ფეხბურთი

23:29 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონური დერბი ესპანური ეფექტით (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონური დერბი შედგა: “ჩელსი” – “არსენალი”.

უნაი ემერის გუნდი პირველ ტუში ხელმოცარული დარჩა და ამჯერად ქულების მოპოვება მართებდა. “არსენალმა” მართლაც ბევრად გამართული ფეხბურთი აჩვენა, ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. შეხვედრა მაურიციო სარის გუნდის აშკარა უპირატესობით დაიწყო და “არისტოკრატებმა” უკვე მეოცე წუთისთვის სოლიდური უპირატესობა მიიღეს – “ჩელსის” ესპანურმა არტილერიამ, პედრომ და ალვარო მორატამ “მეთოფეები” მშრალზე დატოვეს. თუმცა, არ გატყდა ემერის გუნდი და სიტუაცია პირველივე ტაიმში გამოასწორა. ჰენრიხ მხითარიანისა და აივობის გოლებით გათანაბრება ანტრაქტამდე შეძლო.

მიუხედავად ამისა, “არსენალმა” სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღო. მატჩის მიწურულს მასპინძელთა სწრაფი და ეფექტური კონტრშეტევა გოლით მარკოს ალონსომ დააგვირგვინა. როგორც ხედავთ, “ჩელსიმ” ლონდონური დერბი ესპანელების ხარჯზე მოიგო... მაურიციო სარის მშვენიერი სტარტი აქვს – 2 თამაში, 6 ქულა. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით უნაი ემერიზე და მის “არსენალზე” – 2 თამაში, 0 ქულა.

“ჩელსის” მსგავსად უდანაკარგოდ თამაშობს “ტოტენჰემი”. “დეზებმა” ასევე ლონდონურ დერბიში “ფულჰემი” დატოვეს მშრალზე. არადა, მეორე ტაიმის სტარტზე ალექსანდრ მიტროვიჩის გოლით “კოტეჯერებმა” ერთი ხანობა გაათანაბრეს, მაგრამ მერე ტრიპიერის ჯარიმა და ჰარი კეინის პირველი გოლი ვნახეთ მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემმა” მოიგო.

რიჩარლისონი “ევერტონს” დიდებულად მოერგო. ბრაზილიელმა პირველ ტურში შესრულებულ დუბლს, “გუდისონ პარკზე” დებიუტისას კიდევ ერთი გოლი დაუმატა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ “კანფეტების” ლიდერად გვევლინება. მისმა გუნდმა კი “საუთჰემპტონი” მძიმე ბრძოლაში, მაგრამ დამსახურებულად დაამარცხა. სანამ რიჩარლისონი მორიგ გოლს გაიტანდა, იქამდე ტეო უოლკოტს ჰქონდა ანგარიში გახსნილი. “სოტონმა” მეორე ნახევარში ოდენ ინგსის პრესტიჟის გოლით უპასუხა, თუმცა მარკო სილვას გუნდმა სეზონში პირველი გამარჯვება მიითვალა.

იგივე ითქმის “ლესტერ სიტიზე”, რომელმაც შინ “ვულვერჰემპტონი” პრობლემების გარეშე დაამარცხა. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც “მელიებმა” ორი უპასუხო გოლი შეაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმი ვარდი მეორე ნახევარში გააძევეს, ათკაციანმა “ლესტერმა” სასურველი ანგარიში საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა.

დიდებულია სეზონის სტარტზე “ბორნმუთი”, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს. არადა, ედი ჰაუს გუნდი “ვესტ ჰემთან” პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მობილიზება მოახერხა და მეორე ნახევარში თამაში სათავისოდ კალუმ ვილსონისა და სტივ კუქის გოლებით შემოატრიალა. “ბორნმუთს” 6 ქულა აქვს და ლიდერებშია გარეული. აი, ამბიციური “ჩაქუჩები” კი ცუდ ხასიათზე უნდა იყვნენ – 0 ქულა ორ ტურში მათთვის ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

დღევანდელი სათამაშო დღე კარდიფში გაიხსნა, სადაც ახალწვეულმა “კარდიფ სიტიმ” “ნიუკასლ იუნაიტედი” მიიღო და სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. არადა, “კაჭკაჭები” ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. “ნიუკასლი” მეორე ტაიმში კაცნაკლული დარჩა და სწორედ ამის მერე ათამაშდა უკეთ. ბოლო წუთზე კენედის პენალტი რომ გაეტანა, რაფა ბენიტესის გუნდი შინ სამი ქულით დაბრუნდებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

პრემიერლიგის მეორე ტური კვირას გაგრძელდება სამი მატჩით და ორშაბათს, “კრისტალ პალასისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებით დასრულდება.

“კარდიფი” – “ნიუკასლი” 0:0 (0:0) VIDEO

“ევერტონი” – “საუთჰემპტონი” 2:1 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 უოლკოტი (15), 2:0 რიჩარლისონი (31), 2:1 ინგსი (54)

“ლესტერი” – “ვულვზი” 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 დოჰერტი (29, ა.გ), 2:0 მედისონი (45)

“ტოტენჰემი” – “ფულჰემი” 3:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ლუკას მოურა (43), 1:1 მიტროვიჩი (52), 2:1 ტრიპიერი(74), 3:1 კეინი (77)

“ვესტ ჰემი” – “ბორნმუთი” 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (33, პენ), 1:1 ვილსონი (60), 1:2 კუქი (66)

“ჩელსი” – “არსენალი” 3:2 (2:2)VIDEO

გოლები: 1:0 პედრო (9), 2:0 მორატა (20), 2:1 მხითარიანი (37), 2:2 აივობი (41), 3:2 ალონსო (81)

0.514354