ფეხბურთი

10:50 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "რთული მდგომარეობაა, მაგრამ ვეცდებით თავი არ შევირცხვინოთ"

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” დრეს ევროპა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. იმერული გუნდი თბილისში ყაზახურ “ტობოლს” დაუხვდება. ამასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

ცეცაძის განცხადებით, გუნდში ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა მოკლე პერიოდში და შესაბამისად, ხმამაღალი ტონით საუბარს არ აპირებენ:

“ძალიან ხმამაღლა ლაპარაკს არ ვაპირებთ, რადგან ძალიან ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა და ვეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ. ფეხბურთი ყოველთვის მეტოქეზეა დამოკიდებული, არც გერმანია აპირებდა სამხრეთ კორეასთან წაგებას, მაგრამ წააგო. ვნახოთ, რა იქნება, შეიძლება მოვიგოთ, ფრე ვითამაშოთ ან წავაგოთ კიდეც.

მეტოქე შესწავლილი გვყავს და ანალიზი გავაკეთეთ, ალბათ ყველაზე კარგად ამ მხრივ გვაქვს საქმე, რადგან მთელმა სტაფმა კარგად შევისწავლეთ მეტოქე. მთავარია, რამდენად დავიყვანეთ ეს ფეხბურთელებამდე, რადგან მხოლოდ ანალიზით არაფერი გამოვა და თამაშს ვერ მოიგებ, თუ მოედანზე არ გადაიტანე. რა თქმა უნდა, რთული სიტუაცია რომ არის, ლაპარაკიც არ უნდა, ვინაიდან ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ფეხბურთელებისთვისაც რთულია და ამიტომ ვამბობ, რომ ვეცდებით თავი არ შევირცხვინოთ.

შემტევი ფეხბურთი მეც ძალიან მსიამოვნებს და დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი არ ვარ, მაგრამ უფრო დაბალანსებულად უნდა ვითამაშოთ. თანამედროვე ფეხბურთის ელემენტები გვინდა, რომ გვქონდეს. საერთოდ, გუნდში ამის გაკეთება უფრო ადვილია, მაგრამ აქაც მოკლე დრო გვქონდა.

ახალ ფეხბურთელებს ბევრს არა, მაგრამ 1-2 შეიძლება კიდევ დავიმატოთ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ევროპა ლიგისთვის ვეღარ მოესწრება. ეროვნულ ლიგამდე კიდეც დიდი დროა დარჩენილი და გაძლიერება იგეგმება”, - განაცხადა ცეცაძემ.

“სამტრედიისა” და “ტობოლის” შეხვედრა დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.

0.11944