ფეხბურთი

13:00 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა - TOP 10 ტრანსფერი

ინგლისის პრემიერლიგა უკვე ორი კვირაა რაც დაიწყო. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული ნისლიან ალბიონზე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. გთავაზობთ პრემიერლიგის 2018 წლის ტოპ 10 ტრანსფერს...

10. რიად მაჰრეზი (“ლესტერიდან” “სიტიში”, 67.8 მილიონი ევრო)

2015-2016 წლების სეზონის პრემიერლიგის ტრიუმფატორმა რიად მაჰრეზმა “ლესტერ სიტი” დატოვა და “მანჩესტერ სიტის” შეუერთდა. აღნიშნული გარიგებით ყველა მხარე მოგებული დარჩა. “მელიებმა” დიდძალი თანხა მიიღეს, მაჰრეზი დიდ გუნდში ჩაირიცხა, ხოლო “ქალაქელებმა” კონკურენცია გაზარდეს. ალჟირელს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული რა თქმა უნდა, არ აქვს, მაგრამ კევინ დე ბრუინის მძიმე ტრავმა შესაძლოა მისთვის შანსიც აღმოჩნდეს.

9. მატეო კოვაჩიჩი (“რეალიდან” “ჩელსიში”, იჯარა)

“ჩელსიმ” ტიემუ ბაკაიოკო გაასხვისა და ფრანგი მატეო კოვაჩიჩით ჩაანაცვლა. “ლურჯებისთვის” ხორვატის ტრანსფერი მეტად მიმზიდველი უნდა გამოდგეს. არავის ეპარება ეჭვი, რომ მატეო “ჩელსისთვის” სასარგებლო ფეხბურთელი იქნება, მაგრამ ლონდონელთა სამწუხაროდ, კონტრაქტში არაა ჩადებული გამოსყიდვის პუნქტი. შესაბამისად, გაისად ინგლისურ გუნდს “რეალის” დარწმუნება მოუწევს, რომ ფეხბურთელი გაყიდოს. ეს არ იქნება მარტივი საქმე.

8. ლუკას ტორეირა (“სამპდორიადან” “არსენალში”, 30 მილიონი ევრო)

“არსენალმა” მიიღო ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დიდებული სეზონი ჰქონდა გენუის “სამპდორიაში” და მერე არც მსოფლიოს ჩემპიონატზე შეურცხვენია თავი. დიდი ალბათობით, ტორეირა ადაპტაციის გავლი შემდეგ უნაი ემერის გუნდის განუყოფელი მექანიზმი გახდება.

7. ფრედი (“შახტარიდან” “მანჩესტერში”, 59 მილიონი ევრო)

ფრედის ტრანსფერმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი “მანიუს” განუყოფელი ნაწილი გახდება, ხოლო დანარჩენი მხარე ფიქრობს, რომ მასში დიდი თანხა გადაიხადეს. ნებისმიერ შემთხვევაში ფრედი “მანჩესტერის” საუკეთესო შენაძენია მიმდინარე ზაფხულს და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

6. ფელიპე ანდერსონი (“ლაციოდან” “ვესტ ჰემში”, 38 მილიონი ევრო)

ფელიპე ანდერსონი ოთხი წლის განმავლობაში რომის “ლაციოს” ერთ-ერთი ლიდერი იყლ, თუმცა მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო იტალია დატოვა. გასულ წელს ბრაზილიელს “ჩელსი” და “მანჩესტერიც” იწვევდნენ, მაგრამ ახლა ინტერესი ინგლისიდან მხოლოდ “ვესტ ჰემმა” გამოიჩინა. ანდერსონი უნივერსალია და შეტევაში ორივე ფლანგზე შეუძლია წარმატებით თამაში.

5. რიჩარლისონი (“უოტფორდიდან” “ევერტონში”, 39.2 მილიონი ევრო)

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, “ევერტონმა” 40 მილიონი ევრო მაინც გადაიხადა. 21 წლის სამხრეთ ამერიკელმა ჩინებულად დაიწყო ლივერპულური კარიერა და პრემიერლიგის ორ მატჩში სამი გოლის გატანა უკვე მოასწრო.

4. კეპა არიზაბალაგა (“ბილბაოდან” “ჩელსიში”, 80 მილიონი ევრო).

სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კეპა არიზაბალაგა გახდა ყველა დროის ძვირადღირებული მეკარე. “ჩელსიმ” “ბილბაოს” 80 მილიონი ევრო გადაუხადა! ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ტიბო კურტუა მადრიდის “რეალში” წავიდა. ახალგაზრდა ესპანელი მართლაც ნიჭიერი მეკარეა და უკვე კარგა ხანია დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

3. ნაბი კეიტა (“ლაიფციგიდან” “ლივერპულში”, 60 მილიონი ევრო)

“ლივერპული” და გერმანული “ლაიფციგი” ნაბი კეიტას ტრანსფერზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეთანხმდნენ. თუმცა, აფრიკელი ნახევარმცველი “ენფილდ როუდზე” მხოლოდ წელს აღმოჩნდა. 23 წლის ფეხბურთელს ახალ გარემოსთან შესაგუებლად ბუნებრივია, რომ დრო სჭირდება, მაგრამ ცალსახაა – ნაბი კეიტა “ლივერპულისთვის” ჩინებული შენაძენია.

2. ჟორჟინიო (“ნაპოლიდან” “ჩელსიში”, 57 მილიონი ევრო)

მაურიციო სარიმ “ნაპოლიდან” თავისი საყვარელი მოთამაშე ჟორჟინიო “ჩელსიში” წაიყვანა. 57 მილიონი ევრო დაუჯდათ ლონდონელებს ეს სიამოვნება. ნატურალიზებული იტალიელი თამაშის ნამდვილი დირიჟორია და შეტევების ჩაშლის გარდა, დაწყებაც მას დაევალება. სარისთან ერთად მუშაობა კი მისთვის დიდი პლიუსი უნდა გამოდგეს. “ჩელსისთვის” კანტე-ჟორჟინიო-კოვაჩიჩის ტრიომ ნახევარდაცვაში შესაძლოა ბევრი დადებითი მოიტანოს.

1. ალისონ ბეკერი (“რომადან” “ლივერპულში”, 62.5 მილიონი ევრო)

ორი წლის წინ, ევროპაში ალისონს არავინ იცნობდა. თუმცა, ბრაზილიელმა გასული სეზონი “რომაში” დიდებულად ჩაატარა და “ლივერპულმა” 62.5 მილიონი ევრო გაიღო. სწორედ ალისონი იყო ყველა დროის ძვირადღირებული მეკარე მანამ, სანამ “ჩელსი” კეპას გაიფორმებდა. იურგენ კლოპის გუნდს ასეთი თანხის გაღება ნამდვილად უღირდა, რადგან “წითლების” მთავარი მინუსი სწორედ მეკარის პოზიცია იყო და ეს გასულმა სეზონმა კარგად გამოჩინა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ “ლივერპული” მართლაც მზადაა პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.

Loading...
სტატისტიკა
0.25715