ავტოსპორტი

3:13 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ კუბიცას ავარიამდე „ფერარისთან“ კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა

რობერტ კუბიცამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რალის რიგით რბოლაში ავარიამდე, რომელსაც ბეწვზე გადაურჩა, „ფერარისთან“ 2012 წლის სეზონისთვის კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

პოლონელ ვარსკვლავს საბედისწერო ავარია, ფორმულა 1-ის 2011 წლის სეზონის დაწყებამდე იტალიაში, ადგილობრივი მნიშვნელობის რალის რბოლა რონდე დი ანდორას დროს შეემთხვა. ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას, მისი მანქანა ოდნავ შეეხო დამცავ რელსს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რელსი ამძვრალიყო და მან მანქანაში „გაიარა“. უცხო სხეულმა კუბიცას მარჯვენა ხელ-ფეხი დაუზიანა.

კუბიცას ჯერ ხელის გადასარჩენად, შემდეგ კი მისი ფუნქციბის აღსადგენად, არაერთი ოპერაცია დასჭირდა. მას შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე სეზონი გაატარა, მაგრამ ფ1-ში რბოლებში არ დაბრუნებულა. მხოლოდ ტესტებში ღებულობდა მონაწილეობას.

ამ სეზონის დაწყებამდე, კუბიცა „უილიამსმა“ თავის სარეზერვო პილოტად გაამწესა. იმ ავარიამდე, პოლონელმა „რენოსთან“ მიაღწია შეთანხმებას, რომ 2012 წლის სეზონიდან „ფერარიში“ გადასულიყო. მაშინ ამას ორივე გუნდი უარყოფდა, თუმცა პილოტმა ეს ინფორმაცია ახლახანს დაადასტურა. აღნიშნულ შეთანხმებას მან ანდორას რალიმდე ცოტა ხნით ადრე მიაღწია და ფიქრობდა, რომ მასზე გამოსვლისგან თავი შეეკავებინა. მაგრამ ორგანიზატორებს არ უღალატა. ის ამბობს, რომ გუნდი (ფერარი), რომელშიც შემდეგ სეზონში გადადიოდა, რალის რბოლებში გამოსვლის უფლებას არ მისცემდა.

კუბიცა ამბობს, რომ შეთანხმებას „ფერარის“ მაშინდელ შეფ ლუკა დი მონტეძემოლოსთან მიაღწია. ამასთან, იტალიურ გუნდთან გაფორმებული კონტრაქტით, მას იმაზე ნაკლები ანაზღაურება ექნებოდა, ვიდრე „რენოში“ ჰქონდა.

„ჩემი პირველი მიზანი, ფ1-ში მოსვლა იყო. შემდეგი მიზანი ფ1-ში დამკვიდრებას ითვალისწინებდა, რათა კარგი რეპუტაცია მომეპოვებინა, რაც ფ1-ში მოხვედრაზე რთულია. მესამეც, უნდა მომეგო ჩემპიონატი ან „ფერარის“ პილოტი გავმხდარიყავი. ჩემპიონატი მოგებული არ მქონდა. საბოლოოდ, ვერც „ფერარის“ წევრი გავხდი. მაგრამ მიზანთან ძალიან ახლოს მივედი“, - ყვება პოლონელი, ვისაც ფორმულა 1-ში ერტადერთი რბოლა (კანადა, 2008 წელს) აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131795