ფეხბურთი

10:37 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა და ვაისის არჩევანი

რაღა დარჩა, ერთ კვირაზე ოდნავ მეტი და უეფას ერთა ლიგა დაიწყება. გარდა იმისა, რომ ეს ტურნირი ისტორიაში პირველად ტარდება, ქართველი გულშემატკივრისთვის იმედთან ასოცირდება. ნამდვილად ასეა – საქართველოს ნაკრები უსუსტეს, ბოლო დივიზიონშია და შანსი აქვს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გავიდეს.

ეს, იმ შემთხვევაში თუ “ჯვაროსნები” დივიზიონში (16 გუნდში) ჩემპიონობას მოახერხებენ. თუმცა, ეს უფრო შორსმჭვერტელი გეგმებია. იქამდე, აუცილებელია ქვეჯგუფში პირველობა. ქვეჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ყაზახეთის, ანდორისა და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფეხბურთში პროგნოზები უმადური საქმეა, წინასწარ საუბარი და ქულების დაგეგმვა არ ივარგებს, მაგრამ მაინც – დღეს, ფურცელზე ქართველთა მთავარ კონკურენტად ყაზახეთის ნაკრები მოსჩანს.

ყაზახეთის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერთადერთი ლეგიონერია, მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელები ოდენ 3 გუნდს წარმოადგენენ და ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, შეთამაშების პრობლემა ამ გუნდს არ ექნება. თავის მხრივ, შემადგენლობა უკვე დაასახელა ვლადიმირ ვაისმაც.

თავიდანვე ვთქვათ, რომ სლოვაკმა სპეციალისტმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი და ალბათ, ბევრი კითხვები ამა თუ იმ ფეხბურთელის გამოუძახებლობის შესახებ, არაა. თუმცა, არც მთლად უამისობაა და ამაზე, დღევანდელი წერილის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. იქამდე, იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც სიაში არიან.

მეკარეები

გიორგი მაკარიძე, რომელმაც სეზონი დაიწყო და თამაშობდა ტრავმირებულია. შესაბამისად, ის გუნდში არაა. ვაისმა არ გამოიძახა არც ნუკრი რევიშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ უდიდესი ტრაგედია გადახდა თავს და რომელსაც, ვაისი ისედაც არ სწყალობდა ბოლო ხანებში. სლოვაკმა უარი თქვა ზაურ მახარაძის სამსახურზეც, რომელიც ლუგანსკის “ზორიაში” მუდმივად თამაშობს და რომელიც, ბოლოს მოედანზე გასულ უიქ-ენდზე იყო. აი,გუნდში მიწვეულ სამ მეკრეს რაც შეეხება – საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არაა.

გიორგი ლორია უკვე კარგა ხანია სათამაშო პრაქტიკის მწვავე დეფიციტს განიცდის და ბოლოს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა ჯერ კიდევ აპრილში მიიღო. მერე იყო ტრავმაც და მოკლედ, ორი აზრი არაა, გიორგი საუკეთესო კონდიციებში ვერ იქნება. დებიუტანტია ლაზარე კუპატაძე, რომელიც რეალურად მესამე კიპერის ფუნქციებს შეასრულებს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, როინ კვასხვაძე ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მოსჩანს. “ტორპედოს” კაპიტანი ევროთასებზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ნათელია, რომ კარგ ფორმაშია. თანაც, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას კარგა ხანია ნამდვილად არ უჩივის. თუმცა, პრობლემას აქაც ვაწყდებით – როინს სანაკრებო გამოცდილებით დაკვეხნა ნამდვილად არ შეუძლია, რადგან დღემდე 7 შეხვედრას იტევს და აქედან ბოლო ოფიციალური თამაში ზუსტად 4 წლის წინანდელით თარიღდება.

დაცვა

დაცვის ზახი ის რგოლია, რომელშიც ვაისს საფიქრალი თითქმის არ აქვს და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად აქ ულხინს. ეს, ულაპარაკოდ, დაცვის ცენტრზე ითქმის. გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა და ჯიმი ტაბიძე. გვარებიდანაც ჩანს, რომ ვაისს არჩევანი აქვს და უფრო კონკრეტულადაც გეტყვით:

გურამ კაშიამ “ვიტესი” დატოვა და ამერიკულ ლიგაში ირჯება. “სან ხოსეში” მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო ექვსი სრულფასოვანი შეხვედრის ჩატარება და ორჯერ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. მოკლედ, სათამაშო პრაქტიკის არქონას ნამდვილად არ უჩივის. იგივე ითქმის სოლომონ კვირკველიაზეც, რომელმაც პრემიერლიგაში 5-ჯერ ითამაშა შეუცვლელად და ერთხელ სუპერთასზე, სადაც გააძევეს. ჩინებულად დაიწყო სეზონი დავით ხოჭოლავასთვის, რომელიც “შახტარის” სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად ხვდება. პრემიერლიგაში ექვსივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და გოლიც გაიტანა (11 აგვისტოს, “ვორსკლასთან”). და, ჯიმი ტაბიძე, რომელიც რუსულ “უფაში” მუდმივად თამაშობს. “უფა” ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა და აგერ, ევროპა ლიგის პლეი-ოფშიც თამაშობს. ქართველის აქტივში მიმდინარე სეზონში 8-ჯერ ითამაშა (სამჯერ რუსეთის ჩემპიონატში, 5-ჯერ ევროპა ლიგაზე).

რაც შეეხება ფლანგებს – ოთარ კაკაბაძემ “ხიმნასტიკში” ორი თამაში ჩაატარა შეუცვლელად და ნელ-ნელა ფორმაში შედის, ხოლო გიორგი ნავალოვსკი მინსკის “დინამოში” ერთი თვის წინ გადავიდა. ორჯერ ბელარუსის ჩემპიონატში ითამაშა, ერთხელ ევროპა ლიგაზე. ლატვიაში ლაშა შერგელაშვილი მუდმივად თამაშობს. სხვათა შორის, ის მხოლოდ გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და ტრავმირებული ლაშა დვალი ჩაანაცვლა, რომელიც პოლონეთში ასევე მუდმივად მოედანზეა.

ნახევარდაცვა, საყრდენი ზონა

ჯაბა კანკავა, ნიკა კვესკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ვაკო გვილია. ვაისს ცენტრალური ნახევარდაცვის დაკომპლექტება ზემოხსენებული ფეხბურთელებისგან მოუწევს. გვიალია, კვეკვესკირი და კანკავა თამაშობენ, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ იდეალურ ფორმაში არიან. გვილიას შვეიცარიის ჩემპიონატში უკვე გოლიც აქვს გატანილი. აი, რაც შეეხება აბურჯანიას, ესპანურ “ლუგოს” ახლახან შეუერთდა და ჯერაც ადაპტაციის პერიოდს გადის. თუმცა, ორჯერ შეცვლაზე თამაში მაინც მოუწია.

თავდამსხმელის უკანა ზონა

უთამაშებელი ფეხბურთელები აქაც არ გვყავს. ვაკო ყაზაიშვილი ორი კვირის წინ MLS-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და დუბლიც მიითვალა. გიორგი მერებაშვილმა მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ 6 სექტემბრისთვსი მზად იქნება. ჯაბა ჯიღაური ფრანგულ “გრენობლში” ირჯება, თუმცა ჯერჯერობით, არაა მაინც და მაინც საურველ ფორმაში, ისევე როგორც გიორგი პაპუნაშვილი. მეტიც, ეს უკანასკნელი ლა ლიგა 2-ის საწყის ორ ტურში ოდენ ცვლილებაზე თამაშით კმაყოფილდება. გიორგი არაბიძეს “ნასიონალში” შანსი ერთხელ მიეცა და ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. გასულ ტურში კი თადარიგში დარჩა.

სამაგიეროდ, გიორგი ჩაკვეტაძის გვეიმედება! 18 წლის ქართველი “გენტის” უცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და მთავარი მწვრთნელი მუდმივად ენდობა. გიორგი ყოველ თამაშში აქტიურია, თუმცა, ჯერჯერობით ოდენ ერთ საგოლე პასს გამორჩა და გოლი არ გაუტანია. მიუხედავად ამისა, გორგი "გენტის" ლიდერად ყალიბდება და გუნდში ძალიან დიდ ნდობას უცხადებენ. გვეიმედება ოთარ კიტეიშვილის. მას არ აქვს სანაკრებო გამოცდილება უხვად, მაგრამ გრაცის “შტურმს” ჩინებულად მოერგო და ბოლო ტურში საერთოდ დიდებული თამაში აჩვენა. ვნახოთ, რამდენი დრო დაეთმობა ოთარ ვაისისგან.

და ბოლოს, თორნიკე ოქრიაშვილი. საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილად ფასდაუდებელი ფეხბურთელია და მისი თამაში ბევრ რამეს განაპირობებს. უბრალოდ ეგაა, რომ ოქრიაშვილმა ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ფაქტობრივად ბოლო 1 წელი საერთოდ არ უთამაშია. მართალია, “კრასნოდარის” მეორე გუნდში დაიტვირთა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თანაც, ერთია მეორე გუნდში თამაში და მეორე, ასტანაში, უშუალო კონკურენტ, ხისტ ყაზახეთთან ხელოვნურ საფარზე. ეს შეიძლება დიდი პრობლემა გახდეს.

თავდასხმა

იგივე ითქმის ლევან მჭედლიძეც. ლევანს 2017 წლის აპრილის მერე ოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია. ეს ძალიან დიდი დროა. იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით ოდენ სათადარიგო სკამით იფარგლება და არავინ იცის, რამდენად იქნება 90 წუთის სათამაშოდ მზად. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ლევანი იდეალური ფორმისგან შორს უნდა იყოს.

3-თვიანი იძულებითი უქმობა ახლახან დაასრულა გიორგი ქვილითაიამ. ჯერ დუბლებში ითამაშა შედეგიანად, მერე მთავარ გუნდში, 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე და პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, არც ქვილითაიაა ჯერ ფორმის პიკზე მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა. თუმცა, ეს დამაიმედებელი ფაქტია. აქვეა ნიკა კაჭარავაც, რომელიც ერთადერთი ფორვარდია, რომელსაც ბოლო პერიოდში ტრავმა არ ჰქონია. თუმცა, პრობლემა აქაც არსებობს – კვიპროსის ჩემპიონატი ოდენ 4 დღის წინ დაიწყო და საუკეთესო კონდიციებში ვერ ხვდება სანაკრებო შეკრებას.

გაფართოებული შემადგენლობა

ლევან გეგეჭკორი, ალექსანდრე კობახიძე, ლუკა ზარანდია, საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე – ეს, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ნაკრების მთავარ სიაში იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ ვინმეს ტრავმას მიიღებს (რაც, იმედია არ მოხდება). ასეთ შემთხვევასთან უკვე გვქონდა საქმე და როგორც ზემოთ ვთქვით, ლაშა დვალი ლაშა შერგელაშვილმა ჩაანაცვლა.

ამჯერად თამაშგარეში

მართალია, ვაისმა თითქმის ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი, მაგრამ მაინც არიან ფეხბურთელები, რომელთა სიაში არყოფნა კითხვის დასმის უფლებას გვიტოვებს.

გიორგი ხარაიშვილი – შვედეთის ჩემპიონატში ბოლო დროს მართლაც გამორჩეულია და უკანასკნელ თვენახევარში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასიც შეასრულა. თუმცა, ამ ეტაპზე ვაისმა უყურადღებოდ დატოვა. მაგრამ, ორი აზრი არაა, რომ თუ გიორგი ასე გააგრძელებს, სანაკრებო კარი მისთვის სისტემატურად გაიღება.

ლაშა პარუნაშვილი – დანიურ “ესბიერგში” ერთ-ერთი ლიდერია. ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მაგრამ, ერთია, ლაშას ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება არ გააჩნია და ბუნებრივია, ვაისმა ვერ გარისკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში. სლოვაკს ახლა უფრო გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება, ვიდრე მომავალზე გათვლილი პერსპექტივა.

გიორგი გაბედავა – ფორვარდების ტრავმიანობიდან გამომდინარე სავსებით რეალური იყო საჩხერის “ჩიხურას” ფორვარდის გამოძახება. 28 წლის ფეხბურთელს მართლაც კარგი სეზონი აქვს და ეროვნულ ლიგაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა. ერთხელ ევროპა ლიგაზეც გაიტანა. ხოლო მიმდინარე თვეში მის აქტივში სამი გოლია. მოკლედ, გაბედავა ფორმაშია, მაგრამ აქაც იმავე საკითხთან მივდივართ, რაზეც პარუნაშვილის შემთხვევაში ვისაუბრეთ – სანაკრებო გამოცდილების არქონა. როგორც ჩანს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

გიორგი მჭედლიშვილი – საქართველოს ნაკრებისთვის მარჯვენა მცველი პრობლემატური საკითხია. მართალია, ოთარ კაკაბაძე ჩინებულად ირჯება ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგრამ ფაქტობრივად კონკურენციის გარეშეა. არადა, თანამედროვე ფეხბურთში კონკურენცია აუცილებელია. გიორგი მჭედლიშვილი ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში იყო გამორჩეულია და შემდეგ ხორვატიაში წავიდა. ამჟამად, იქაურ უმაღლეს ლიგას აჭაშნიკებს და არცთუ ურიგოდ. თუმცა, მჭედლიშვილს ვაისი არაფრით არ სწყალობს და ივნისის სპარინგებისთვისაც არ მიუწვევია გუნდში.

გიორგი ქიმაძე – იგივე სიტუაციაა მარცხენა ფლანგზე. ქიმაძემ ბოლო პერიოდში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგიანად ითამაშა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქიმაძე “ტორპედოში” მარცხენა შემტევის ფუნქციებს ასრულებდა. ფაქტი კი, ერთია, რომ მჭედლიშვილისა არ იყოს, არც ქიმაძესთვის მიუცია ვაისს აქამდე შანსი და გასაკვირიც იქნებოდა, ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე რომ მიეწვია ეროვნულ გუნდში.

ავთო ებრალიძე – პორტუგალიის ჩემპიონატის მსგავს დონეზე ბევრი ფეხბურთელით ვერ დავიკვეხნით. თუმცა, ერთ-ერთია ავთო ებრალიძე, რომელიც პრიმეირა ლიგის ბინადარ “შავესში” თამაშობს და სამ ტურში შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, ებრალიძეც თავდამსხმელია და ფორვარდათაც უთამაშია. თუმცა, ვაისი არც მას იცნობს. 26 წლის ფეხბურთელმა “ჯვაროსანთა” ღირსება ბოლოს 2014 წელს დაიცვა.

როგორც უნდა იყოს, ჩვენს მიერ ნახსენები ფეხბურთელები ვლადიმირ ვაისმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა აუცილებლად უნდა მოინიშნონ. საქართველოს ნაკრებს დასაკარგი და თამაშგარეში დასატოვებელი მოთამაშეები ნამდვილად არ ჰყავს. ამჯერზე ასეთია ვაისის ნუსხა და ვნახოთ, როგორი იქნება ერთი თვის შემდეგ, როდესაც ასევე ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ტრავმები

საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული ფეხბურთელები ახლაც ჰყავს. დანაკლისი რაოდენობრივად დიდი არაა, მაგრამ სამაგიეროდ, ხარისხის თვალსაზრისით მართლაც ასეა. ბოლოს გუნდს ლაშა დვალი გამოაკლდა, რომლის ჩანაცვლება ალბათ, პრობლემა არ იქნება, მაგრამ აი, დანარჩენ ორზე იგივეს ვერ ვიტყვით. გიორგი მაკარიძე, რომ არა ტრავმა, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდა, ხოლო ჯანო ანანიძე რამხელა ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის, ვფიქრობ, ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ჩვენ ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, ვისურვოთ და ვიმედოვნოთ, რომ ეს ბიჭები ოქტომბერში იქნებიან ვაისის განკარგულებაში.

სანამ საქართველოს ნაკრები შეიკრიბება, იქამდე ვაისის რჩეულებს თავიანთ კლუბებში ერთი უიქ-ენდის უკან მოტოვება მოუწევთ. "ჯვაროსნები" კი ორშაბათიდან მთელი ყურადღებით ერთა ლიგისკენ იქნებიან. ტურნირისკენ, რომელიც შანსია, რომელიც ჯეკპოტია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136749