425) 6.0 ქულით 67-ე ადგილი დაიკავა, ნოე თუთისანმა (2471) კი 5.5 ქულით 86-ე შედეგი აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.959503