ფეხბურთი

10:34 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მჭედლიშვილი: "საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედი ყოველთვის მაქვს"
"ხორვატიაში საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. არიან გუნდები, რომლებიც ევროტურნირებზე თავს არ ირცხვენენ"

ხორვატიის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში (HNL) საქართველოს წარმომადგენელი ჰყავს - გიორგი მჭედლიშვილი. 26 წლის ჩვენებურმა ჯერ კიდევ შარშან "გორიცას" მიაშურა, რომელიც იმ დროისთვის ქვედა ლიგაში თამაშობდა, თუმცა აღზევება მოახერხა და ახლა ელიტაში უწევს გარჯა.

გიორგიც ველიცა გორიცელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და გასულ უიქ-ენდზე სპლიტის "ჰაიდუკის" დამარცხებაში თავისი წვლილი საგოლე პასითაც შეიტანა.

WORLDSPORT.GE მჭედლიშვილს ხორვატიაში დაუკავშირდა. შევეხეთ, როგორც მიმდინარე სეზონს, ისე საქართველოს ნაკრების პერსპექტივებსა და ხორვატიის ნაკრების ფურორს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- სეზონის დასაწყისი: გუნდისთვის და შენთვის...

- სეზონი ნორმალურად დაიწყო, რაც შეეხება ჩემს თამაშს, 3 შეხხვედრა ჩავატარე და ვფიქრობ ურიგოდ არ მითამაშია. ნელ-ნელა ალღოს ვუღებ ხორვატიის უმაღლეს დივიზიონს. გუნდს კი ცოტა მძიმე სტარტი ჰქონდა, მაგრამ წინ მთელი სეზონია და ვეცდებით მოვუმატოთ, კარგად ვითამაშოთ.

- შარშან მეორე ლიგაში ითამაშე, წელს კი უმაღლეს ლიგაში თამაშობ. შეგიძლია, რომ შეადარო?

- ხორვატიის პირველი დივიზიონში პირველ სეზონს ვატარებ, რადგან შარშან ქვედა ლიგაში ვიყავით. ვფიქრობ, დონე ძალიან განსხვავდება. თუნდაც ფეხბურთელების კლასით. ბევრად დახვეწილი თამაშის ხარისხია და რა თქმა უნდა, პირველ დივიზიონში სათამაშოდ მეტი ფიზიკური მომზადებაც საჭიროა, ვიდრე მეორე ლიგაში.

- ხორვატიის ჩემპიონატის დონე და ინტერესი...

- ჩემი აზრით, მაღალი დონის ჩემპიონატია. 3-4 გუნდია, რომლებიც ევროტურნირებზე თავს არ ირცხვენენ და საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობენ. წელს “რიეკა” და “ჰაიდუკი” გამოეთიშნენ ევროპა ლიგას, მაგრამ ზაგრების “დინამო” აგრძელებს ასპარეზობას. მედიის მხრიდანაც დიდი ყურადღება ეთმობა ჩემპიონატს. პირდაპირი რეპორტაჟებიც არის და ტური დეტალური მიმოხილვებიც. სტადიონზე გულშემატკივარიც დადის. მაგალითარ პირველ ტურში სტუმრად “რიეკასთან” ვითამაშეთ და თამაშს 20-25 ათასი მაყურებელი დაესწრო.

- პირველი თამაში მოიგეთ ბოლო ტურში და საგოლე პასი გააკეთე. როგორი გრძნობაა?

- პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, თანაც გასვლაზე და ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “ჰაიდუკია”. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თავდაჯერებულობა გვაკლდა და ამ თამაშის მერე ვიგრძენით ჩვენი შესაძლებლობების. დავრწმუნდით, რომ ყველა გუნდთან შეიძლება თამაში, ბრძოლა და რაც მთავარია შედეგის მიღწევა. რაც შეეხება ჩემს საგოლე პასს – ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო, რომელიც თნაგუნდელმა კარგად გამოიყენა და გაიტანა. ამ გოლით გამარჯვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ყოველთვის საგოლე პასის გაკეთება და გახარებული ვარ.

- სკაუტები რამდენად ხშირად ესწრებიან თამაშებს?

- დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ მითხრეს, რომ სკაუტები ტურის თითქმის ყველა თამაშს ესწრება.

- “გორიცას” და შენი მიზნები...

- “გორიცას” მთავარი მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. რაც შეეხება ჩემს მიზანს, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავიხარჯო სეზონის განმავლობაში და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- თუ გქონდა წინადადება მიმდინარე ზაფხულს სხვა გუნდებიდან?

- დიახ, იყო რამდენიმე წინადადება, მაგრამ გადავწყვიტე, რომ აქ მომესინჯა ძალები და “გორიცაში” 1 წლით დავრჩი.

- საქართველოს ნაკრებისთვის მარჯვენა მცველის პოზიცია პრობლემატურია. სამწვრთნელო შტაბიდან თუ იყო შენდამი ინტერესი?

- არა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია.

- ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შანსზე რას ფიქრობ და რამდენად გაქვს იმედი, რომ ვლადიმირ ვაისის რჩეულთა შორის მოხვდები?

- ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე და დაველოდოთ, ვნახოთ რა შედეგი იქნება. ჩემს შანსს რაც შეეხება, პასუხი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ადამიანს იმედი ყოველთვის გააჩნია...

- უახლოესი მიზნები...

- როგორც აღვნიშნე ჩემი უახლოესი მიზანი მიმდინარე სეზონის კარგად და სტაბილურად ჩატარებაა.

- და ბოლოს, ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. რა ვითარება იყო მუნდიალის მიმდინარეობისას ხორვატიაში?

- აქ ფეხბურთის ფანატიკოსები არიან. ძალიან თბილად და სასიამოვნოდ დახვდნენ ნაკრებს. მთლიანად, შესანიშნავი დღეები იყო მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, მთელი ხორვატია ზეიმობდა. არასდროს დამავიწყდება ის დღეები, თუნდაც თამაშების მიმდინარეობისას რაც აქ ხდებოდა. აბსოლუტურად ყველა, ქალი, კაცი თუ ბავშვი როგორ გულშემატკივრობდნენ ხორვატიის ნაკრებს. ძალიან მაგარი ერია ხორვატია და ამის თქმა გადაჭრით შემიძლია. ყველა ერთმანეთს უზიარებდა სიხარულს და ბედნიერებას. არაჩვეულებრივი დღეები იყო, როგორც ხორვატიაში ისე, ჩემს ქალაქში, ველიცა გორიცაში. რაც შეეხება შედეგს, წინასწარ ნამდვილად არ ვიცი რა შედეგს ელოდნენ, მაგრამ ისეთი თამაში აჩვენეს, ჩემპიონობაც ირწმუნეს და ცოტა დააკლდათ...

0.128632