ფეხბურთი

1:14 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

უსამართლო მსაჯობა და ნანატრი პლეი-ოფი!

ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. ქართული გუნდი ბოლოს ასე შორს 2 წლის წინ, 2016-2017 წლების სეზონში გავიდა. მაშინ, თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-თან უშანსოდ დამარცხდა. იქამდე კი, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გორის “დილა” და თბილისის “დინამო” გავიდნენ. ეს 2013-2014 წლების სეზონში, თუმცა წააგო ჯგუფში შესასვლელი მატჩები. შესაბამისად, ვენის “რაპიდთან” და “ტოტენჰემთან”.

ვნახოთ, ახლა “ტორპედო” მაინც თუ მოახერხებს ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ხმაურიანი ფურცლის გადაშლას. ამისთვის მას ბულგარული “ლუდოგორეცის” ბარიერს დაძლევა დასჭირდება, რომელმაც ბოსნიური “ჟრინსკი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (1:0, 1:1).

საქართველოს ჩემპიონს კი პლეი-ოფისთვის გვარიანი ოფლის დაღვრა მოუწია. ერთი კვირის წინ, “კუკეშთან” სამბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, ნათელი იყო, რომ ალბანეთში ადვილი თამაში არ იქნებოდა. არც ყოფილა.

არ ყოფილა პირველ ყოვლისა შვეიცარიელი მსაჯის, ალან ბიერის გაუგონრად მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო. თავიდანვე და პირდაპირ ვიტყვით, რომ “ტორპედომ” ცუდად ითამაშა და შვეიცარიელ შავოსანზე ხელის გაწმენდა მართებული არ იქნება, თუმცა, სათქმელი უნდა ითქვას! ბიერმა თავიდანვე გამოაჩინა “კლანჭები” და მეტად საეჭო პენალტი დანიშნა ქუთათურთა კარში. ხურცილავა რეჯინალდოს შეეხო, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ასეთი თერთმეტმეტრიანები იშვიათად რომ დაინიშნოს. თუმცა, ეს ჟურნალი გამოდგა, კინო თურმე წინ გველოდებოდა...

მალევე, მარეკ ჰლინკამ გაიტანა. გაიტანა, მაგრამ მსაჯები ჩაერთვნენ საქმეში და თამაშგარე დააფიქსირეს. არარსებული თამაშგარე და “ტორპედოს” გოლი მოპარეს! არ გასულა დიდი ხანი და ბიერმა კიდევ ერთი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო: როინ კვასხვაძე დროის გაყვანის მცდელობისთვის გააფრთხილა. კი ბატონო, არაერთხელ გვინახავს, როდესაც მეკარეს ამისთვის აფრთხილებენ, მაგრამ როდის? 35-ე წუთზე?! ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და მეორე ტაიმში, კვასხვაძის ბურთთან ნებისმიერი შეხების დროს მქონდა განცდა, რომ პატივცემული ბიერი სურვილს აიხდენდა და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს დროის გაყვანისთვის მეორედ გააფრთხილებდა, რაც ავტომატურად გაძევება იქნებოდა. თუმცა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი – არ გააკეთა ეს შვეიცარიელმა მსაჯმა. არადა, “კუკეშისთვის” მისწრება იქნებოდა როინის წითელი ბარათი...

“ტორპედომ” მეორე ტაიმში ისევ გაიტანა. ისევ სტანდარტულის შემდეგ. ამჯერად მსაჯებმა თამაშგარე არა, მაგრამ ჯარიმა დააფიქსირეს შეტევაში. ვერ ვიტყვით, რომ ისეთივე 100%-იანი გოლი არ ჩათვალა, როგორც პირველ ნახევარში, მაგრამ დიდ ეჭვს ბადებდა ეს მომენტიც, ძალიან საკამათო იყო. მერე კი, მეორე პენალტი დაინიშნა. რეჯინალდომ ყველაფერი გააკეთა (მეორედ!) რომ დაესტვინა მსაჯს და ვარდნა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე გიგაური მასთან კონტაქტში შევიდოდა. თუმცა, ალან ბიერისთვის, რომელიც იქვე იდგა, ეს უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი იყო.

ორი საეჭვო პენალტი, ორი არჩათვლილი გოლი – ერთი თამაშისთვის მეტისმეტია. მიუხედავად ამისა, “ტორპედო” მაინც გავიდა, “ტორპედო” პლეი-ოფშია და “ტორპედო” აგრძელებს ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას. და ბოლოს, უბრალოდ, გვინდა ამ წერილით ჩვენი სათქმელი ვთქვათ, რომ ეგებ, სამომავლოდ მაინც არ გამეორდეს მსგავსი უსამართლობა... "ტორპედო" კი მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს!

0.115645