ფეხბურთი

13:35 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

შავ-თეთრი რონალდუ

„იუვენტუსი“ შეიცვლება. „იუვენტუსი“ უკვე შეიცვალა. „იუვენტუსი“ სანდო, ეკონომ-კლასის „ფიატიდან“ ახალ მონსტრზე გადაჯდება. იტალიამ მიიღო მომავალი.

კრიშტიანო რონალდუ.

„რეალიდან“ მოდის არა მხოლოდ ფეხბურთელი. „რეალიდან“ ყველაზე იტალიურმა და სტაბილურმა იტალიურმა კლუბმა მიიღო მომავალი. ალბათ, მხოლოდ ოთხწლიანი, მაგრამ „იუვენტუსმა“ გარისკა და ჯეკპოტი უნდა მოხსნას. იტალიური საკლუბო ფეხბურთი დაჟანგდა. და ახალი ჩექმა ახალ თარგზე შეიკერება. რონალდუს შეკვეთით.

რონალდუ დიდია. მესიზე დიდი? ნიჭით - არა. ლტოლვით და გამტანობით - ბევრად წინ არის. რონალდუს სიდიადე „რეალმა“ 5 სეზონში 4 მოგებული ჩემპიონთა ლიგით გამოიყენა. მეტი უნდა მოეგო. პორტუგალიელის ქარიზმა ფარავდა „რეალის“ ქარიზმას. რონალდუსთან ერთად, ოღონდ, თავისებურად ანგრევდა მოწინაღმდეგეებს სერხიო რამოსიც, მაგრამ კაპიტანი უფრო მაგალითით გამტანი იყო. კრიშტიანო - ფეხბურთით.

„რეალთან“ ერთად პორტუგალიელმა ცხრა სეზონში ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ძალიან ცოტაა. „რეალისთვის“ ცოტაა. რონალდუ ხედავდა, როგორ აჯადოვებდა სამყაროს პატარა არგენტინელი და იბოღმებოდა. რონალდუ იჯდა დარბაზში და მესი იღებდა „ოქროს ბურთს“. რონალდუ კლავდა ტკივილს. და მოედანზე - მეორე გუნდს.

„რეალში“ არ უნდა აგებდე. „რეალში“ მთავარი მწვრთნელი ერთი ჩვეულებრივი კომენტარის გამო შეიძლება გაუშვან. ერთი კომპლიმენტი „ატლეტიკოს“, „ვალენსიას“ და შენ უკვე ისტორია ხარ, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი კლუბი ამოშლის მეხსიერებიდან.

„რეალში“ რონალდუ იყო ღმერთი.

451 გოლი 438 თამაშში. არაამქვეყნიური სტატისტიკა და პორტუგალიელს მეტი უნდა. მეტი უნდოდა. და კრიშტიანომ საკუთარ თავს ახალი გამოწვევა დაუსახა. საუკეთესო ყველგან საუკეთესო უნდა იყოს. იტალიაში არ იქნება მესი. იტალიაში არ იქნება „ბარსელონა“. და იტალიაში იქნება ჩემპიონთა ლიგას მოწყურებული გიგანტი, რომელმაც ეს ტურნირი ბოლოს ფაბრიციო რავანელისთან ერთად მოიგო. 1996-ში, „აიაქსთან“ პენალტებში.

რონალდუზე მეტჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მისმა ახალმა პოტენციურმა თანაგუნდელმა, გონსალო იგუაინმა მოიგო. არგენტინელმა „რეალში“ 7 არასრული სეზონი გაატარა და კარე სამჯერ გაშალა. შეიძლება, იგუაინი, ალექს სანდრო და დანიელე რუგანი პორტუგალიელის სანაცვლოდ გასასტუმრებელ თანხაში ჩადონ და „იუვენტუსი“ კარგ ბიჭებს დაკარგავს, მაგრამ კლუბმა მიიღო მონსტრი. ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსი. რომელიც ასაკს უსწრებს.

პირველად, 2007 წლის შემდეგ, როდესაც „მილანს“ ჰყავდა გენიალური კაკა, „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი სერია A-ში დაიწყებს სეზონს. იტალიამ „იუვენტუსთან“ ერთად მოიგო.

რას მოიგებს „იუვენტუსი“ კრიშტიანოსთან ერთად?

იტალიის ჩემპიონატში ყველაფერი სეზონის დაწყებამდე არის ცნობილი. იქ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება. და ყველაზე პრესტიჟულ, მთქმელ ტურნირზე „იუვემ“ ბოლო ოთხ სეზონში ორი ფინალი ითამაშა და წააგო.

კრიშტიანოს უყვარს „იუვე“. პორტუგალიელმა თავის ახალ კლუბს 10 გოლი აარტყა. „იუვენტუსმა“ თავისი ფრედი კრიუგერი იყიდა. და რონალდუ უკვე სხვის სიზმრებში, სხვის სიმშვიდეში შეიტანს ქაოსს.

რონალდუსთვის მიუღებელია სიტყვები „კარგად ვითამაშე და წავაგე“, „დღეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოწინააღმდეგე მაინც უკეთესი იყო“, „შემდეგში გაგვიმართლებს“. რონალდუსთვის არ არსებობს პერსპექტივა. ის სხვის პერსპექტივას, სხვის იმედს კლავს და ერთი კონკრეტული თამაშით ცხოვრობს და ის თამაში მოსაგებია.

„იუვენტუსი“ ახალ სეზონს ახალი მანქანით იწყებს. და ხომ არ იჩქარა ბუფონმა, რომელიც უფრო ღირსეულად პარიზში კი არა, ფეხბურთიდან უნდა წასულიყო? ვნახოთ, დაველოდოთ სეზონის დაწყებას და დასრულებას.

რონალდუ გახდა შავ-თეთრი და რონალდუსთან ერთად „იუენტუსი“ ბოლო წლებში ყველაზე ფერადი „იუვენტუსი“ იქნება.

უკვე მოაქვს.

ზურა თალაკვაძე

0.118227