ძიუდო

18:08 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტების მონაგარი - 9 მედალი და გუნდური პირველი ადგილი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ინდივიდუალური პირველობისთვის დათმობილ ბოლო – მესამე დღეს 3 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 42 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

სანებლიძე ახალგაზრდულ ევროპოდიუმზე პირველად ავიდა. აქამდე, 19 წლის ძიუდოისტის საუკეთესო მიღწევა ჭაბუკებში 2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ბრინჯაოები იყო.

ბულგარულ ევროპირველობაზე ონისე სანებლიძემ ოქროს გზაზე ხუთივე მეტოქეს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე. პირველ შეხვედრაში ფრანგ პაულ დევოსს 20 წამში აჯობა. შემდეგ ჰოლანდიელი სიმეონ კატარინა, აზერბაიჯანელი ადილ კარიმლი და გერმანელი დანიელ ცორნი დაამარცხა. ფინალში კი კოსოვოელ შპატ ზეკას ერთი წუთი აკმარა ვაზარით შეფასებული ორი გდების შესასრულებლად.

100 კილოგრამში საქართველოს სახელით ზაურ კენჭაძემაც იჭიდავა. ჭაბუკებს შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორმა (2015) ევროპირველობა შვეიცარიელ დანიელ იჩთან შეხვედრით დაიწყო და დაასრულა.

გელა ზაალიშვილი ახალგაზრდული ევროპირველობის კვარცხლბეკზე ზედიზედ მეორედ ავიდა. შარშან ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ამჯერად კი ყველა კონკურენტს აჯობა.

19 წლის მძიმეწონოსანი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და უკრაინელ ვლადისლავ ბერეზკას ორ წუთში სძლია. უნგრელ რიჩარდ ვაზულიკს 18 წამი აკმარა. ნახევარფინალში ვაზარით მოუგო ჭაბუკებს შორის ევროპის შარშანდელ ჩემპიონს – რუსეთის ნაკრების წევრ დავით ბაბაიანს. საჩემპიონო ბრძოლაში კი სლოვენიელ ერიკ აბრამოვს დაუპირისპირდა და ორ წუთში დაანარცხა ბეჭებზე.

18 წლის სოფიო სომხიშვილი ახალგაზრდებში ამ რანგის შეჯიბრებაზე მედალს პირველად დაეუფლა. კადეტებს შორის ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარულ ტატამზე მასპინძელი დარინა სტოიჩევა და პოლონელი ჟულია სვიატკიევიჩი იპონ-იპონ ჩამოიშორა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც გერმანელ რენე ლუხტთან "ოქროს დროში” დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი ფრანგ ლაურა ფუსოს წუთნახევარში სამი შიდო მიაღებინა.

დღესვე ევროკონკურენციაში ჭაბუკთა შორის მსოფლიოს და ევროპის შარშანდელი ჩემპიონატების გამარჯვებული – 18 წლის ლაშა ბექაურიც ჩაება, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა რუსეთის ნაკრების წევრ მანსურ ლორსანოვთან.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიაში გამართულ ევროპის ინდივიდუალურ პირველობაზე სულ 9 მედალი მოიპოვა – 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. 13-14 სექტემბერს ლუკა მაისურაძე (81 კგ) ჩემპიონი გახდა. ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ხვალ ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება და საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაებმება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119131