ფეხბურთი

3:57 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ისევ თავდახრილია

იტალიის სერია A-ში უკვე ორი ტური მიილია, მაგრამ მილანის “ინტერის” მოგებათა გრაფაში ჯერაც ნული წერია. არადა, სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდებ(ოდ)ა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი “იუვენტუსის” მთავარია კონკურენტი იქნება სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

თავად სპალეტიმ “ტორინოსთან” ნამატჩევს ამ საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს მართლაც შეუძლია იყოს ტურინელთა კონკურენტი, მაგრამ ასე თამაშს თუ გააგრძელებენ მისი შეგირდები, კონკურენციას ვერავის გაუწევს.

“ინტერმა” “ტორინოსთან” ფეხბურთი ოდენ პირველ ტაიმში ითამაშა და შედეგიც სახეზე იყო – 2:0 იგებდა. მაურო იკარდის პასით ივან პერიშიჩმა მალევე გახსნა ანგარიში, ხოლო ტაიმის შუაწელს სტეფან დე ვრეიმ მატეო პოლიტანოს სტანდარტს თავი ჩინებულად შეაგება. საპასუხოდ ტურინელებს არაფერი შეუქმნიათ. თითქოს, “ინტერნაციონალეს” მეტად ადვილად უნდა გაემარჯვა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. “ტორინომ” თავისი თამაში მოახვია მეტოქეს თავს და შედეგსაც მიაღწია. პრველი გოლი ანდრეა ბელოტიმ გაიტანა იაგო ფალკეს ფანტასტიკური პასის წყალობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს სამირ ჰანდანოვიჩის მეტად დაუდევარი თამაში. სლოვენიელი უცნაურად და დაუფიქრებლად გამოვიდა კარიდან და ბელოტიმ ცარიელ კარში შეაგდო. ვალტერ მაძარის გუნდმა გააგრძელა შეტევები და ანგარიში მალევე გათანაბრდა. გოლი მეიტემ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან ჩინებულად ითამაშა და ზუსტად დაარტყა. მერე არაფერი შეცვლილა და “ინტერმა” მორიგი ორი ქულა დაკარგა. 21-ე საუკუნეში მილანურ გრანდს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქამდე მხოლოდ ორჯერ, 2011-2012 და 2016-2017 წლების სეზონში ჰქონდა მოპოვებული. "ჯუზეპე მეაცადან" კი გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდი სტვენით გააცილეს...

კვირას გამართული სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ფლორენციის “ფიორენტინას” შოუ. “იებმა” საკუთარ მოედანზე ვერონას “კიევო” გააცამტვერეს – 6:1. დუბლით გამოირჩა მარკო ბენასი, გაიტანა ფედერიკო კიეზამაც. წერტილი კი ჯოვანი სიმეონემ დასვა. სხვათა შორის, “არტემიო ფრანკის” ტრიბუნებზე ჯოვანის მამა, “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონეც იმყოფებოდა.

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს “სპალი”. მოკრძალებულმა გუნდმა ამჯერად “პარმა” დაამარცხა მირკო ანტენუჩის ჩინებული გოლის წყალობით.

კევნ პრინს ბოატენგმა 99-ე წუთზე გაიტანა და “სასუოლო” სარდინიაზე, “კალიარისთან” მარცხისგან იხსნა – 2:2.

“ჯენოამ” წარმატებული სტარტი აიღო და ლევან მჭედლიძის “ემპოლი” დაამარცხა. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე ამჯერადაც არ გამოჩენილა. მეორე გენუური გუნდი, “სამპდორია” უდინეში, “უდინეზესთან” დამარცხდა.

ფილიპო ინძაგის გოლეადორობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მის მიერ გაწვრთნილ “ბოლონიაზე” იგივეს ვერ ვიტყვით. ორი ტური მიილია და “როსობლუს” გოლიც არ გაუტანია. ისე კი, ქულა მაინც მოიპოვა, რადგან არც “ფროზინონეს” გაატანინა.

ტური ორშაბათს, “რომასა” და “ატალანტას” შეხვედრით დასრულდება.

“სპალი” – “პარმა” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ანტენუჩი (49)

“ფიორენტინა” – “კიევო” 6:1 (2:0)

გოლები: 1:0 მილენკოვიჩი (8), 2:0 ჟერსონი (42), 3:0 ბენასი (42), 4:0 კიეზა (71), 4:1 ტომოვიჩი (76), 5:1 ბენასი (90), 6:1 სიმეონე (90)

“კალიარი” – “სასუოლო” 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 პავოლეტი (10), 1:1 ბერარდი (53), 2:1 პავოლეტი (73), 2:2 ბოატენგი (90, პენ)

“ფროზინონე” – “ბოლონია” 0:0 (0:0)

“ჯენოა” – “ემპოლი” 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 პიატეკი (6), 2:0 კუამე (18), 2:1 მრაცი (90)

“ინტერი” – “ტორინო” 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 პერიშიჩი (6), 2:0 დე ვრეი (32), 2:1 ბელოტი (55), 2:2 მეიტე (68)

“უდინეზე” – “სამპდორია” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დე პაული (9)

თეგებისერია A
0.117423