ისტორია

9:57 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

28 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954-დაიბადა თამაზ იმნაიშვილი. სახელგანთქმული ქართველი სასტენდო მსროლელი (მრგვალი სტენდი). 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის პლანეტის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. ევროპის თასის მფლობელი პირად ჩათვლაში (1987). 1975 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. 1996 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (125 ქულა 125-დან). 1980, 1988 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე. იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004). თამაზ იმნაიშვილი საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1913- დევისის თასის მეთორმეტე გათამაშების ფინალში აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი უიმბლდონში ჩატარდა.

1928- ამსტერდამში თანამედროვეობის მეცხრე ოლიმპიადა გაიხსნა. მასში მონაწილეობა 46 ქვეყნის 2 884 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (22 ოქრო, 18 ვერცხლი, 16 ბრინჯაო). მეორე ადგილზე გერმანელები აღმოჩნდნენ (10, 7, 14), ხოლო მესამეზე _ ფინელი სპორტსმენები (8, 8, 9).

1936- საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების პირველი ეტაპის გადათამაშებაში თბილისის “დინამომ” ბათუმში თანაკლუბელები 2:0 დაამარცხა. თბილისელთაგან ორივე გოლი მიხეილ ბერძენიშვილმა გაიტანა. პირველი შეხვედრა თბილისში 0:0 დასრულდა.

1962- გერმანიის საფეხბურთო კავშირმა პროფესიული ლიგის, ბუნდესლიგის დაარსების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ბუნდესლიგის ჩემპიონები არიან: მიუნხენის “ბაიერნი” (22-ჯერ), მიონხენგლადბახის “ბორუსია” (5), ბრემენის “ვერდერი” (4), დორტმუნდის “ბორუსია” (5), “ჰამბურგი” და “შტუტგარტი” (სამ-სამჯერ), ორჯერ ჩემპიონები “კიოლნი” და “კაიზერსლაუტერნი” გახდნენ, თითოჯერ კი ტიტული “მიუნხენ 1860”-მა, ბრაუნშვეიგის “აინტრახტმა”, “ნიურნბერგმა” და “ვოლფსბურგმა” მოიპოვეს. ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი მატჩი კარლ-ჰაინც კიორბელმა (602, ფრანკფურტის “აინტრახტი”), მანფრედ კალტცმა (581, “ჰამბურგი”) და ოლივერ კანმა (557, “კარლსრუე” და “ბაიერნი”) ჩაატარეს. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები გერდ მიულერი (365, “ბაიერნი”), კლაუს ფიშერი (268, “შალკე”, “კიოლნი”, “ბოხუმი”, “მიუნხენ 1860”) და იუპ ჰაინკესი (220, მიონხენგლადბახის “ბორუსია”, “ჰანოვერი”) არიან.

1966- მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). მატჩი მესამე ადგილისათვის. პორტუგალია-საბჭოთა კავშირი 2:1. გოლები ეუსებიომ (პენალტით), ტორესმა (პორტუგალია) და სლავა მეტრეველმაგაიტანეს. ლონდონის “უემბლიზე” მატჩს 87 ათასი მაყურებელი დაესწრო. პორტუგალია: პერეირა, ფეშტა, ბატიშტა, კარლუში, ილარიუ, გრასა, კოლუნა, აუგუსტო, ეუსებიო, ტორესი, სიმოეში. სსრკ: იაშინი, პონომარიოვი,მურთაზ ხურცილავა, დანილოვი, ვორონინი, გიორგი სიჭინავა, კორნეევი, სლავა მეტრეველი,სერებრიანიკოვი, ბონიშევსკი, მოლოფეევი.

1984- ლოს ანჯელესში თანამედროვეობის ოცდამესამე ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. მასში მონაწილეობა 140 ქვეყნის 6802 სპორტსმენმა მიიღო. თამაშებში მონაწილეობა არ მიუღიათ სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლებს (რუმინეთისა და იუგოსლავიის გარდა). არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (83 ოქრო, 61 ვერცხლი, 31 ბრინჯაო), მეორეზე გფრ-ის _ ათლეტები (17, 19, 23), მესამეზე კი, რუმინელები აღმოჩნდნენ (20, 16, 17).

1996- საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამოს” 4:0 მოუგო და გაზეთ რეზონანსის მიერ დაწესებული პრიზი მოიპოვა. გოლები ალექსანდრე იაშვილმა, დავით ყიზილაშვილმა (2) და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს. თამაში ბათუმში ჩატარდა.

1997- გადასახადების თავიდან აცილების გამო, გერმანელი ჩოგბურთელის, შტეფი გრაფის მამა, პიტერ გრაფი ციხეში ჩასვეს.

2006- ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი “ტოტენჰემიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

2007- გერმანიის ლიგის თასს მიუნხენის “ბაიერნი” დაეუფლა, რომელმაც ფინალში “შალკე” დაამარცხა (1:0)-პარაგვაელი ფორვარდი როკე სანტა კრუზი მიუნხენის “ბაიერნიდან” ინგლისურ “ბლექბერნში” გადავიდა.

2007- ვარშავაში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, მინდია წულუკიძემ (42 კგ) და თორნიკე ნაჭყებიამ (69 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

2011- ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში რუსთავის “მეტალურგმა” თბილისში საფრანგეთის “რენთან” 2:5 წააგო, თბილისის “დინამომ” კი ისლანდიის “რეიკიავიკთან” გასვლაზე 4:1 მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1925- ხუან სკიაფინო. ურუგვაელი ფორვარდი, რომელმაც მოგვიანებით იტალიის მოქალაქეობა მიიღო. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის მუნდიალზე ჩაატარა 4 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. გამოდიოდა იტალიის ნაკრებშიც. სამჯერ გახდა ურუგვაისა და იტალიის ჩემპიონი. “მილანის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი. შედის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში.

1938- ლუის არაგონესი. ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ფეხბურთელობისას მადრიდის “ატლეტიკოს” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, იასპარეზა ჩემპიონთა თასის ფინალში. მწვრთნელის რანგში ესპანეთს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. დამრიგებლის რანგში პრიმერა დივიზიონში ჩაატარა ყველაზე მეტი, 806 მატჩი. 1977 წელს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მწვრთნელად.

1939- ომარ ეგაძე. კლასიკურ ჭიდაობაში (57 კგ წონითი კატეგორია). 1962 წლის მსოფლიოს ჩემპინატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 1967). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964). ივან პოდუბნის სახელობის ტურნირის ორგზის გამარჯვებული (1963, 1968). სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1943 - ბილ ბრედლი. ამერიკელი კალათბურთელი. ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. გამოდიოდა “ნიუ იორკ ნიკზში.” სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ საქმიანობას მოჰკიდა ხელი და რესპუბლიკური პარტიიდან სენატორი გახდა. იყო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი.

1944- დანიელ მორელონი. ლეგენდარული ფრანგი ველოსიპედისტი. სპრინტში 1968 და 1972 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. დანიელ მორელონი აქტიური სპორტიდან დაუმარცხებელი წავიდა.

1947- ბარბარა ენ ფარელ ედმონდსონი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მ-ზე ესტაფეტით გარბენში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი.

1947- ელენა ბელოვა (ნოვიკოვა). ფარიკაობაში 1968, 1972, 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

1954- თამაზ იმნაიშვილი. სახელგანთქმული ქართველი სასტენდო მსროლელი (მრგვალი სტენდი). 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის პლანეტის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. ევროპის თასის მფლობელი პირად ჩათვლაში (1987). 1975 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. 1996 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (125 ქულა 125-დან). 1980, 1988 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე. იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004). თამაზ იმნაიშვილი საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია.

1961- ალექსანდრ კურლოვიჩი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1977- ემანუელ ჯინობილი (198 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული არგენტინის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების რიგებში. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი “სან ანტონიო სპერზის” შემადგენლობაში (2003, 2005, 2007, 2014). არაერთი პირადი ტიტულის მფლობელი. იგი ამპლუით მსროლელი და ფორვარდია.

1977- ტამერლან ტმენოვი. მძიმეწონოსანი რუსი ძიუდოისტი. ევროპის შვიდგზის ჩემპიონი. ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი, ხოლო სიდნეის 2000 წლის თამაშებზე ბრინჯაოს დაეუფლა. მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ორ-ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

1979- პეტარ პოპოვიჩი. სერბიის კალათბურთელთა ნაკრების, ბელგრადის “ჰემოფარმის” “ესპანური “ხუვენტუდის” და “ესტუდიანტესის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (210 სმ). 2004 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

1979- სიდნეი გოვუ. საფრანგეთის ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდი (175 სმ). საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (გუნდში შეცვალა ტრავმირებული ჯიბრილ სისე).

0.112573